პრეზიდენტმა მცხეთის აქციას გადაუფრინა, დიახ, არც მეტი, არც ნაკლები - გადაუფრინა, თუმცა მმართველი პარტიის ე.წ. ყრილობაზე შეკრებილმა ხალხმა მყისვე შეიცნო მისი ბრწყინვალება და სიხარულის ამოძახილებმაც არ დააყოვნა. თითქოს უხილავმა დირიჟორმა დაუქნია ხელიო, ისე ახმაურდა შეკრებილი ხალხი, არაფრად ჩააგდო, ტრიბუნაზე პარლამენტის თავმჯდომარე რომ იდგა და გამალებით ლაპარაკობდა ხალხისთვის სამომავლოდ გახაზირებულ მეტ სარგებელზე. მოკლედ, ბაქრაძე იძულებული შეიქნა, გაჩუმებულიყო, პრეზიდენტმა კი... პრეზიდენტმა გადაიფრინა და გასწია შორეული მხარეებისკენ ოცნებების ასახდენად...
საერთოდაც, 8 სექტემბერს "ნაციონალურ" პროცესებს მართლაც უხილავი დირიჟორი მართავდა და თანაც როგორ... ვიხილეთ საჯარო მოხელეთა, მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრების კოლექტიური "პრეზიდენტოფილია" და ერთ-ერთი მათგანის გაბრაზებული ამოძახილი: "რომ არ დაევალებინათ, აქ ხომ არ წამოვიდოდი!" თუმცა ამ ყრილობებზე თავმოყრილ ადამიანებში იყვნენ ისეთებიც, ვისაც გულწრფელად სჯერა ხელისუფლების უძლეველობისა და პრეზიდენტის სახელს დავალებით კი არა, სიყვარულით გაიძახოდნენ. სამწუხაროა, პრეზიდენტს მათი გაჩუმების სურვილი რომ არა და არ უჩნდება.
საქართველოს 11 ქალაქში გამართულ ყრილობებს პრეზიდენტმა რომ გადაუფრინ-გადმოუფრინა იცით უკვე, ისიც იცით, ალბათ, ზოგიერთ ქალაქში დედამიწას რომ დაუბრუნდა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა. ისე, სჯობდა, ნაკლები ელაპარაკა და ბევრი ეფრინა. ისევ ლანძღვა-გინება, ოცნება ოპონენტის გაქრობაზე და "სექენდ ჰენდი", ანუ ქართულ პოლიტიკას პრეზიდენტმა შესძინა ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინი, როგორცაა "სექენდ ჰენდი", დიახ, პრეზიდენტმა რუსთავში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური ამ ტერმინით მოიხსენია, აქაოდა, ეს კანდიდატი ერთხელ სამტრედიელებმა დაიწუნეს და ახლა რუსთაველებს "ტენიანო". არადა, იმ ერთხელ როგორ დაიწუნეს - გაუგებარია, რადგან 2003 წელს ზვიად ძიძიგური პარლამენტის წევრი სწორედ სამტრედიის მაჟორიტარული ოლქიდან გახდა და სწორედ იმ ბლოკის სახელით, სადაც "ნაციონალური მოძრაობაც" იყო გაწევრებული. ისე, მაგ პრინციპით "სექენდ ჰენდი" გია ბარამიძე ყოფილა თუ ყოფილა! ორჯერ - 1999 და 2003 წლებში - დიდუბის მაჟორიტარული ოლქიდან არჩეული დეპუტატი წელს მაინცდამაინც ბათუმის გზას რატომ გაუყენეს, ვერავინ მიხვდა... დაფიქრდით, ბათუმელებო - ვინ იცის, რა ხდება.
ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს, ლეგენდურ როლანდ ახალაიას ჟურნალისტმა ჰკითხა, თქვენს ოპონენტ ირაკლი ალასანიასთან დებატებს თუ დათანხმდებითო? აი, რა უპასუხა ახალაიამ: - "მე დღეს ქართველ ხალხთან მაქვს დებატები. ჩემი ოპონენტი ალასანია არაა, ჩემი ოპონენტი ხალხია!"
ხალხი რანაირადო? - გაგიკვირდათ, ალბათ. როგორც ერთმა ფსიქოლოგმა მითხრა, ფსიქოლოგიური მარცხი მოუვიდა და წამოსცდა ის, რასაც გულში ფიქრობდაო. ისე ახალაიასთვის მთავარი ოპონენტი და პრობლემა მართლაც ხალხია, რომელზეც ძალადობისა და ზემოქმედების გარეშე გამარჯვება ძალიან გაუჭირდება, ოპონენტს კი როგორ ექცევიან ახალაიები, ვიცით ყველამ.
ვაპირებდი, ორი სიტყვა ჩემს იმ კოლეგებზე დამეწერა, "ჭყონიაში" "შლიაპაფართებს" რომ ესწრებიან და ბათუმის "შერატონში" პრეზიდენტის ხარჯზე იწყობენ დასვენებას. თუმცა რაღა დავწერო, უყურეთ მათ გადაცემებს, წაიკითხეთ მათი წერილები და დაინახავთ მათ მოღვაწეობაში პრეზიდენტის დანახარჯი რა აშკარად ჩანს.
P.S. თელავში ნაცმოძრაობის ყრილობის შემდეგ კახელები თურმე ხუმრობდნენ: ამ ღონისძიებაზე ხალხი ჩადგმით იყო, მიხეილ სააკაშვილი კი - ჩამოტარებითო.
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:
- "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე ზუგდიდში ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა იმღერეს
- "ჩქიმ ქომონჯს უორს სამარგალო" - "ჩემ ქმარს უყვარს სამეგრელო"