"გიორგი ლორია, ეს რა ბიჭი გვყოლია", "მეამაყები" - ამგვარი და სხვა წარწერებით ვრცელდება სოციალურ ქსელებში თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერის გიორგი ლორიას ფოტოები. გიორგი საქართველო-ესპანეთის თამაშის გმირი გახდა, ყველა ბურთი აიღო, რაც კარისკენ გაგზავნეს ესპანელებმა, თუმცა თამაში დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც გიორგი დაშავდა, მას მუხლი ზურა ხიზანიშვილთან შეჯახებით დაუზიანდა და შესაბამისად, თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მოგვიანებით გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანდა, როგორ მოსდიოდა ჩვენებურ მეკარეს ცრემლები. თუმცა გიორგი ტკივილის გამო არ ტიროდა... დღეს "რეიტინგი" ფეხბურთელს უფრო ახლოს გაგაცნობთ. ის ტელეფონით ჩავწერეთ, რადგან როდესაც ჩვენ დავუკავშირდით, გამოკვლევები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული და არც დიაგნოზი დასმული. ფეხბურთელმა სახლიდან უპასუხა ჩვენს შეკითხვებს, თუმცა გვთხოვა, პირად ცხოვრებაზე არაფერი გვეკითხა და მისი სურვილი ავასრულეთ.
- თქვენ და ფეხბურთი. როგორ დაიწყო სპორტის ამ სახეობასთან სიახლოვე?
- ალბათ ისე, როგორც სხვები იწყებენ ხოლმე. ბავშვობაში შევედი ფეხბურთზე. 8 წლის ვიყავი, "ავაზაში" რომ მოვხვდი და 17 წლამდე აქ ვირიცხებოდი. შემდეგ "დინამოს" აკადემიაში გადამიყვანეს. აქ გავიარე ყველა ეტაპი, აკადემია, "დინამოს" მეორე გუნდი, შემდეგ კი ძირითადი. იქიდან ახალგაზრდულ ნაკრებში მოვხვდი, მერე კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, თუმცა იყო ჩავარდნები, რომელთა შესახებ ყველამ იცის. ნაკრებში გარკვეული პერიოდი აღარ ვთამაშობდი, თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ კი უკან დავბრუნდი.
- რა ჩავარდნაზე ლაპარაკობთ?
- ჩავარდნა ის იყო, რომ კუპერის მწვრთნელობისას მომიხდა რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრაში თამაში. ჩავაგდე ეს თამაშები... ისე მოხდა, რომ აღარ გამომიძახეს ნაკრებში. ორწლიანი პაუზა მქონდა, ამის შემდეგ დავბრუნდი უკან.
- იმ ჩავარდნებს რას აბრალებთ?
- მეკარისთვის შედარებით ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი. ამის შედეგად შეცდომებს ვუშვებდი. "დინამოში" ძირითადში არ ვიყავი, როცა ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს. მომიწია პორტუგალიასთან, იტალიასთან, ირალანდიასთან თამაშებმა. ძალიან მაღალი დონის გუნდები იყო, შესაბამისად, გამოუცდელობამ განაპირობა შეცდომები. რასაკვირველია, ახლანდელი გამოცდილებით იმ შეცდომებს ნამდვილად არ დავუშვებდი.
- ამ კომპლექსისგან გათავისუფლდით?
- მართალი რომ გითხრათ, არანაირი კომპლექსი არ მქონია არც მაშინ და არც ახლა მაქვს.
- მეკარეობა ერთ-ერთი ყველაზე რთული პოზიციაა. თქვენ აირჩიეთ თუ თქვენ მაგივრად სხვამ გააკეთა არჩევანი?
- მე არ ამირჩევია. კარში პირველად ჩემი ნებით არ დავმდგარვარ. მწვრთნელმა ხელი დამადო და მითხრა, კარში შენ იქნებიო. იყო რაღაც პერიოდი, როდესაც წინაც ვთამაშობდი. რამდენიმე თამაშში გოლებიც მაქვს გატანილი, მაგრამ შემდეგ ისევ კარში დავბრუნდი. ჩემით გადავწყვიტე წინ გასვლაც და უკან დაბრუნებაც. კარში უფრო კომფორტულად ვგრძნობდი ალბათ თავს, თუმცა ფეხით თამაშის არანაირი პრობლემა არ მაქვს. ახლაც დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი, თუმცა უკვე ძნელია. მუდამ ვთამაშობ წინა პოზიციაზე მინიფეხბურთს. გამორიცხულია, რომ არ ვითამაშო, რადგან ფეხის გავარჯიშებაში ძალიან მეხმარება.
