კინოთეატრ "ამირანში" თბილისის მე-13 კინოფესტივალი გაიხსნა. წლევანდელ ფესტივალზე სხვადასხვა კინოსექციებში 130-ზე მეტი ფილმი იქნება ნაჩვენები.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კინოფესტივალის დირექტორმა ნინო ანჯაფარიძემ განაცხადა, ფესტივალის ფარგლებში საქართველოში ოსკაროსანი და ევროპის კინოფესტივალების ჯილდოების მქონე კინემატოგრაფები ჩამოვლენ, რომლებიც დაინტერესებული პირებისთვის მასტერკლასებს და თავიანთ კინონაწარმს წარმოადგენენ.
ფესტივალის წლევანდელი ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ირანელი კინორეჟისორი მოჰსენ მახმალბაფია.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მახმალბაფმა განაცხადა, თბილისში ჩამოსვლამდე მას საქართველოს შესახებ დიდი ინფორმაცია ჰქონდა. "ჩემი შვილი ორი წლის წინ საქართველოში გადაიღეს და ინფორმაცია მისგან მივიღე. გარდა ამისა, მე უკვე ვიცი, რომ საქართველო დიდი კულტურული მემკვიდრეობის მატარებელი ქვეყანაა. ქართველებს უყვართ კინო და მე ამით ბედნიერი ვარ", - აღნიშნა ჟიურის თავმჯდომარემ.
ტრადიციულად წელსაც საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში ოქროსა და ვერცხლის "პრომეთეს" ორი საუკეთესო ფილმი მიიღებს. ფესტივალი 9 დეკემბერს დაიხურება.