საქართველოსთან მატჩის მოგება ბედის ჩვენსკენ გადმოხრამ განაპირობა, - ამის შესახებ ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, იცოდნენ საქართველოს შესაძლებლობები, მაგრამ არ იცოდნენ, თუ როგორი შეხვედრა გამოვიდოდა.
"მინდა აღვნიშნო საქართველოს ნაკრების კარგი თამაში, დაცვა, შეტევა და ის სირთულეები, რაც მათ მატჩის დროს შეგვიქმნეს. ბედი ჩვენსკენ გადმოიხარა და საბოლოოდ მოვიგეთ. დღეს ქართულმა გუნდმა ითამაშა სრულიად განსხვავებული თამაში, ვიდრე ბელორუსთან, მაგრამ ჩვენ ყოველგვარი სიტუაციებისთვის მზად ვიყავით. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენი გოლი სწორედ ცვლილებებმა განაპირობა", - განაცხადა ვისენტე დელ ბოსკემ.
მანვე დღეს ქართველი ფეხბურთელებიდან დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე გამოარჩია და განაცხადა, რომ მათ ძალიან კარგად ითამაშეს.
საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" ესპანეთთან გამართულ მატჩში გუშინ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა რობერტო სოლდადომ გაიტანა.