- საქართველო-ესპანეთის მატჩის გმირი გახდით. ელოდით ასეთ გამოხმაურებას ქომაგებისგან?
- ქართველი გულშემატკივარი ძალიან კარგად ერკვევა ფეხბურთში. ყველამ კარგად იცოდა, როგორი დონის ნაკრები ჩამოვიდა თბილისში. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი სტუმრობდა თბილისს. ბევრი არ ელოდა, რომ ესპანელების წინააღმდეგ მე და ნაკრების სხვა წევრები ასეთ კარგ თამაშს ვაჩვენებდით. უმრავლესობა ელოდა დიდი ანგარიშით წაგებას. ესპანეთის ნაკრებს ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც გოლებს უტანენ ბუფონის და მის მსგავს მეკარეებს. მათ ჩვენთვის ვერ შეძლეს იმდენი გოლის გატანა, რამდენიც ლეგენდარული მეკარეებისთვის გაუტანიათ. შეიძლება ისიც ითქვას, რომ გაუმართლათ, რომ ეს შეხვედრა ფრედ არ დასრულდა.
- ამბობენ იმას, რომ იმ ერთი გოლის ბედი იმან განაპირობა, რომ თამაშის დატოვებამ მოგიწიათ. როგორ ფიქრობთ, აიღებდით იმ ბურთს?
- ძნელი სათქმელია. ძალიან კარგი ბურთი დაურტყა ჩვენს მეკარეს და ეს ბურთი თითქმის აუღებელთა კატეგორიას ეკუთვნოდა. თუმცა, მეორე მხრივ, ვფიქრობ, თამაშის მსვლელობისას ავიღე ასევე აუღებელი ბურთებიც. არავინ იცის, შეიძლება ამეღო ან ვერ ამეღო.
- ყველას ეგონა, რომ მოედანზე ფსიქოლოგიურად გატეხილი გუნდი გავიდოდა. იმდენად უშიშრად იდექით კარში, თქვენ ხომ არ მიეცით გარკვეული სტიმული ნაკრების სხვა წევრებს?
- მე იმავენაირად ვითამაშე ბელორუსთან. ასევე ვთამაშობ საკლუბო დონეზე თბილისის "დინამოში". თამაშის წინ, ვისაც უნდა ვეთამაშებოდე, ყოველთვის ვფიქრობ, რომ მოწინააღმდეგე გუნდშიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ორი ხელითა და ორი ფეხით. რატომ უნდა შეძლონ და გვაჯობონ ჩვენ?!.. ამ ფიქრებით გავდივარ ხოლმე მოედანზე. ყველამ უნდა იფიქროს, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია, მით უმეტეს, ქართველები ვართ და ნიჭი გვაქვს.
- საფეხბურთო ტრადიციები გვაქვს, თუმცა ბოლო წლებია, ფეხბურთელებს აქტიურად აკრიტიკებენ. გუშინდელი დღის შემდეგ თითქოს შეიცვალა რაღაც. ეს თქვენც იგრძენით?
- რა თქმა უნდა!.. ესპანეთის ნაკრებთან რომ ასე ვითამაშეთ, ხალხი ძალიან კმაყოფილი დარჩა. წინა წელს, როცა წაგების გარეშე ჩავატარეთ შესარჩევი ტური, მაშინაც ქომაგი თითქოს მობრუნდა ქართული ფეხბურთისკენ. ბელორუსთან თამაშის მერეც და ესპანეთთან მით უმეტეს, მეც დამეუფლა ეს შეგრძნება. გვინდა, მაქსიმალურად მივუახლოვდეთ იმას, რასაც წარსულში დიდი ქართველი ფეხბურთელები აკეთებდნენ.
- ახლა ნაკრებს უფრო მეტი მოტივაცია აქვს, ბოლო ერთ წელს თუ გავითვალისწინებთ?
- ზოგადად მეკითხებით ალბათ. ეროვნულ ნაკრებში თამაშისას, არ აქვს მნიშვნელობა, ამხანაგური მატჩია თუ მსოფლიოს შესარჩევი, მოტივაცია ისედაც უნდა გქონდეს და გვაქვს კიდევაც. ნაკრებში თამაში უკვე მოტივაციაა. უნდა გამოხვიდე და შეეცადო, მაღალ დონეზე ითამაშო.
