გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილ გავლენიან ფიგურას, ბაჩო ახალაიას, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. რატომ წავიდა ის ვა-ბანკზე და რა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეუძლია გამოძიებისთვის, ამ თემაზე "კვირის პალიტრას" ექსპერტი კავკასიურ საკითხებში მამუკა არეშიძე ესაუბრა:
- ბაჩო ახალაიას დაბრუნების თაობაზე რამდენიმე ვერსია გავრცელდა. კერძოდ, მას ემუქრებოდა ისლამური იატაკქვეშეთი, კრიმინალური სამყარო, ბიზნესმენთა ერთი წრე, რომელიც გაამწარა და ქვეყნიდან გააქცია. არის ასეთი ვერსიაც: თითქოს ბაჩო ახალაიამ, რომელიც თავის დროზე იარაღით ვაჭრობაში მონაწილეობდა, გადააგდო უცხოელი პარტნიორები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მოსაკლავად დასდევდნენ.
ეს ყველაფერი მხოლოდ ვერსიაა, ფაქტია, რომ მან საზღვარი გადმოკვეთა და ახალ მთავრობას უთხრა, აქა ვარ და რაც გინდათ, ის მკითხეთო. ჩემი აზრით, ახალაია ამ გზით ვაჭრობს როგორც ახალ, ასევე ძველ ხელისუფლებასთან. უნდა ვაღიაროთ, "ნაციონალური მოძრაობა" მაღალორგანიზებული გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ნაცელიტასა და პარტიის რიგით წევრებს შორის გაუცხოება იგრძნობა. ამ დროს საქართველოში ჩამოდის ბაჩო ახალაია, ხვდება გუბერნატორებსა და გამგებლებს, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს. ყოფილი მმართველი პარტიის კულუარებში ხშირად ამბობდნენ, ახალაიებს წინასაარჩევნოდ ხელ-ფეხი გახსნილი რომ ჰქონოდათ, 1-ლი ოქტომბერი არ იქნებოდა ისეთი, როგორიც იყოო. იმასაც ამბობენ, სააკაშვილმა თქვა, ჩემი შეცდომა ის იყო, რომ მეტად მნიშვნელოვან დროს ვანო მერაბიშვილს დავეყრდენი და არა ახალაიასო.
ახლა რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეძლო ახალაიებისთვის რეალურად ხელ-ფეხის შეკვრა - ეს ფიგურა ვანო მერაბიშვილი იყო. მასა და ახალაიას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეს უკანასკნელი შს მინისტრის სავარძელში აღმოჩნდა და მერაბიშვილის ბიზნესპარტნიორებს შევიწროება დაუწყო.
ერთ-ერთი ასეთი ცეზარ ჩოჩელი იყო. ეს კონფლიქტი იმდენად გაღრმავდა, რომ საქმე ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდეც მივიდა, შედეგად ნაცემი ჩოჩელი ერთი კვირა სახლში მკურნალობდა. პრეზიდენტმა თურმე იმხანად ვანო მერაბიშვილის მხარე დაიჭირა. ვანოსა და ბაჩოს დაპირისპირება ლაფანყურის სპეცოპერაციამდეც გაგრძელდა. თავდაპირველად ჩეჩნურ-ქისტურ-ქართული რაზმების მუშაობა, მათთან კონტრაქტების დადება და ხელფასების გადახდა ბაჩო ახალაიას ორგანიზებული იყო. თუმცა, მერე საქმეს ჩამოაშორეს, რაზმის წევრებს დაპირებული თანხა არ გადაუხადეს, ე. ი. მერაბიშვილმა ახალაია ჩაანაცვლა. ასე რომ, ოპერაცია, რომელსაც გამოუსწორებელი ტრაგედია მოჰყვა, თავად მერაბიშვილმა ჩაატარა. ლაფანყურის ოპერაციის დროს ორ რაზმს შეუტიეს. აქედან ერთ-ერთი მძინარე განადგურდა. უცნობია, სად წავიდა ის 4 კაცი, რომლებმაც, თითქოს მთას შეაფარეს თავი (მათ რატომღაც დღემდე ვერ პოულობენ).