თეკლა შანშიაშვილი და ხატია ბრაჭული სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" დედა-შვილის როლს ასრულებენ. თეკლას პერსონაჟი საკუთარი ქალიშვილის შეყვარებულისგან შვილს ელოდება... გარეგნული მსგავსების გამო, ეს მსახიობები ხალხს სინამდვილეშიც დედა-შვილი ჰგონია.
თეკლა:
- სერიალისგან განსხვავებით, ჩვენს რეალურ ურთიერთობაში ყველაფერი რიგზეა: ერთმანეთი ძალიან მოგვწონს.
ხატია:
- მიხარია, რომ თეკლა გავიცანი და მასთან ერთად ვმუშაობ.
- თეკლა, ხატიას "დედობა" იოლია?
- რა თქმა უნდა! ბოლოს და ბოლოს, ხატია ხომ თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობს - მსახიობის პროფესიას ეუფლება.
ხატია:
- თეკლა ნიჭიერი მსახიობია. საკუთარ როლს ისე ბუნებრივად ასრულებს, გეგონება, სინამდვილეშიც დედაჩემია...
- თქვენი გმირები საკმაოდ რთულ სიტუაციაში არიან: დედას შვილის შეყვარებული შეუყვარდა და საცხოვრებლად მასთან გადავიდა. როლების გათავისება არ გაგიჭირდათ?
თეკლა:
- ჩემი პერსონაჟი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მისნაირი "ჭკუასუსტი" ქალები არ მომწონს, მაგრამ ვცდილობ, ამ გმირს ჩავუღრმავდე და როლი გავითავისო: ქალი სუსტი არსებაა. რეალურ ცხოვრებაში ზოგს ასაკით უმცროსი, შეუფერებელი მამაკაცი მართლა უყვარდება და სხვა რაღაცებზე აღარ ფიქრობს.
- ხატია, შეყვარებულ წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა შენთვის მისაღებია?
ხატია:
- თითქოს, სიყვარულში ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს, მაგრამ ძალიან დიდი სხვაობა ამაზრზენია.
- ამაზრზენად რა ასაკობრივ სხვაობას მიიჩნევ?
- 20 წელზე მეტს.
თეკლა:
- 20 წელიც ბევრია, მერწმუნე. ადრე მეგონა, წყვილს შორის სხვა რაღაცები, მაგალითად - ინტელექტუალური თანხვედრა უფრო მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ დროთა განმავლობაში ასაკით შეუფერებელ ცოლ-ქმარს შორის ინტერესის სფეროების თანხვედრა არ ხდება, რაც უთანხმოებას ბადებს.
- რეალურ ცხოვრებაში ასაკით უფროს მამაკაცთან გაქვთ ურთიერთობა?
- ჩემი მეუღლე ჩემზე 19 წლით უფროსია. ოჯახი წლების წინ შევქმენით.
- და ახლა თქვენი სურვილების, ინტერესების თანხვედრა აღარ ხდება?
- ასეა!..
- მეუღლესთან ერთად არ ცხოვრობთ?
- კი, როგორ არა! ჩვეულებრივი ქართული, ტრადიციული ოჯახი მაქვს. 2 ბიჭს ვზრდი: ერთი 9 წლისაა, მეორე - 5-ის. უფროსი ფეხბურთით სერიოზულადაა გატაცებული და ესპანეთში გამგზავრებას, იქ სწავლას გეგმავს. ენერგიულია, რითიც ალბათ მე მგავს - თავს არ ზოგავს, მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძვის. შვილს მაქსიმალურად შევუწყობ ხელს, მაგრამ ცოტათი მეშინია - ფეხბურთი ხომ ლატარიასავითაა (იღიმის)?!. როცა ოჯახი იქმნება, ცოლ-ქმარი საერთო პრობლემებით, სულისკვეთებით ცხოვრობს. ჩემს მეუღლეს ჩემი აღარ ესმის. ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცებს ეჭვიანობის "ჭია" უჩნდებათ, რაც ჩემთვის მიუღებელია.
ხატია:
- ასაკით ჩემზე ძალიან უფროს მამაკაცთან ურთიერთობა არ მქონია. საერთოდ კი ვფიქრობ, რომ ქალი თავს უკეთ მაშინ გრძნობს, როცა მამაკაცი ასაკით მასზე უფროსია.