- ვიცი, რომ ბოლომდე დიაგნოზი არ გაქვთ დასმული.
- გარკვეული ანალიზების შემდეგ გამოიკვეთა, რომ მგონი, გადარჩენილი ვარ. საბოლოო პასუხი ამ დღეებში გაირკვევა. ამჟამად ვწევარ და ისე გელაპარაკებით. მუხლზე ყინულები მადევს (იღიმის).
- ალბათ ძალიან გინდოდათ მატჩის ბოლომდე ჩატარება, როგორი შეგრძნება იყო, როდესაც მიხვდით, რომ ამას ვერ შეძლებდით?
- როგორ გითხრათ... თავიდან ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მუხლი გადამიტყდა, უფრო სწორად, საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი ვერაფერს. მეგონა, რომ მუხლი აღარ მქონდა. როდესაც ექიმებმა დახმარება აღმომიჩინეს, ბიჭების ხმა მესმოდა, გააგრძელეო, მამხნევებდნენ. მერე გავიგე, სტადიონი რომ ყვიროდა ჩემს გვარს, ამან დიდი ძალა მომცა, შევძელი წამოდგომა, რამდენიმე ნაბიჯიც გადავდგი, მაგრამ მუხლი მეკეცებოდა. ჩემი მოედანზე დარჩენა ღალატი უფრო იქნებოდა, რადგან ვერ შევძლებდი თამაშს. შესაძლოა, რაიმე უბრალო შეცდომა დამეშვა და ვერც ვიდექი ფეხზე, ცალი ფეხით ვერ დავდგებოდი.
- გავრცელდა ფოტო, სადაც ტირით.
- საკაცეზე რომ დამაწვინეს, ცრემლები წამომივიდა. ისეთი თამაში იყო, ძალიან მინდოდა, ბოლომდე ჩამემთავრებინა. თან, ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ თუ ვერ მოვიგებდით, ფრედ მაინც დასრულდებოდა შეხვედრა. მისაღები შედეგი იქნებოდა. ყველაზე მეტად სწორედ ამაზე დამწყდა გული, რომ შეხვედრაზე ბოლომდე ვერ დავრჩი. გუნდს ბოლომდე ვერ დავეხმარე.
- აქამდე გიტირიათ?
- არა, ცხოვრებაში პირველად ვიტირე!.. საერთოდ, არასდროს მომდის ცრემლები. არ ვარ ასეთი ადამიანი.
- მწვრთნელისგან ალბათ შექება დაიმსახურეთ.
- გასახდელში ჩამიყვანეს, ექიმები შემოვიდნენ. თამაში რომ მორჩა, სტადიონზე მომუშავე ადამიანებიც მოვიდნენ და თანაგრძნობას გამოთქვამდნენ. მერე თემურიც მოვიდა. გამამხნევა. რა თქმა უნდა, ფეხბურთელებიც შემოვიდნენ.
- ალბათ ზურა ხიზანიშვილიც...
- ფეხბურთია და ასეთი რამ ყოველთვის შეიძლება მოხდეს. ხიზანა მოვიდა და ჩამეხუტა.
- გიორგი, ვიცი, რომ მამა თქვენი აქტიური ქომაგია. მისთვის ალბათ ყველაზე რთული იქნებოდა ამ თამაშის ყურება.
- მამა, საკაცით რომ გამიყვანეს, სტადიონზევე ჩამოვიდა. ძალიან ინერვიულა. მამა, რაც ფეხბურთზე დავდივარ, მას მერე ჩემ გვერდით არის. ჯერ ერთი ვარჯიშიც კი არ გაუცდენია. თავადაც თამაშობდა ადრე ფეხბურთს. ერთი სიტყვით, ჩემი პერსონალური მწვრთნელივით არის (იცინის). დედაჩემი ახლა აქ არ არის, დასასვენებლად გახლავთ ზღვაზე, ვიცი, რომ მანაც ძალიან ინერვიულა. თავადაც უყურებდა ტელევიზიით ამ თამაშს. მერე ბევრმა ადამიანმა დაურეკა და დაამშვიდეს. საერთოდ, დედაჩემი იმდენად ნერვიულობს ხოლმე, რომ არ უყურებს ჩემს თამაშებს... ჩემი და და დისშვილი სტადიონზე იყვნენ მამასთან ერთად. ოჯახის ყველა წევრმა ინერვიულა, თუმცა მგონი, გადავრჩი... უამრავმა ახლობელმა დამირეკა, "ფეისბუქზეც" ნახეთ ალბათ რა ხდება. უცნობი ადამიანები მამხნევებენ და მათი მადლობელი ვარ.
