რუსი ფილოსოფოსი, ალექსანდრ დუგინი ამბობს, რომ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ტრამპის მმართველობით, ბევრი საერთო აქვთ. დუგინი მოუწოდებს ტრამპის მხარდამჭერებს, რომ დროა დაიჯერონ, პუტინი სულაც არ არის "ცუდი ბიჭი". ამ თემაზე დუგინმა CNN-თან ისაუბრა.
მისი თქმით აშშ-ში ტრამპის გამარჯვება და ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯები არის ნაბიჯები გლობალიზმის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დუგინის აზრით, ტრამპის გამარჯვებით შეერთებულ შტატებში "პუტინიზმმა გაიმარჯვა".
დუგინი დასძენს, რომ მისი აზრით, ამ ახალ პირობებში აშშ-სთვის მთავარი მტერი და "ბოროტი ტიპი, ცუდი ბიჭი" პუტინი აღარ არის.
მანვე აშშ-ს უკრაინისთვის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა რუსეთს საშუალება მიეცეს, ევროპას შეუფერხებლად გაუმკლავდეს.
"ვფიქრობ, რომ ტრამპი, ადრე თუ გვიან, და შესაძლოა უფრო ადრეც კი, ვიდრე ვვარაუდობთ, აღმოაჩენს, რომ პუტინს აბსოლუტურად არაფერი აქვს შეერთებული შტატების საწინააღმდეგო, არ აქვს მიზეზი ოპონირებისთვის... არ აქვს კონკურენციის სფერო", - განაცხადა მან.