ჰოლივუდის მსახიობი ჩარლი შინი შოუ Violent Torpedo of Truth-ში გადაღებების დროს ნიუ-იორკში დროებით ბინის დაქირავებას ცდილობს, თუმცა ისეთი ცნობილი სასტუმროები, როგორიცაა Waldorf-Astoria და Trump Soho მსახიობის მასპინძლობაზე უარს აცხადებენ. ამის მიზეზად სასტუმროები ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სკანდალებს ასახელებენ, რომლებშიც მსახიობი იყო გახვეული.
მსხვილი სასტუმროების უმრავლესობას არ სურს, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ჩარლი შინმა მათი ნომრები დაარბიოს, რაც არაერთხელ ჩაუდენია.
"ჩარლისთვის მნიშვნელოვანია მოწევის საშუალება ჰქონდეს. ამის გამო მისთვის შესაფერისი ადგილის პოვნა რთულია. გარდა ამისა, მისი ამალა 30 კაცისგან შედგება, მათ შორის გამნათებლები და, რა თქმა უნდა, მისი მუზები არიან", - აღნიშა მსახიობის მეგობარმა.
როგორც ცნობილია, ჩარლი შინი კომპანია Warner Brothers-ს უჩივის. შინი კონტრაქტის გაუქმების გამო 100 მლნ დოლარს ითხოვს. მსახიობი, რომელიც სერიალში "Two and a Half Men" მთავარ როლს ასრულებდა, სამსახურიდან მარტის დასაწყისში დაითხოვეს. დათხოვნის მიზეზად კომპანია Warner Brothers-მა შინის არაადეკვატური ქცევა და გადაღებების არაერთგზის ჩაშლა დაასახელა. შინის კონტრაქტი 2012 წლის ბოლომდე იყო გათვლილი. ერთ ეპიზოდში ის 2 მლნ დოლარამდე შემოსავალს იღებდა.
მომზადებულია cosmo.ru-ს მიხედვით.