"ქვეყნად ცხოვრება და გადარჩენა რომ სხვადასხვაა, ეს უკვე ვიცი", - გამახსენდა თამაზ ჭილაძის ლექსის ეს სტრიქონები ძველი წლის მიწურულს... ცხოვრება და გადარჩენა, - ეს ორი რამ დღეს ისევ ყველაზე აქტუალური სასაუბრო თემაა, იქნებ როგორც არასდროს, ისე აქტუალურიც კი...
ძველი და ახალი წლის მიჯნაზე ამიტომაც ვკითხეთ დიდებულ მწერალს, ბატონ თამაზ ჭილაძეს: თქვენი შეფასებით, ისევ დიდი ილიას სიტყვები - "რა გითხრათ, რით გაგახაროთ", ხომ არ გვაქვს გასამეორებელი 2012 წლის მიწურულს-მეთქი. პასუხი მივიღე, რომელსაც ვთავაზობთ მკითხველს ბატონი თამაზის მიერ შერჩეული სათაურითვე:
ყველგან, მსოფლიოს ყველა კუთხეში, ერთნაირად უხარიათ ახალი წლის მოსვლა. ამავე დროს, ეს სიხარული თითქოს საკვირველიც კია - რატომ შეიძლება უხაროდეს ადამიანს ის, რაც სინამდვილეში თითქმის არაფერს ცვლის, თავადაც არ იცვლება, ისევ ჩვეულებრივი ყოფის, ჩვეულებრივი ამბის თუ ჩვეულებრივი ცხოვრების გაგრძელებაა. მაინც გვიხარია, რამდენადაც ყველაფერი ცუდის, უსიამოვნოს დავიწყების იმედი ახლავს, რისი ასრულებაც, სამწუხაროდ, შეუძლებელია, თუმცა ილუზია კი აშკარად იქმნება, რომ ყველაფერი წარსულს ბარდება, ქრება დროსთან ერთად. არადა, ადამიანმა ისიც იცის, დროს არაფერი მიაქვს, თავადაც არსად მიდის, ჩვენში რჩება მოგონებად, ფიქრად, ტკივილად გარდაქმნილი.
გაურკვეველი სიხარულით შეპყრობილი უკეთესი, ასევე გაურკვეველი მომავლის მომლოდინე ადამიანი იგონებს, იხსენებს თითქმის მთელ განვლილ ცხოვრებას, ამასთანავე, ყველაფერი მისთვის ხვალინდელ დღესთან, მომავალთან არის დაკავშირებული. ჩვენმა ხალხმა ხომ დღევანდელ დღემდე მოსაღწევად უდაბნო კი არა, ჯოჯოხეთი გამოიარა! უდაბნო და, მით უმეტეს, ჯოჯოხეთი კი უცებ არ თავდება, ჩვენი ხალხისთვის აღთქმულ ქვეყნამდე ჯერ კიდევ საკმაოდ შორია, თუმცა, წლევანდელ წელს, ანუ 2012-ში საგრძნობლად მივუახლოვდით მას, რამაც ჩვენს საახალწლო სიხარულს ერთგვარი გამართლებაც კი მიანიჭა. ვიგრძენით, აღთქმული ქვეყნისკენ ნაბიჯი გადადგმულია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გზა გამოჩნდა!..
ქართველ ხალხს დიდი ხნის განმავლობაში მოუწია მონობაში ცხოვრებამ, მაგრამ მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არასოდეს დაუკარგავს სულიერი თავისუფლება, უფრო ზუსტად, თავისი არალეგალური თავისუფლება. 1-ლი ოქტომბერი ტრადიციულად თავისუფალი ხალხის მიერ საკუთარი ნების გამოვლენა იყო. სწორედ თავისუფალ ხალხს შეუძლია ასე ღირსეულად შეინარჩუნოს სიმშვიდე მაშინ, როცა მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება. ამიტომაც არ ჰგავდა 2012 წლის მოვლენები ჩვეულებრივ ჯანყს. თავისუფალმა ხალხმა გაიმარჯვა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერი პოლიტიკური ორიენტაციის გამოვლენასთან შედარებით. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკურ ასპარეზზე მიღწეული წარმატება. ასეთ ხალხს შეუძლია უკვე ხვალიდანვე საერთო-საკაცობრიო კულტურული ცხოვრების თანამონაწილე გახდეს. ჩვენი ხალხის ცხოველმყოფელ წიაღში თითქმის ხელუხლებლად შენახულა ყველაფერი ის საუკეთესო, რაც საუკუნეების მანძილზე გვინარჩუნებდა ეროვნულ თავისთავადობას. და აი, 2012 წელს მოხდა ის, რამაც გაგვიჩინა იმედი ხვალინდელი დღისა, მომავლისა, მეტიც, უკვდავებისა, რისი განცდის გარეშეც ხალხი არ არსებობს. ჩვენმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ის არა მარტო ღირსეული, არამედ უმნიშვნელოვანესი ერია, რომელმაც შეძლო თავისი წარსული, მართალია, დაგლეჯილ-დაფლეთილი, მაგრამ ცოცხალი მოეტანა დღემდე, საშინელ ვითარებაში შეენარჩუნებინა ღირსება საუკუნეების მანძილზე. ვისაც ეს ძალუძს, უფლებაც აქვს, თავისი საკადრისი, საპატიო ადგილი დაიჭიროს კულტურული ერების გვერდით.
დღეს თითქოს მთელ განვლილ ცხოვრებას ვიხსენებთ. რასაკვირველია, ბევრი კარგი, სასიამოვნო რამ გვახსენდება, მაგრამ, სამწუხაროდ, გულსატკენიც მრავლად გვქონია. სულ ახლახან ვყოფილვართ ისეთი ამბების მოწმენი, თუ მორჩილად მომთმენნი, რომლებიც თითქოს წარმოუდგენელია და უცნაურადაც კი აღიქმება საერთოდ ცივილიზებული სამყაროს ფონზე.
განა მართლაც უცნაური არ არის ის ამბავი, რომ ჩვენი პარლამენტი დედაქალაქში არ მოღვაწეობს?! არსად, არც ერთ ქვეყანაში, მსგავსი რამ არ ხდება და არც შეიძლება ხდებოდეს.
საერთოდ, ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ერთს დავამატებ მხოლოდ: საკვირველია, როგორ ვითმენდით განათლების ისეთ სისტემას, რომელიც ქართველი ადამიანის აღზრდას კი არა, სინგაპურელი რობოტის შექმნას ემსახურებოდა...
ყველაზე მძიმე ვითარებაში ჩვენი ხალხი, გადარჩენის ინსტინქტით კი არა, ფხიზელი, გონებისმიერი ქმედებით, ჩვენს უძველეს, უნიკალურ კულტურას თავდაცვის იარაღად გარდაქმნიდა ხოლმე, რომელსაც არაერთხელ გადაურჩენია იგი. პირდაპირ რომ ვთქვა, დღევანდელ დღემდე ჩვენი ხალხი უძველესი და უნიკალური კულტურის წყალობით მოვიდა.