"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დასრულების შემდეგ მთავარი პროკურატურა საჩივრების მიღებას ვერ აუდის. ყოფილი ჩინოვნიკები კი სისხლისსამართლებრივი დევნის პოლიტიკურ მოტივებზე ლაპარაკობენ. მაგალითად, როლანდ ახალაია პოლიტიკურ რეპრესიებზე ვრცელი ინტერვიუების მიცემით არის დაკავებული. ბატონ როლანდს, ალბათ, დაავიწყდა, რომ მის საწინააღმდეგო ჩვენებებს ჯერ კიდევ მაშინ იძლეოდნენ, როცა არც ბიძინა ივანიშვილი ჩანდა პოლიტიკურ ჰორიზონტზე და არც არჩილ კბილაშვილი იყო მთავარი პროკურორი.
დავით როგავა, ბიზნესმენი: "ხუთი წელია საქართველოდან წასული ვარ. თბილისში ორი კვირის წინ დავბრუნდი და მთავარ პროკურატურაში უკვე შევიტანე საჩივარი როლანდ ახალაიას, პროკურორ რომეო საჯაიასა და მოსამართლე დავით კეკენაძის წინააღმდეგ. ახალაიებმა ზუგდიდის უნივერმაღის წართმევა მოინდომეს. პირდაპირ მეუბნებოდნენ, ან მოგვეცი, ან დაგიჭერთო და შეასრულეს პირობა. ახლა გახდა როლანდ ახალაია პოლიტიკური მსხვერპლი?".
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ დავით როგავამ და მისმა მეუღლემ, ხათუნა კაკაჩიამ, მოსკოვში შეიტყვეს, რომ ზუგდიდში სამსართულიანი უნივერმაღი იყიდებოდა.
ხათუნა კაკაჩია: - დოკუმენტაცია წესრიგში აღმოჩნდა და შენობის ყიდვა გადავწყვიტეთ. კრედიტი "პროკრედიტბანკიდან" გამოვიტანე. რადგან მოსკოვში ვიყავი, ფირმის იურისტს, თამაზ ქანთარიას მინდობილობა გამოვუგზავნე. ერთი სიტყვით, უნივერმაღი 300.000 დოლარად ვიყიდე. მალე ბიძა გარდამეცვალა და ზუგდიდში ჩავედი. პროკურატურიდან შემომითვალეს, ეს ობიექტი რომ იყიდეთ, რატომ არაფერი გვკითხეთ. გირჩევთ, გაუგებრობა დროზე გავარკვიოთ, თორემ პრობლემები შეგექმნებათო. კიდევ ერთხელ გადავამოწმებინეთ ყველა დოკუმენტი. ვიფიქრე, კანონდარღვევა არა გვაქვს და რა პრობლემები გვექნება-მეთქი. ასეც შევუთვალე პროკურატურას. შემომითვალეს, თუ არა გაქვთ პრობლემები, მაშინ ამიერიდან გექნებათო.
- ვის მოჰქონდა შემონათვალი თქვენთან?
- სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის პროკურორს რომეო საჯაიას. მანვე შემოგვითვალა, კარგად ვიცი, რომ კეთილსინდისიერი მყიდველი ხართ, მაგრამ ეს ობიექტი ჩემს უფროსს აინტერესებს, ამ საქმეში არაფერ შუაში ვარ, მხოლოდ დაკვეთას ვასრულებ. თუ როლანდ ახალაია მეტყვის, მაშინვე დაგანებებთ თავსო. ისიც შემოგვთავაზეს, ოღონდ ეს ობიექტი სახელმწიფოს დაუბრუნეთ, თანხის უკან ამოღებაში ჩვენ თვითონ დაგეხმარებითო. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი დირექტორი თამაზ ქანთარია ზუგდიდის პროკურატურაში დაიბარეს და აუწყეს, უნივერმაღი თავის დროზე არასწორად იყო პრივატიზებული და გირჩევთ სახელმწიფოს დაუბრუნოთო.
მალე ზუგდიდის უნივერმაღის ყოფილი მსხვილი აქციონერი, სააქციო საზოგადოების თავმჯდომარე გულნარა ჯინჯოლავა დაიბარეს პროკურატურაში. სიტუაცია რომ გართულდა, ჯინჯოლავას ვთხოვე, შარის თავი არა მაქვს, დამიბრუნეთ ფული-მეთქი, მაგრამ თანხა უკვე გაეხარჯათ, ობიექტს უამრავი ვალი, გადასახადი ჰქონია გადასახდელი, თანაც 150 აქციონერიც ჰყოლია. თანხა მათაც გაუნაწილეს. მალე გულნარა ჯინჯოლავა თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. დავრწმუნდით, რომ ზუგდიდის პროკურატურა აღარ ხუმრობდა. მალე შემოგვითვალეს, დააბრუნეთ შენობა, თორემ გარიგებაში მონაწილე იურისტებსაც დავიჭერთო. ეს კიდევ ერთი სიურპრიზი იყო. გამიკვირდა, ვთქვათ, ჯინჯოლავას რამე არასწორად ჰქონდა, ჩემი იურისტები რაღა შუაში არიან-მეთქი. ისევ შემომითვალეს, თუ არ დააბრუნებ შენობას, იურისტებთან ერთად შენც დაგიჭერთ, როგორც არაკეთილსინდისიერ მყიდველსო. თურმე ნუ იტყვით, წინასწარ ვყოფილვართ შეთანხმებული ჩვენ და ჯინჯოლავა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის დადგენილებაშიც მითითებულია, თითქოს ჩემი იურისტები სხვადასხვა უწყებამ გააფრთხილა, რომ შენობა თაღლითური გზით იყო ხელში ჩაგდებული, მაგრამ მაინც შეიძინეს. რაც მტკნარი სიცრუეა. ნორმალური არ უნდა იყო კაცი, 300.000 დოლარი ისეთ შენობაში გადაიხადო, რომელზედაც წინასწარ იცი, რომ პრობლემურია. მეტსაც გეტყვით, დადგენილებაში მითითებული აქვთ, თითქოს მოწმეები ჰყავთ, რომლებიც ჩემს იურისტებს ამხელენ. არადა, არ არსებობს არც ერთი მოწმე.