26 აგვისტოს სამართალდამცველებმა სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი, 21 წლის ანრი ჯოხაძე დააკავეს, რომელსაც, სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკისას ერთი აბი "სუბოტექსი" აღმოაჩნდა, რისთვისაც ბრალი სსკ 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წაუყენეს. ანრის დედა, ადვოკატი ირმა ჭკადუა, მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.
ირმა ჭკადუა, ანრი ჯოხაძის დედა და ადვოკატი: - მიმდინარე წლის 20 აგვისტოს გავმართე პრესკონფერენცია, რომელზეც მკაცრი განცხადება გავაკეთე "ქართუ ბანკის" დროებით მმართველებზე, სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლებზე - ირაკლი ზარქუასა და ვლადიმერ უგულავაზე. განცხადება შეეხებოდა მოსამართლე ონიანსაც, რომელმაც გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება - თითქოს "ქართუს" გენდირექტორმა და მისმა მოადგილემ, რომელთა წლიური ხელფასი, შესაბამისად, 170 ათასი და 145 ათასი ლარია, ვერ დაასაბუთეს 13 600 და 17 ათასი ლარის გადარიცხვა და თქვა, ამ ფულის უკან შეიძლება ვიღაც იდგესო. 22 აგვისტოს ჩემი ვაჟი ანრი იმყოფებოდა "ქართული ოცნების" აქციაზე დიღომში, ვახტანგ ხმალაძის წინასაარჩევნო შეხვედრაზე და "რეალ ტივის" ჟურნალისტს უპასუხა კითხვაზე, რატომ უჭერდა მხარს "ქართულ ოცნებას". მთელი დღის განმავლობაში ატრიალეს ეს კადრები. სწორედ იმ დღიდან გამოჩნდნენ ჩვენს ეზოში პოლიციის მანქანები. არც გვიფიქრია, რომ ჩვენ გვითვალთვალებდნენ, ანრის არასოდეს ჰქონია შეხება პოლიციასთან და ნარკოტიკთან... როგორც თვითმხილველებმა მითხრეს, შინ რომ მოდიოდა, ანრის ორი ბიჭი დახვდა, მოსთხოვეს პირადობის მოწმობა, შემდეგ ატეხეს ყვირილი - ჩქარა, მანქანაო, შიგ ჩატენეს და წაიყვანესო. სამი საათის შემდეგ გამომძიებელმა გია გოროზიამ შემატყობინა, თქვენი შვილი დაკავებულია და თქვენთან მოვდივართ გასაჩხრეკადო. დაახლოებით 16 ავტომანქანით მოვიდნენ. ვეკითხებოდი, რისთვის დააკავეთ-მეთქი, მითხრეს, ნარკოტიკებზეო. ფორმალურად გაჩხრიკეს ჩვენი ბინა, ანრი წინასწარი დაკავების იზოლატორში წაიყვანეს, საიდანაც მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს და მოათავსეს "განსაკუთრებული" პატიმრების ფლიგელში - სადაც სასჯელს იხდიან პოლიტპატიმრები, ჯაშუშობაში ბრალდებულები და სხვა.
- სამართალდამცველებმა რა ვითარებაში აღმოუჩინეს "სუბოტექსი" ანრის?
- თვითონ როგორც ამბობენ, ანრი დაკავების ადგილზე გაჩხრიკეს და ერთი აბი "სუბოტექსი" უპოვეს. არადა, ქალაქის სამმართველოში ანრის მაგიდაზე დაუდეს ნარკოტიკი და უთხრეს, ეს საჩუქარი დედაშენს უგულავასა და ზარქუასგანო. როცა გამომძიებელს ვუხსნიდი, ვიცი, ეს ანგარიშსწორება ჩემს საქმიანობას უკავშირდება-მეთქი, გოროზიამ მითხრა - თქვენი საქმიანობა არაფერ შუაშია და არც ის, რომ თქვენი შვილი აქციაზე იყოო. რა იცოდა, რომ ანრი აქციაზე იყო? ანუ წამოსცდა... ამაზე მეტი რა უნდა ეთქვა? მშვენივრად იცოდნენ, როგორ აღმოაჩნდა ანრის "სუბოტექსი". ისიც იციან, რომ საქართველოში ეს ნარკოტიკი არ იშოვება და თუ იშოვება, მხოლოდ პოლიციის და სოდ-ის თანამშრომლებს აქვთ.
- რატომ წაუყენეს თქვენს შვილს ბრალი 260-ე მუხლის I1-ლი ნაწილით?
- დადგენილება 22 აგვისტოთია დათარიღებული, როცა ანრი აქციაზე იმყოფებოდა, ანუ წინასწარ შეადგინეს. ამ დადგენილებაში წერია საინტერესო რამ: "საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა ქალაქში აწარმოებენ სუბოტექსის დამზადება-გასაღებას (ახლა შევიტყვე, რომ ეს ნარკოტიკი საქართველოში მზადდება - ი.ჭ.)". გამოძიებამ დაადგინა, რომ ანრი ჯოხაძემ 22 აგვისტოს მოიხმარა ნარკოტიკი, ამიტომ მის მიმართ უნდა გამოიყოს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. თუკი მათ იცოდნენ, რომ ანრიმ 22-ში მოიხმარა ნარკოტიკი, უნდა დაეჯარიმებინათ და მის მიმართ შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება არ უნდა დაეწყოთ. 21 სექტემბერს მე-8 დაწესებულებაში ანრისთან შესულა გამომძიებელი გოროზია და მასალები მიუტანია. არასოდეს მომხდარა, პატიმართან შესულიყვნენ გამომძიებელი და პროკურორი და იქ გაეცვალათ მტკიცებულებები - გვირეკავენ ადვოკატებს და ჩვენ შეგვაქვს მტკიცებულებები. ანრის უთქვამს, ადვოკატების გარეშე ოქმზე ხელს ვერ მოგიწერო, გოროზიას ისტერიკა აუტეხავს, აგრესიული ტონით მიუმართავს. ერთი საათის შემდეგ კი პროკურორი მისულა ანრისთან და განუცხადებია: "ოცნებობ, ბიჭო? შენს თვალებში ისევ ოცნებას ვხედავ. ბალანდას არ ჭამ, ბიჭო? აუ, რა ცუდ დროს მოგიწია აქ ყოფნამ, გვერდებში რომ არ მოგხვდა". როდესაც ანრი მომიყვა ამის შესახებ, ჟურნალისტებს განვუცხადე, რომ იმ ფონზე, რაც საქართველოში პატიმრების მიმართ ხდება, გაბედეს ზემოქმედება ჩემს შვილზე. 27 სექტემბერს გაიმართა პროცესი, სადაც წარვადგინე დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის თავდებობა, მაგრამ მოსამართლე ჯუღელმა არც ეს გაითვალისწინა, არც გირაო და არც მოწმეების დაკითხვის შუამდგომლობა. სასამართლო განხილვა 11 ოქტომბრისთვის გადაიდო. ჩვენ გვყავს მოწმე, რომელიც ადასტურებს, რომ დაკავების ადგილზე ჩხრეკა არ ჩატარებულა, რაც ყირაზე აყენებს მთელ საქმეს. გარდა ამისა, მზად ვართ, ხელი დავადოთ იმ ადამიანს, რომელმაც ანრის ნარკოტიკი მაგიდაზე დაუდო.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)