8 აპრილს ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შემზარავი ტრაგედია მოხდა. სამგზავრო მატარებლის დაჯახების შედეგად ბავშვი დაიღუპა.
ადგილობრივების თქმით, იმ ადგილას დიდი ხანია ხდება მსგავსი ტრაგედიები.
"ადრე, როცა ხიდი არ იყო, იყო შლაგბაუმი, რომელიც აკონტროლებდა მატარებლის მიმოსვლას და ადამიანები უფრო დაცულები იყვნენ. რაც ხიდი აშენდა, იმის შემდეგ საერთოდ აღარაფერია და ძალიან საშიშია. არადა, იქვეა სკოლა და განსაკუთრებით საშიში ის ადგილია, რადგან მოსახვევია და თითქმის არ ჩანს მატარებელი თუ მოდის, სანამ არ მიხვალ ლიანდაგთან. ადგილზე რომ ნახოთ, მიხვდებით. არანაირი დაცვის მექანიზმი არ არის, ფიცრებია გადებული გადასასვლელზე და მგონი, ეს ფიცრებიც ხალხის გადებულია. ეს ბიჭუნა იქვე, ახლოს ცხოვრობს. იმ დროს სკოლა არ იქნებოდა, მაგრამ ეტყობა, სადღაც იყო და სახლში ბრუნდებოდა. ვერ გამიგია, რატომ გააუქმეს შლაგბაუმი, უფრო იცავდა იქაურობას. სულ მეშინოდა იმ ადგილის.“ - ჰყვება ადგილობრივი.
"მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს”, - განცხადება გაავრცელა საქართველოს რკინიგზამ.
მოქალაქე ირმა დავითაძე სოციალურ ქსელში ტრაგედიის ადგილზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ფეხით გადასასვლელი ხელოვნურად, ხალხის მიერ არის მოწყობილი. მოქალაქე აჭარის მთავრობას და საქართველოს რკინიგზას მიმართავს.
- ეს ის გადასასვლელია, სადაც გუშინ ბავშვი დაიღუპა და ადრე ბევრი უბედური შემთხვევა მოხდა!
ეს გადასასვლელი არის საჯარო სკოლის წინ, სადაც არასრულწლოვანები სწავლობენ და ნებისმიერი ბავშვი არის საფრთხის წინაშე! არამხოლოდ ბავშვი, აქ ზრდასრულსაც კი გაუჭირდება გადასვლა!
მერამდენე შემთხვევა უნდა მოხდეს, რომ მოაგვაროთ ეს პრობლემა, შვილები არ გყავთ?
თუ ვერ აგვარებთ, გადაკეტეთ საერთოდ ეს ტერიტორია ისე, რომ ქვეითი სკოლასთან მაინც ვერ გადავიდეს! ერთი შლაგბაუმი როგორ ვერ გააკეთეთ აქ ისე, როგორც ადრე ხიდამდე იყო?
დაიღუპა ბავშვი. დაიქცა ოჯახები, ხალხი არა ხართ? - მოაწესრიგეთ.
წაიკითხეთ ასევე: