ბრიტანეთის ყველაზე მრავალშვილიან ოჯახში მე-18 წევრი გაჩნდა. ბედნიერმა დედამ უკვე გადაწყვიტა, რომ ამაზე არ შეჩერდება. 37 წლის სიუ რედფორდმა მე-16 შვილი ყველანაირი გართულების გარეშე მოავლინა ქვეყანას. ბავშვს კასპერი დაარქვეს.
სიუ ბრიტანეთის ყველაზე მრავალშვილიან დედად ოფიციალურად არის აღიარებული და რეკორდის გაუმჯობესებას აპირებს, მას "მოსწონს ბავშვების გაჩენა, ხოლო მის ქმარს, ნოელს ყოველ ჯერზე უხარია მამობა". მეუღლეები აცხადებენ, რომ დიდი სიამოვნებით აჩუქებდნენ სიცოცხლეს კიდევ უამრავ ბავშვს.
რედფორდები ქალაქთან ახლოს, მოზრდილ ფერმაში ცხოვრობენ. ოჯახური მოგზაურობისთვის მინი ავტობუსს იყენებენ. სიუს არცერთხელ არ მიუმართავს სახელმწიფოსთვის ფინანსური დახმარების მისაღებად. ამ მრავალსულიან ოჯახს ნოელის 250 ფუნტიანი ხელფასი საკვებზე მხოლოდ ერთი კვირა ჰყოფნის, თუმცა ოჯახს საკუთარი ფერმა აქვს. ყოველდღიურად ისინი 9 ლიტრ რძეს, 2 ყუთ ბურბუშელას და 3 პურს მიირთმევენ.
18 წლიანი ქორწინების განმავლობაში მეუღლეებს შეეძინათ კრისი (20 წლის), სოფი (19), ხლოუ (17), ჯეკი (15), დანიელა (13), ლუკა (11), მილი, (10), კეიტი (9), ჯეიმსი (8), ელლი (7), ეიმი (6), ჯოში (4), მაქსი (3), ტილი მეი (2), ოსკარი (1) და ახლა უკვე კასპერი.
რედფორდების სახლში სულ 9 საძინებელია. წყვილი ახლა უკვე საკუთარ შვილიშვილებსაც ზრდის. მათმა უფროსმა ქალიშვილმა სოფიმ ცოტა ხნის წინ გააჩინა გოგონა, რომელსაც დეიზი დაარქვეს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ რედფორდების ოჯახი უკვე შერაცხა გმირებად. "ზოგჯერ გვკიცხავენ კიდეც. ჰგონიათ, რომ ყველა ბავშვი ვერ იღებს სათანადო ყურადღებას, მაგრამ ადამიანებს უბრალოდ არ ესმით, რამდენად თავდადებული მშობლები ვართ", - განაცხადა სიუმ.
მსოფლიო რეკორდამდე რედფორდებს ბევრი უკლიათ. ის ინდოელმა მამაკაცმა დაამყარა, რომელსაც 39 ცოლმა 94 შვილი გაუჩინა.
მომზადებულია newsbang.net-ს მიხედვით.