- მეკარისთვის ალბათ მტკიცე ხასიათი ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ისეთივე თავდაჯერებული ხართ ცხოვრებაში, როგორიც მოედანზე?
- ადრე გაცილებით ემოციური ვიყავი, ვიდრე დღეს ვარ. რაც წლები მომემატა და გამოცდილებაც, მას შემდეგ უფრო მტკიცე ხასიათი გამიხდა. ვცდილობ, გაცილებით ცივი გონებით შევხედო ნებისმიერ ქმედებას. თუკი ემოციებს აჰყვები, ძნელი იქნება თამაში.
- უამრავი გოგონა თაყვანისმცემელი გამოგიჩნდათ, რომლებიც თქვენს ფოტოებს აზიარებენ სოციალურ ქსელებში, ლექსებს გიძღვნიან.
- (იცინის) რასაკვირველია, ეს სასიამოვნოა ჩემთვის კი არა, ნებისმიერი ადამიანისთვის. ამ ყურადღების გამო ძალიან ბედნიერი ვარ
- ხომ არ გწერენ "ფეისბუქზეც"?
- როგორ არა. მთელი დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი მწერს და მამხნევებს. ტრავმასთან დაკავშირებითაც მწერენ და თამაშთან დაკავშირებითაც.
- გოგონები თუ აქტიურობენ თქვენი მისამართით?
- მოდი, ამ თემას ნუ შევეხებით, ზოგადად პირად ცხოვრებაზე არ მიყვარს ლაპარაკი.
- კარგი, თქვენი ნებაა. უცხოეთში არასდროს გითამაშიათ?
- არა, მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატში. შემოთავაზებების მეტი რა ყოფილა და არის. რუსეთიდანაც მქონია და ევროპული ქვეყნებიდანაც. ორი თვის წინ შოთა არველაძის გუნდშიც მქონდა გადასვლის შესაძლებლობა. ხან რა მიზეზი იყო, ხან რა, მაგრამ ვერ მივდიოდი, თუმცა სურვილი მაქვს, რომ თავი გაცილებით დიდ ჩემპიონატებში გამოვცადო. იმედი მაქვს და სურვილიც, რომ კარიერა ევროპის რომელიმე ჩემპიონატში გავაგრძელო.
- გიორგი, ესპანურმა პრესამ გაავრცელა სენსაციური ცნობა, რომ ორი უძლიერესი საფეხბურთო კლუბი - "ბარსა" და "რეალი" დაინტერესებულია თქვენით. გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამის შესახებ?
- არა, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. რაც პრესაში წავიკითხე, მხოლოდ ის ვიცი, ჩემთვის კი ჯერჯერობით არავის დაურეკავს.
- რას ჰპირდებით ქომაგებს?
- ჩემი მიზანი ისაა, რომ ყოველ თამაშზე უკეთესად ვითამაშო. ეს ერთნაირად ეხება "დინამოსაც" და ნაკრებსაც. ეროვნულ ნაკრებში ძალიან მაგარი ფეხბურთელები არიან. ჩემი აზრით, ბოლოს კი არ გაგვიმართლა, მაგრამ თამაშები კიდევ წინ არის. ფეხბურთია და გვაქვს იმის უფლება, ვიფიქროთ, რომ მოვხვდებით მსოფლიო ჩემპიონატზე. თბილისის "დინამო" ვისაც უყვარს, მათ ვეტყვი, რომ ვეცდებით, წელს ჩემპიონები გავხდეთ.
P.S. ინტერვიუ უკვე ჩაწერილი გვქონდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ლორია თამაშს, სულ მცირე, თვენახევრის განმავლობაში ვერ შეძლებს. ექიმები სპორტსმენს მსუბუქი ვარჯიშის ნებას ერთ თვეში დართავენ და ვარაუდობენ, რომ სრულად ფეხბურთელი ორ თვეში გამოჯანმრთელდება. საბედნიეროდ, მას ოპერაცია არ დასჭირდა. გიორგი ლორიას ჩვენი ჟურნალის სახელით მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!..
ნინო მურღულია
(გამოდის ორშაბათობით)