"ტიკ-ტოკის" სქროლვისას ალბათ ხშირად შეგხვედრიათ მამა-შვილის გულიანი სიცილით სავსე ვიდეოები, რომელიც მაყურებელს გულგრილს ვერ ტოვებს. ეს განსაკუთრებული დუეტი, მარიკა სახელაშვილი და მისი მამა, ძიაძია დიმაა, რომელიც სულ უფრო მეტი ადამიანის გულს იგებს ონლაინ სივრცეში. მათი ვიდეოები ასობით ათას ნახვას აგროვებს – ზოგს ღიმილს ჰგვრის, ზოგს კი, შესაძლოა, ბავშვობის მოგონებებში აბრუნებდეს უბრუნებს.
"ტიკტოკერი არ ვყოფილვარ..." – ასე იწყებს ჩვენთან საუბარს მარიკა, მაგრამ თავადაც იცის, რომ გულწრფელობამ, მამა-შვილის სიყვარულმა და პატარა ოჯახური ისტორიებით გაჯერებულმა ვიდეოებმა ისინი უკვე ნამდვილ ვარსკვლავებად აქცია. მისთვის პოპულარობა მთავარი არ არის – ამ ყველაფრის უკან დგას სურვილი, ადამიანებს აჩვენოს, როგორი სუფთა და დიდსულოვანი ადამიანია მისი მამა, როგორ უყვარს, როგორ ზრუნავს ერთადერთ ქალიშვილზე და მეუღლეზე.
ისინი სოჭში ცხოვრობენ, მაგრამ საქართველო ყოველთვის მათ გულშია. მამას ქართულ ცეკვასთან დიდი ისტორია აკავშირებს, მარიკას კი – უკვე ხუთი თვეა სამშობლოში დაბრუნდა...
- ქუთაისში დავიბადე, 5 წლამდე იქ ვიზრდებოდი და შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად სოჭში გადავედით. 2000 წელს მამამ დააარსა ცეკვის ანსამბლი „იმერეთი“. ძალიან დიდი შრომით მივიდა იქამდე, რომ ანსამბლი პოპულარული გამხდარიყო. ამ ვიდეოებით, მინდა, ხალხმა გაიგოს, რომ მამაჩემი როგორი სუფთა გულის ადამიანია. თავად ბევრი სწყენია, მაგრამ სხვას არასოდეს აწყენინებს. მინდოდა ეს ხალხისთვისაც დამენახებინა და ვამაყობ, რომ ასეთი მამა მყავს. 24 საათი სულ მის გვერდით ვიყავი, დედისერთა ვარ, ახლაც მეკითხებიან ხოლმე დედა თუ გყავსო. დედა ქართველია, უბრალოდ საჯაროდ გამოჩენა არ უყვარს. სახლში სულ ქართულად ვსაუბრობდით, საქართველოშიც ხშირად ჩამოვდიოდი და ამან შემანარჩუნებინა ენა.
- მამა საქართველოში ცეკვაზე დადიოდა?
- მამა ქუთაისიდან დოლით ხელში წავიდა. მამა მაშინ დაეღუპა, როდესაც თავად დაიბადა. ორი დედმამიშვილი ჰყავს, მაგრამ ტყუპისცალია და დაბადებისას მისი და გარდაიცვალა. ბაბუა შვილის დაბადების აღსანიშნად მიდიოდა, როცა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. მამას ძალიან უყვარდა ცეკვა, მაგრამ როდესაც უსახსრობის გამო, სტუდიიდან გამოიყვანეს, მასწავლებელმა იკითხა, სად არის, რატომ არ დადისო, მიზეზი რომ გაიგო, უკან დააბრუნა და მან გაზარდა როგორც მოცეკვავე. დღემდე ჩვენს ანსამბლში ასეთი ტრადიციაა, ვისაც დედა ან მამა არ ჰყავს ცოცხალი, ის გადასახადს არ იხდის.
- ინტერვიუს დაწყებისას მითხარით, მამა ნერვიულობდა დაოჯახებას რომ არ ვჩქარობდიო...
