ბოლო დროს მომრავლებულ ურწმუნო თომების დასარწმუნებლად, რომლებიც გაიძახიან, ჩვენი ქვეყანა კი არ შენდება, უკან-უკან მიდისო, ხელისუფლებამ უძველესი სიბრძნე მოიხმო - ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო და დედაქალაქში წინასაარჩევნოდ ერთბაშად სამშენებლო ბუმი გააჩაღა. რა შენდება და როგორ, სხვა ამბავია, მაგრამ, რაც მთავარია, მტვერნაყლაპი, საცობებით შეწუხებული ხალხისთვის ხელისუფლებას ბოდიშის მოხდა არ ეზარება და ხან ტელევიზიებით, ხანაც ფირნიშებით გვპირდება, - გვაპატიეთ, მაგრამ ოქტომბრისთვის, ანუ როცა არჩევნების შემდეგ კვლავ მოვალთ ხელისუფლებაში, ნაგავსაც ავხვეტავთ, გადასახადებსაც კომფორტულად გადაგახდევინებთ და თქვენ აშენებულ-დამშვენებული დედაქალაქით უნდა იამაყოთო. ვერ ვიტყვი, ამშვიდებს თუ არა ეს ხალხს, მაგრამ როცა ის ოჯახები მოვიძიე, რომლებიც მშენებლობების ფასადს მიღმა ბარაკებში ცხოვრობენ, შემრცხვა: რისთვის არის საჭირო ყველაფერი ეს, თუ შენი მოქალაქეები - მოხუცები და ქალები მიწაზე გდებითა და შიმშილით ავადმყოფდებიან, ხოლო ბავშვებს მომავალი არ გააჩნიათ?!
ბოდიში კი ალბათ მეც მაქვს მოსახდელი ისედაც დაძაბული ხალხისთვის, რომ არცთუ სასიამოვნო ამბებზე ვყვები, მაგრამ არც სხვანაირად გამომდის...
ამ ოჯახში გველებსაც დაუდიათ ბინა
5 კვადრატულ ფიცრულში ოთხი შვილითა და მოხუცი დედით შეხიზნულ თეა კახელაძეს ვერაფრით ანუგეშებ. როცა ორთაჭალის აღმართი ავათავე და კახელაძეების საცხოვრებელზე მიმითითეს, ვერ დავიჯერე, არც კი შევჩერდი და გზა გავაგრძელე, - ალბათ გადასაყრელი ნივთების ფარდულია, აქ ადამიანი როგორ უნდა ცხოვრობდეს-მეთქი!.. თეა კახელაძემ ჯურღმულის კარი გამომიღო და შიგ აქეთ-იქით შედგმული ფიცრის ტახტები და მიწაზე დაფენილი ხალიჩა დამანახა, - ქმარმა აქ ცხოვრება ვეღარ შეძლო და ხუთი წლის წინ უმცროს შვილზე ფეხმძიმე მიმატოვა, ამ ტახტებზე სძინავს ჩემს ოთხ შვილს, მიწაზე კი მე და დედაჩემსო. მერე ძველი სარკე გადასწია და მის უკან გამონგრეული კედელი მიჩვენა, - აქედან ზაფხულში გველები, ზამთარში კი ვირთხები მოძვრებიანო!
...თავად განსაჯეთ, რა გულუბრყვილობა იქნებოდა, თეასთვის მეკითხა, - ვირთხებმა და გველებმა რომ შვილები დაგიკბინონ, მერე რას აპირებ-მეთქი. ისღა ვკითხე, - მომავლის იმედი თუ ჰქონდა. თავი გააქნია, - რამდენი წელია, ვეხვეწები დედაქალაქის მერიას, თავშესაფარი მომცეს, მაგრამ ამაოდო.