- ასე ამბობ, მაგრამ ვიცი, რომ ასაკით უმცროსი შეყვარებული გყავს...
- (იცინის) დიახ. პირველი შემთხვევაა, როცა ასეთ სიტუაციაში ვარ. ჩემმა რჩეულმა იცის, ყურადღება როგორ მომაქციოს, მასიამოვნოს...
- თეკლა, მეუღლესთან ურთიერთობას როგორ აბალანსებთ?
- ყოველდღიური ცხოვრება სხვა პრობლემებით ისეა დატვირთული, რომ თავისთავად ბალანსდება. ურთიერთობაში პრობლემებს არ უნდა "შეჰყვე", არ უნდა გააღვივო...
- ხატია, რეალურ დედასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- დედა ძალიან განათლებული, მხიარული, ჭკვიანი ქალია. თავდაპირველად მკაცრი იყო, მაგრამ როცა სტუდენტი გავხდი, ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მგულშემატკივრობს, ჭკუას მარიგებს, შენიშვნებს მაძლევს. სხვათა შორის, ხშირად მაკრიტიკებს, რის გამოც ხანდახან ვბრაზდები, მაგრამ ისიც მესმის, რომ ყველა დედას შვილისთვის კარგი უნდა. ამიტომ მის რჩევებს ვითვალისწინებ.
- თეკლა, თქვენი შემოქმედების მთავარი გულშემატკივარი ვინაა?
- ყველა ადამიანისთვის შემოქმედებითი თუ პირადი ცხოვრების მთავარი გულშემატკივარი დედაა. დედაჩემი ზედმეტად არასოდეს მაქებს. მის შენიშვნებს მეც ყოველთვის ვითვალისწინებ.
- თქვენი სამსახიობო გამოცდილების შესახებ გვიამბეთ.
- თეატრალურ ინსტიტუტში ცოტა არ იყოს, უცნაურად მოვხვდი: ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე. სახელმწიფო გამოცდები გვიან დამთავრდა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებას ვეღარ ვასწრებდი. არადა, არ მინდოდა, მთელი წელი "დამეკარგა". მაშინ თეატრალურის რექტორი ბატონი გიზო ჟორდანია იყო. უამრავ ხალხს შორის გავძვერი, დარაჯს გავეპარე და პირდაპირ ბატონი გიზოს კაბინეტში შევედი. რექტორს საკუთარი თავი წარვუდგინე და ავუხსენი, რაც დამემართა. გამესაუბრა, მოვეწონე და მითხრა: გაისად მოდი და გამოცდები ჩააბარე, სხვა რა ვქნაო?! წამოვედი. მერე შევიტყვე, რომ თურმე მიყურებდა, სანამ ქუჩას გადავკვეთდი... იმ წელს ბატონ გიზოს მსახიობის ოსტატობაში ჯგუფი აჰყავდა. თურმე ნანობდა, რომ გამიშვა და მთელ თბილისში მეძებდა. მუსიკალური სასწავლებლის მეშვეობით მიპოვა - ჩემს ლექტორს დაუკავშირდა. მირჩია, - ოფიციალურად პანტომიმის ფაკულტეტზე ჩააბარე - იქაც ივლი და ჩემთანაც, იანვარში კი ჩემს ჯგუფში გადმოხვალო. ალბათ ბევრი მსახიობი კარიერის ასე დაწყებას ვერ დაიკვეხნის: ფაქტობრივად, თეატრალურ ინსტიტუტში უგამოცდოდ მიმიღეს... პანტომიმის თეატრში რეპეტიციაზე რომ წავედი, ჩემში გარდატეხა მოხდა: იქაურობა ძალიან მომეწონა. გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი საქმე იყო. ჰოდა, გიზო ჟორდანიას ვუღალატე და 7 წელი პანტომიმის თეატრში ვიმუშავე. მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი საქმე გავაკეთე: იმ პერიოდში პანტომიმის თეატრისთვის რთული პერიოდი იდგა. ყველაფერი ნულიდან უნდა დაგვეწყო. ეს ტვირთი მე და ჩემმა ჯგუფელებმა საკუთარ თავზე ავიღეთ. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა უკვე საბავშვო სტუდია ჩამოვაყალიბე. პარალელურად, სპექტაკლებში ვთამაშობდი, გასტროლები მქონდა... ამასობაში, ბათუმში ხელოვნების ინსტიტუტში პანტომიმის ფაკულტეტი გაიხსნა და მე პირველი ჯგუფის ხელმძღვანელი ვიყავი. ის თაობა დღეს კარგ რაღაცებს აკეთებს...
