Geo Team - ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" ბრუნდება.
გამოცემის ცნობით, ინფორმაცია სფფ-ს გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა დაადასტურა.
“ახლახან "დინამო არენა" ხელმეორედ შეისწავლეს და დღეს სტადიონის პირველი იარუსის 1/3 გამოყენება არ შეგვიძლია, რაც არ უშლის ხელს უეფას ზონებს და მატჩის "დინამო არენაზე" ჩატარების შესაძლებლობას”, - თქვა დავით მუჯირმა.
როგორც ირკვევა, საქართველო - სომხეთის მატჩი დინამო არენაზე გაიმართება და დაბლოკილი მხოლოდ პირველი იარუსის 6 სექტორი დაიკეტება, რაც დაახლოებით 4,000 ადგილია.
შეგახსენებთ, გასულ წელს ფედერაციის გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, 2024 წლის შემოდგომაზე, ეროვნული ნაკრების პირველი თამაში უეფას ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არა "დინამო არენაზე", არამედ "მიხეილ მესხის სტადიონზე“ გაიმართა, რასაც წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ სტადიონი ამორტიზებული იყო.
თუმცა 2024 წლის გაზაფხულზე სწორედ "დინამო არენაზე“ გამართა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური (ლუქსემბურგთან) და ფინალური მატჩები (საბერძნეთთან).
2015 წელს უეფას სუპერ თასის მატჩისთვის სტადიონის რეკონსტრუქციაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი დაიხარჯა და მას შემდეგ სტადიონმა უამრავ საერთაშორისო დონის ღონისძიებას უმასპინძლა.
სტადიონს კიდევ ერთი რეკონსტრუქცია 2023 წლის უეფას ევროპის 21 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის წინ ჩაუტარდა, რომლის თანამასპინძელიც საქართველო იყო. მაშინ კლუბმა გაავრცელა ცნობა, რომ განახლდა გასახდელები, საშხაპეები, ლოჟები (ვიპ, პრესის, კომენტატორების ოთახები, სტუმართა ლოჟა).