- დიახ, მაგრამ იმდენად მოკედლებული იყო ჩემზე, რომ დღესაც ყოველდღე მწერს, მეუბნება, როგორ ვძლებ უშენოდ, მეშინია არ გავგიჟდეო. უჭირს დედას და მამას ისევ სოჭში ცხოვრება, რადგან მე დაოჯახების შემდეგ თბილისში გადმოვედი. მამას ძალიან უყვარს სიძე და კმაყოფილია, რომ ის ქართველია. ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ვაჩენ მეუღლეს, მას არ აქვს სურვილი რომ დიდ აუდიტორიაში გამოჩნდეს, ამიტომ არ ვდებ ხოლმე მასთან ფოტოებს და ვიდეოებს. შესახედი, ქართველი, მაგარი ვაჟკაცია, მაგრამ არ მინდა, მისი პირადი სივრცე დავარღვიო. თუ მოუნდება, გამოვაჩენ.
- რა რეაქცია გქონდა მამას, როდესაც მომავალი სიძეზე გაიგო?
- 31 წლის ვიყავი ერთმანეთი რომ გავიცანით. ყველაფერი ძალიან ლამაზად მოხდა. მანამდეც მყოლიან ქართველი თაყვანისმცემლები, მაგრამ თაიგულს რომ მიგზავნიდნენ მამა წარბებს შეკრავდა ხოლმე, ამჯერად მოღიმარი ხვდებოდა. ძალიან გაუხარდა, ჩვენი ურთიერთობიდან სიძე ორ თვეში გაიცნო. მე და ჩემმა მეუღლემ იანვარში დავიწყეთ ურთიერთობა, საუბარი და სექტემბერში ქორწილი გვქონდა.
- მაშინ უკვე პოპულარული იყავით?
- დიახ, მამას ბევრი იცნობდა, ისეთი საყვარლად საუბრობს რუსულად, შეცდომებით, მაგრამ მაინც ყველას ესმის მისი. ბაბუები და მამები ახსენდებათ. როდესაც ჩემს ვიდეოს ვაქვეყნებდი 0 კომპლიმენტებს მწერდნენ, მაგრამ მამას ვიდეოებზე ისეთი ამბავი ატყდებოდა ხოლმე, ყველას შეუყვარდა ძია ძია დიმა. 2022 წელს დავიწყე მამაზე ვიდეოების გავრცელება, ყველა ეროვნების ხალხი გვწერდა. მე უფრო იშვიათად ვჩნდებოდი ხოლმე მის ვიდეოებში. მეუბნებოდა, რას მიშვრები მამა, ვერსად ვერ გამივლიაო, თან უხაროდა ყურადღება. თბილისში რომ ჩამოდის და მასთან ერთად დავდივარ ყველა ცნობს. ერთხელ აფთიაქში ვიყავი და რომ დაინახეს, გადაირივნენ, სელფებს იღებდა ხალხი. მორიდებულია, მაგრამ გულში ძალიან უხარია. მიხარია ეს განწყობა, რადგან მინდა, რომ კაცებმა დაინახონ მამა-შვილის ურთიერთობა. ის ასევე ძალიან კარგი მეუღლეა, დედა რომ ცუდად არის ღამე არ დაიძინებს ისეთი ყურადღებიანია. მეუბნება, შენ გამითხოვდი და ერთადერთი ეს დამრჩაო.
- თქვენს ვიდეოებზე სულ დადებითი კომენტარებია, გეფერებიან...
- თებერვლის დასაწყისში შევქმენი ტიკ-ტოკის გვერდი, ერთი მწერდა, ერთადერთი ხართ ვისაც „ჰეითერები“ არ გყავთო. როგორ არ არიან, ხშირად მწერენ ხოლმე რუსულად რატომ საუბრობო. არ მინდა მე პოლიტიკაში ჩარევა, შორს ვდგავარ ამ ყველაფრისგან. არ მიყვარს ადამიანების ასე დაყოფა. მე დავიბადე საქართველოში, მაგრამ სოჭში გავიზარდე, არ მახსოვს, რუსისგან რამე პიროვნულად ცუდი. ერთხელ ჟურნალისტმა დამირეკა, ინტერვიუ უნდოდა და ძალიან ცუდი სათაური გამოიტანა, როგორ ვაფრიალებთ საქართველოს დროშას რუსეთში. მე ასე არ მითქვამს, 26 მაისს თავისუფლების დღეს, კონცერტები გვაქვს ხოლმე და ხორუმის დროს ქართული დროშით გამოვდივართ. ბევრი ახლობელი მყავს, რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელები, ისინიც ჩემი მსმენელები არიან.
- საქართველოში რას საქმიანობ?
