მსახიობი ჯეკი ჩანი მძაფრსიუჟეტიან ფილმებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, ამის შესახებ მან ვებსაიტ TMZ-თან საუბარში განაცხადა. როგორც ვარსკვლავი ამბობს, სხვადასხვა ჟანრის ფილმებში მონაწილეობა და სახასიათო პერსონაჟების განსახიერება უნდა.
ჯეკი 2 თვის წინ კანის კინოფესტივალზე ფილმის - "ჩინური ზოდიაქოს" მხარდასაჭერად მივიდა. ფესტივალზე მსახიობმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საბრძოლო ჟანრში ეს მისი ბოლო პროექტია, რადგან ძალიან დაიღალა და მსგავსი ფილმებისთვის უკვე დაბერდა.
თუმცა, გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას ვარსკვლავმა აღიარა, რომ ძალიან უნდა რობერტ დე ნიროს მეტოქეობა გაუწიოს.
"დღეს მსოფლიო ძალიან აგრესიულია. მიყვარს მძაფრი სიუჟეტი, მაგრამ ძალადობა მძულს. ძალიან მინდა, რეჟისორებმა სერიოზული როლები მომცენ, რათა რობერტ დე ნირო "დავამარცხო". აღარ მინდა, ხალხი ჩემში მხოლოდ მოჩხუბარს ხედავდეს. მინდა ჭეშმარიტი მსახიობი გავხდე და ეს იმიჯი მოვიშორო", - განაცხადა ჩანმა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.