ბიზნესმენმა ბორის ბერეზოვსკიმ ყოფილი საქმიანი პარტნიორის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან სამშვიდობო შეთანხმება დადო. ამის შესახებ Forbes-ი უცნობ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. სავარაუდოდ, ამის შესახებ ოფიციალურად 2012 წლის ოქტომბერში გამოაცხადებენ.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, სამშვიდობო შეთანხმება ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის აქტივების ნაწილის გაყოფას გულისხმობს, რისთვისაც მხარეები სასამართლოში დაობდნენ. საუბარი ეხება Salford-ის მმართველობის ქვეშ მყოფ ფონდ DVP-ს, რომლის აქტივებიც ამჟამად იყიდება. აქტივების გაყიდვის შემდეგ ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილის მემკვიდრეებს დაახლოებით 500 მლნ დოლარი შეხვდებათ.
მხარეები პატარკაციშვილის ოჯახის წევრების ანგარიშებზე გაყინულ 70 მლნ დოლარსაც შუაზე გაიყოფენ. წყარო ირწმუნება, რომ მიღებულ 35 მლნ დოლარს ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩთან დაკავშირებული სასამართლო საქმის გადასახადებში დახარჯავს. 2012 წლის აგვისტოში აბრამოვიჩთან ბერეზოვსკიმ სასამართო წააგო და საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მფლობელი ბიზნესმენს კომპენსაციის სახით სასამართლო ხარჯების გადახდას სთხოვს.
სამშვიდობო შეთანხმების გადაწყვეტილება ბერეზოვსკიმ აბრამოვიჩთან სასამართლო პროცესის წაგების შემდეგ მიიღო. ამავე წყაროს თქმით, ბერეზოვსკი პატარკაციშვილის მემკვიდრეებთან შეთანხმებაზე არა მხოლოდ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არამედ იმისთვის წავიდა, რომ მათთან ერთად ვასილი ანისიმოვის წინააღმდეგ სასამართლოში გამოვიდეს. სარჩელი კომპანია "მეტალოინვესტში" მონაწილეობის აღიარებას ეხება.
ბერეზოვსკი ცდილობს დაამტკიცოს, რომ მასსა და პატარკაციშვილის ოჯახს "მეტალოინვესტში" ანისიმოვის აქციების პაკეტის ნაწილზე უფლება აქვთ, რადგან თავის დროზე ოლიგარქმა ანისიმოვის კომპანიის ანგარიშებზე მიხაელოვის სამთო-გადამამუშავებელი კომბინატის ("მეტალოინვესტში" შედის) შესაძენად 500 მლნ დოლარი გადარიცხა. შეთანხმების დასრულების და ჰოლდინგის აქტივების კონსოლიდაციის შემდეგ, ანისიმოვს ბერეზოვსკის და პატარკაციშვილის მემკვიდრეებისთვის "მეტალოინვესტის" აქციების ხუთ-ხუთი პროცენტი უნდა დაებრუნებინა.
მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.