- ამ საქმეს თავი რატომ დაანებეთ?
- მიმაჩნია, რომ ეს ჟანრი საქართველოში პოპულარული არაა. ამ სფეროში მაქსიმუმი გავაკეთე, ჩემი თავი ამოვწურე. მზად ვიყავი, რაღაც უფრო საინტერესო გამეკეთებინა, მაგრამ ალბათ, შეცდომა დავუშვი: "90 გრადუსით მოვტრიალდი" და ოჯახი შევქმენი, დრო შვილების აღზრდას დავუთმე. არადა, იმ პერიოდში შემოქმედებითად "მწიფე" ვიყავი. შემეძლო, ნებისმიერ თეატრში მივსულიყავი, ჩემი გამოცდილება გამომეყენებინა... ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, ჩემს პირად და შემოქმედებით ცხოვრებაში ბევრ რამეს შევცვლიდი.
- მაგალითად?
- ალბათ, კიდევ კარგა ხანს არ გავთხოვდებოდი.
ხატია:
- ძირითადად, ასე ხდება: ქალები კარიერაში გარკვეულ ეტაპებს გადიან, მერე უცებ ვიღაც შეუყვარდებათ და საქმეში ხელი ეშლებათ. ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ პირადი ცხოვრებაც ააწყო და საქმესაც არ შეეშვა. პირადად მე, ბავშვობიდან მსახიობობა მინდა, ჩემი მიზნები მაქვს და მის მისაღწევად გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამ. ამიტომ ჯერჯერობით, ვერ გავთხოვდები.
- თეკლა, თქვენს ქმარს მოსწონს თქვენი პროფესია?
- იცოდა, რომ ცოლად მსახიობი მოჰყავდა. სხვათა შორის, იმ პერიოდში, როცა მხოლოდ შვილების აღზრდითა და საოჯახო საქმეებით ვიყავი დაკავებული, ახლობელი რეჟისორი შინ გვეწვია და ჩემს ქმარს უთხრა: ეს გოგო გაუშვი; საშუალება მიეცი, თავის პროფესიაში დაიხარჯოს, თორემ წარმოდგენა არ გაქვს, რა "ბომბზე" ზიხარ - სახლში დამჯდარი არტისტი სადღაც მაინც ამოფეთქავს და თან - ისე ცუდად, რომ უკან მოგიბრუნდებაო (იცინის). თეატრიდან წამოსვლის მერე საშინელი დეპრესია მქონდა. 6 თვის განმავლობაში ყველაფერი მტკიოდა. დღემდე მესიზმრება, რომ თეატრის სცენაზე ვთამაშობ, გაღვიძებულს კი თითქოს ბოღმა მახრჩობს...
- თეატრში დაბრუნებაზე არ ფიქრობთ?
- პანტომიმაში - არა, რადგან საამისო ასაკიც არ მაქვს, დრამის თეატრში კი ვეღარ ვბედავ...
- შემოქმედებითი პაუზის შემდეგ პირველი როლი სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" შეასრულეთ?
- არა. გასულ ზაფხულს აჩიკო ქავთარაძემ ფილმი გადაიღო, რომელიც ახლა მონტაჟის პროცესშია და მასში ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებ. მანამდე კი რაღაც უმნიშვნელო როლები შევასრულე, სარეკლამო რგოლებშიც ვმონაწილეობ...
ხატია:
- მე მეორე კურსის სტუდენტი ვარ. უნივერსიტეტში ჩაბარებამდე რაღაც სპექტაკლში ვმონაწილეობდი და სერიალ "დეტექტივებშიც" გადამიღეს, სადაც ტყუპი დის როლები შევასრულე. სტუდენტობის პერიოდში სპექტაკლებში, ფილმებში ეპიზოდური როლები ვითამაშე. მინდა, ბატონ ავთო ვარსიმაშვილს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ყოველთვის მხარში მიდგას და კარგ რჩევებს მაძლევს.
- სერიალის ახალ სეზონში თქვენს პერსონაჟებს რა ბედი ეწევათ?
- ამ სეზონში "ჩვენი" ურთიერთობა კარგად დასრულდა - ანუ დედაშვილობამ გაიმარჯვა. შემდეგ რა მოხდება, არ ვიცი...
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)