მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, რუსეთმა აზეირბაიჯანში გაბალის რადიოლოკატორის ექსპლუატაცია შეაჩერა. ამის შესახებ განცხადება აზეირბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, მოსკოვი და ბაქო რადიოლოკატორის იჯარის თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.
ამ საკითხის გამო დისკუსია რუსეთსა და აზეირბაიჯანს შორის უკვე წლებია მიდის. მისი მშენებლობა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო. 1985 წელს ის ექსპლუატაციაში შევიდა. "დარიალის" ტიპის რადიოლოკატორი საბჭოურ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. მას სამიზნის დანახვა მაქსიმალურ 8000 კმ-ზე შეუძლია, რაც ინდოეთის ოკეანის აკვატორიიდან ნასროლი რაკეტის დასაფიქსირებლად სავსებით საკმარისი იყო. ამასთან, მისი ხედვის არეში ნახევარი აფრიკა, თურქეთი, ირანი, ერაყი, პაკისტანი, ინდოეთი, ნახევარი ჩინეთი და ავსტრალიის ჩათვლით სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ყველა სახელმწიფო ხვდება.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაბალის რადიოლოკატორი დამოუკიდებელი აზეირბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და რუსეთი მას იჯარის პირობებით იყენებდა. უკანასკნელი 10 წლიანი ხელშეკრულება მხარეებს შორის 2002 წელს გაფორმდა. მისი ვადა მიმდინარე წლის 24 დეკემბერს იწურება. მისი პირობების თანახმად ყოველწლიურად რუსეთს იჯარა 14 მილიონი დოლარი უჯდება. არსებული ცნობებით, ბაქო იჯარის საფასურის გაზრდას მოითხოვდა, რასაც რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
აზეირბაიჯანული მხარის მტკიცებით, რადიოლოკატორის მუშაობა მათი ქვეყნის ეკოლოგიას დიდი ზიანს აყენებს. მუშაობისას ყოველ საათში, რადიოლოკატორის გაგრილების სისტემა 300-400 კუბურ მეტრ წყალს საჭიროებს, რომელსაც ყოველგვარი გაწმენდის შემდეგ პირდაპირ ადგილობრივ მდინარეში უშვებენ.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ს მიხედვით.