- ახლა არაფერს, მამას ანსამბლს ვეხმარები სოჭში, ფორმის შეკერვა იქნება ეს თუ გასტროლები, აქედან ვაგვარებ ყველაფერს. ხუთი თვეა რაც საქართველოში ვცხოვრობ, ჯერ არ ვიცი რას ვიზამ. საქართველოში ცეკვის ანსამბლის გახსნაზე ლაპარაკი არ არის. ალბათ უფრო ბიუთი სფეროში წავალ, სილამაზის სალონი ან დიზაინი. ხელოვანი ადამიანი უფრო შორს იყურება, ვნახოთ როგორ გამომივა.
- მოგწონს საქართველოში ცხოვრება?
- ყველაზე მეტად რაც მაკლია მშობლებია და ასევე მეგობრები და ერთი განსაკუთრებული ადამიანი ლანა, რომელიც დასავით მყავს. საქართველო ძალიან მიყვარს, ნათესავებიც აქ ცხოვრობენ. თუმცა ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა, მაგრამ მივეჩვიე, ჩემი მეუღლისგან, მისი მშობლებისგან უდიდეს სითბოს ვიღებ.
- ძალიან ემოციურად სანახავია ხოლმე ის მამას სიურპრიზები, რასაც მამას უწყობთ...
- საქართველოში რაც გადმოვედი, ყოველ მეორე თვეს მონატრება მერევა ხოლმე. ერთხელ ლანა იყო ჩემთან ჩამოსული, დაბადების დღე ჰქონდა, მაგრამ ქმარ-შვილი დატოვა. შემდეგ ერთად წავედით აქედან სოჭში, მამამ არ იცოდა, რომ მეც ჩავდიოდი. აეროპორტში რომ დამინახა, ეს მართლა სასწაული სცენა იყო, ყველა ამბობდა, რომ ფილმიდან კადრს ჰგავდა. იმიტომ არ გადამიღია, რომ ინსტაგრამზე დამედო, მე ზოგადად მიყვარს სიურპრიზების გაკეთება ყველასთვის, ბაბუასაც ასე მოულოდნელად დავადგებოდი ხოლმე საქართველოში. ეს ემოციები ჩემთვის მნიშვნელოვანია, შემდეგ ვუყურებ და ამით ვეფერები ოჯახის წვერებს.
- ქართველი ნათესავები როგორ შეხვდნენ მამას პოპულარობას?
- ძალიან კარგად, ენატრებათ ხოლმე. ნუ აწვალებ ბიძაჩვენსო მეუბნებიან, მაგრამ თან უხარიათ. კომენტარებში სულ წერენ ჩვენი საყვარელი დიმა ბიძია. ისინიც ამაყობენ და უხარიათ რომ, მათი ნათესავი ძალიან პოპულარულია. მამა ხანდახან ბრაზდება კიდეც, მაგრამ გაბრაზებაც კი ტკბილი აქვს. არავის ატკენს გულს და შეურაცხყოფას არ მიაყენებს.
დედა დიასახლისია კონცერტების მზადებისას მე და მამა რომ ვკამათობდით ხოლმე, დედა ამ დროს გვაწყნარებს, არ იჩხუბოთ, მშვიდად იყავითო, სულ ცდილობს ყველაფერი გამზადებული გვქონდეს და სუფთად ვიყოთ. ახლა ძალიან მეცოდება, შორს რომ არის ჩემგან, შეუძლია საქართველოში ჩამოვიდეს, მაგრამ მამას ვერ ტოვებს.
- მამა დარდობდა გათხოვებაზე თქვენს დაოჯახებაზე, ახლა ალბათ შვილიშვილს ელოდება
- ეს ყველაზე დიდი მოლოდინია, მეც დედისერთა ვარ და ჩემი მეუღლეც. ორივე მხრიდან ელოდებიან ამ ბედნიერებას. ეს უკვე ღმერთის ნებაა. მაგრამ ალბათ თუ მამაჩემი გადაწყვეტს საქართველოში გადმოსვლას ამის მიზეზი იქნება შვილიშვილი. ვერ გაძლებს ბავშვის გარეშე, ასეთი თბილი და ტკბილი მამა რომ არის ბაბუა იქნება უარესი. ის მომენტიც კი მაქვს მოფიქრებული როგორ გავაგებინებ სიურპრიზის სახით, რომ შვილიშვილი ეყოლება.