თბილისის სააპელაციო სასამართლოში "დარიალი ჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" სარჩელის განხილვა ერთი კვირით გადაიდო. მოსამართლემ საქმის განხილვა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე დროის უქონლობის მოტივით შეაჩერა.
"მწვანე ალტერნატივა" თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლას ითხოვს. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია საქალაქო სასამართლოს გარემოს დაცვის მინისტრის მიერ კანონის უხეში დარღვევით გამოცემული ბრძანების გაუქმებას სთხოვდა, რომლითაც "დარიალი ჰესის" მშენებლობაზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცა. პირველი ინსტანციის სასამართლომ "მწვანე ალტერნატივას" გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა, რაც ორგანიზაციამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი