"3 მეტსახელი მაქვს: ბატონო პრეზიდენტო, მიშა და აფციკა. მგონი, დედაჩემი ერთადერთი ადამიანია, რომელიც გიორგის მეძახის", - მითხრა "კომედი შოუს" მსახიობმა. როგორც წესი, გიორგი აფციაური პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს თავს არიდებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მან ჩვენთვის გამონაკლისი დაუშვა... ვიდრე მის პირად ცხოვრებაზე მოგიყვებით, მცირედ გადახვევას გავაკეთებ: მსახიობთან ერთად ქუჩაში გასვლა მომიხდა. ინტერვიუს ჩასაწერად მყუდრო ადგილს ვეძებდით. მოულოდნელად, გიორგის უამრავი ბავშვი შემოეხვია და მსახიობი მათ რის ვაი-ვაგლახით დაუსხლტა ხელიდან.
- აი, ხომ დაინახე, ბავშვებს ჩემი დანახვა როგორ უხარიათ? ისინი ხშირად მოდიან, მეცნობიან, ჩემ მიმართ სიყვარულს გამოხატავენ და ამაზე უკეთესი აბა, რა უნდა იყოს?!. ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები მეუბნებიან: - მიდი, უფრო მაგრად გააჯავრეო, პრეზიდენტის ფანები კი აღიარებენ: - კარგად აჯავრებ! ჩვენ ისიც მაგრად გვიყვარს და შენც გვიყვარხარო. ამას წინათ ქუჩაში ერთი ბებო შემხვდა და ჩემი დანახვისას აყვირდა, - უსირცხვილო, უსირცხვილოო. - ჩემზე ამბობთ, ქალბატონო-მეთქი? - ვკითხე. - ჰო, ჰო, შენზე ვამბობ, აბა, ჩვენი პრეზიდენტი შენი გასაჯავრებელიაო?.. ზოგჯერ უცნობი ადამიანები სახლშიც მეპატიჟებიან, რაც ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო, მათთან სტუმრობას ვერ ვახერხებ...
- აი, ამით კი ნამდვილად არ ჰგავხარ ჩვენს პრეზიდენტს. ის მათთან სტუმრობას აუცილებლად მოახერხებდა.
- (იცინის) ცდები. პრეზიდენტს მაშინ დავემსგავსები, თუ ოჯახებში მოულოდნელად მივალ და რაღაცას მივულოცავ. ამას წინათ მარნეულში კონცერტი გვქონდა. სცენაზე რომ გავედი და მიშას პაროდიის გაკეთება დავიწყე, უკანა რიგში მსხდომები აყვირდნენ, - მიშა, მიშაო! მერე ვხუმრობდი: ალბათ ხალხი სცენაზე ვერ მხედავდა, მხოლოდ ჩემი ხმა ესმოდათ და იფიქრეს, რომ პრეზიდენტი ესტუმრათ-მეთქი.
- პრეზიდენტის ხმას მეგობრების გასაბითურებლად თუ იყენებ?
- ძალიან დიდი ხნის წინ ერთ ადამიანთან დავრეკე და ვუთხარი, - ბათუმში ვარ და სუფსის ტერმინალთან დამხვდით-მეთქი. ჰოდა, უნდა გენახათ, ამ ტერმინალთან რა სუფრა დამახვედრეს (იცინის). როცა არავინ იცოდა, პრეზიდენტის პაროდიის გაკეთება რომ შემეძლო, მაშინ უფრო ვმაიმუნობდი. ერთხელ პრეზიდენტის ხმით რამდენიმე გოგონას ტელეფონზე დავურეკე, - გამოკითხვას ვატარებ. მაინტერესებს, საქართველოს მოქალაქეებმა ჰიმნი იციან თუ არა-მეთქი. ის საწყლები არაფერში დაეჭვებულან, ეგრევე ამღერდნენ (იცინის).
- ხშირად ამბობენ, აფციკა გაცილებით სერიოზულია, ვიდრე ეკრანზე ჩანსო...
- ჰო, მაგრამ არც ისეთი სერიოზული ვარ, როგორც ამბობენ. უბრალოდ, სამსახურში იმდენად ვიღლები, რომ საღამოს ხუმრობის თავი აღარ მაქვს.
- შენი დაძაბული დღის რეჟიმის გამო, სახლში არ გსაყვედურობენ?
- როგორც წესი, შინ იშვიათად ვარ, ზოგჯერ კი მხოლოდ დასაძინებლად მივდივარ. ოჯახის წევრები ამას უკვე შეეგუვნენ.
- როგორც ვიცი, შეყვარებული ხარ...
- ვინ გითხრა?
- ჩიტმა მომიტანა ამბავი...
- ჰო, რა ვიცი, ასე ამბობენ.
- სხვები რას ამბობენ, ეს საინტერესო არ არის...
- არის ადამიანი, რომელზეც სერიოზულად ვფიქრობ... მაგრამ არა, ჩვენ გუშინ დავშორდით. ამის გამო ზედმეტად მხიარულად ხომ არ გამოვიყურები?
- ალბათ კიდევ გაქვს იმედი, რომ შერიგდებით...
- არა მგონია. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ დავშორდით.
- დაშორების ინიციატორი ვინ იყო?
- როცა ადამიანები ერთმანეთს შორდებიან, ეს ფაქტი მეტ-ნაკლებად, ორივეს ბრალია. დღეს უკვე აღარაფრის შეცვლა არ შემიძლია.
- მის მოხიბვლაში იუმორის გრძნობა დაგეხმარა?
- არ ვიცი, რით მოვხიბლე, მაგრამ იმას კი გეტყვი, რომ ის ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როცა იუმორისტულ გადაცემაში არ ვმონაწილეობდი.
- შეყვარებულის ვინაობას ყოველთვის მალავდი...
- იყო შემთხვევა, როცა ვიღაც მომწონდა და მასთან ურთიერთობას მხოლოდ იმიტომ ვმალავდი, რომ სხვა გოგონების "დაკერვაში" არ შემშლოდა ხელი, მაგრამ ჩემი ბოლო სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი სააშკარაოზე გამოტანაც შევძელი... ახლა ერთ ადამიანზე ვარ კონცენტრირებული. გამოგიტყდები, მის მიმართ დღემდე სერიოზული გრძნობა მაქვს და სხვები არ მაინტერესებს.
- მოკლედ, მაგრად გაგაბა, არა?
- ასე გამოდის.
- ჩვენი ჟურნალის საშუალებით, მისთვის რაიმეს თქმა ხომ არ გსურს?
- არა, უბრალოდ მინდა, ძალიან წარმატებული იყოს და მოძებნოს ისეთი ადამიანი, ვინც გააბედნიერებს... და კიდევ, ბრძოლას მაშინ აქვს აზრი, როცა ურთიერთობიდან რაღაც რჩება, ჩვენს შემთხვევაში კი ყველაფერი საბოლოოდ დასრულდა.
- თანაგიგრძნობ... შეგიძლია მითხრა, როგორი გოგონები მოგწონს?
- მე ისეთი გოგონები მომწონდა, როგორიც ნინი იყო. ის ჩემთვის ყველაფერი გახლდათ. მერწმუნე, რომ არ ყოფილიყო, მასზე საჯაროდ არასდროს ვილაპარაკებდი. მინდა, ჩემი სიყვარულის ამბავი თქვენს ჟურნალში მაინც დარჩეს. ის კარგი ადამიანია და იმედი მაქვს, გარკვეული დროის შემდეგ მეგობრობას მაინც შევძლებთ.
- როგორი შეყვარებული იყავი?
- არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მგონი, სიყვარული არ მაზარმაცებს. ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ მოტივირებული ვიყავი, დღედაღამ ვმუშაობდი... საკუთარ თავზე ლაპარაკი მიჭირს.
- საყვარელ ადამიანს სიურპრიზებით, საჩუქრებით თუ ანებივრებდი?
- მის გამო ბევრი რამ გამიკეთებია, მაგრამ ამ ყველაფრის დაკონკრეტება მართებულად არ მიმაჩნია...
- მისთვის სერენადა თუ გიმღერია?
- ვინაიდან მუსიკალური მონაცემები არ მაქვს, ამისთვის ნამდვილად არ გამოვდგები!
- წარმატებებს გისურვებ!
- გმადლობ.
ელენე ბასილიძე
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)