თეკლა კურდღელია იმ იღბლიან ადამიანებს შორისაა, ვისაც 25 წლის წინ წერილი დაუწერეს და "კვირის პალიტრის" პროექტში "გზავნილი მომავალში" გაგზავნეს. სკივრის გახსნის შემდეგ, გოგონამ საკუთარი გვარი და სახელი რომ ადრესატების სიაში აღმოაჩინა, მიხვდა, რომ წერილის ავტორი ბებია იქნებოდა... ემოციურ ვიდეოში თეკლა ამბობს, რომ ბებოს არ ახსოვდა, თუ რა დაუწერა 25 წლის წინ შვილიშვილს
თეკლა კურდღელია:
"ორი წლის ვიყავი, როცა ბებომ ეს წერილი მომწერა. "კვირის პალიტრის" ამ პროექტის შესახებ რომ გავიგე და ჩემი სახელი და გვარი ამოვიკითხე, მას შემდეგ ემოციებში ვარ. ბებოს დავურეკე და ვუთხარი, ნამდვილად შენ იზამდი-მეთქი, მაგრამ არ ახსოვდა რა დაწერა.
"მე ვამაყობ, რომ ჩემს შემდეგ ჩემი გენი შენნაირ ლამაზ სიცოცხლეში გაგრძელდება. ბებო, ყველა ცდება ვისაც ჰგონია, რომ ეს ცხოვრება მხოლოდ განცხრომისთვისაა. არა, ცხოვრება გარჯისთვის და სიყვარულისთვის გაუჩენია ღმერთს. დაე, ღმერთმა მოგცეს იმის იღბალი, რომ ეს ცხოვრება ლამაზად და ბედნიერად გაატარო".