ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდების საჭიროება არ არსებობს, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყების წინ გვარამიას ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდება პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, თუმცა დაცვის მხარეს აქვს სერიოზული არგუმენტები, რომ სასამართლომ ეს ზომა არ გამოიყენოს.
"ნიკა გვარამია ცხადდებოდა დაკითხვაზე, შემდეგაც გამოცხადდება, როცა დაიბარებენ და ხელს არ შეუშლის გამოძიებას. მაგრამ თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიმე სახის აღმკვეთი ღონისძიება უნდა გამოიყენოს, ჩვენ შევთავაზებთ როგორც გირაოს, ისე პირად თავდებობას", - აღნიშნა ჭაბაშვილმა.
ამასთან, ჭაბაშვილს არ დაუკონკრეტებია თუ ვინ ჩაუდგება თავდებში გვარამიას. ადვოკატის თქმით, ამას მოგვიანებით გადაწყვეტენ.
თბილისის საქალაქო სასამართლო ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროცესს განსასჯელებიც ესწრებიან.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ამ დანაშაულის შენიღბვის მიზნით ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დააკავეს პირები, რომელთა შორისაც არიან ყოფილი მაღალჩინოსნები - ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, განათლებისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია.