ქართველი ებრაელი სტავ კორენ ყოყუაშვილი ოქტაგონზე ისრაელისა და საქართველოს დროშით გამოდის. ის არის MMA-ს მებრძოლი ისრაელიდან. ახლა სტავი იბრძვის LFA ორგანიზაციაში. ბოლო ბრძოლა მან ცოტა ხნის წინ ჩაატარა და ამერიკელი მეტოქე 4 წუთში დაამარცხა. ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე მას ისრაელში ესტუმრა და UFC-ის მომავალ ჩემპიონთან ინტერვიუ ჩაწერა საკუთარ სახლში, ბეერ-შევაში.
სტავ კორენმა, ისრაელის MMA-ის მებრძოლმა, რომელიც ამჟამად იბრძვის LFA ორგანიზაციაში, სულ ცოტა ხნის წინ, მოიგო ბრძოლა ორგანიზაციის 196-ე ღონისძიებაზე, რაც იყო მეხუთე პროფესიული ბრძოლა მის კარიერაში. სტავმა ამერიკელი მეტოქე, პიტერ ლუსიტი პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
სტავ კორენი ახლა რჩება დაუმარცხებლად 5-0 პროფესიონალური რეკორდით და ძალიან მალე მიიღებს მორიგ ბრძოლას LFA ორგანიზაციისგან. ვინ იცის, შესაძლოა, მალე კიდევ ერთი ისრაელ-ქართველი მებრძოლი გვყავდეს UFC-ში, რადგან, როგორც ექსკლუზიურად ვიცით, უკვე აქტიურად განიხილება სტავის კარიერის გაგრძელება ufc-ში, სადაც უკვე ორი ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურიაა.
- გვიამბე შენს შესახებ სტავ, როგორ შემოვიდა სპორტი შენს ცხოვრებაში?
- 24 წლის ვარ, 13 წლიდან ვვარჯიშობ. უკვე 11 წელია სპორტში ვარ. ვვარჯიშობ სერიოზულად და ძლიერ. დავიწყე შერეული ორთაბრძოლით, ძირითადად. მაქვს ჯიუ ჯიცუს ყავისფერი ქამარი. კარგი ბექგრაუნდი მაქვს ჭიდაობაში. ისრაელის ჩემპიონატზე მესამე ადგილი მაქვს დაკავებული ადრე. შეიძლება ითქვას, რომ ჭიდაობაც ჩემი ძლიერი მხარეა. ამას გარდა 4 წელი ვაკეთებდი Muay Thai-ს. სპორტულ ცხოვრებას მივდევ მთელი ცხოვრება.
- როდის გქონდა პირველი პროფესიული ბრძოლა?
- ჩემი პირველი პროფესიული ჩხუბი იყო სრული ომი, 16 წლის ვიყავი, იყო ძლიერი ჩხუბი, 3 რაუნდით, ის ისრაელში ჩატარდა. იყო მასშტაბური, ბევრი ხალხი ესწრებოდა მას. სრული ფურორი იყო. და სწორედ ამ დღიდან ვიცი, რომ განსაკუთრებული ძალა და ენერგია მაქვს, მას შემდეგ წავიდა ჩემი გზა mma-სკენ, გავაანალიზე რომ მენტალურად და ფიზიკურად უფრო სერიოზულად უნდა წავიდე და უფრო მაგარი სპორტსმენი გავხდე. შემდეგ უკვე მეორე ჩხუბი ნიდერლანდებში მქონდა, მეტოქე იქაც მაგარი იყო, გავიმარჯვე, ამის შემდეგ კვიპროსზე ვიჩხუბე ადგილობრივ მოწინააღმდეგესთან, ასევე გამოცდილთან და ძლიერთან, გავიმარჯვე. ამის შემდეგ უკვე გადავწყვიტე რომ ოფიციალურად ჩავერთო პროფესიონალურ ჩხუბებში და და წავიდეს ჩემი კარიერა ამ მიმართულებით.
- ბოლო ჩხუბის შესახებ გვითხარი, შტატებში, ლოს-ანჯელესში იყო, ხომ?!
- ufc-ში ჩავედი, შევხვდი მერაბ დვალიშვილს, ის ჩემი მეგობარია, მიხარია, რომ ვიცნობ და ვმეგობრობ მასთან. ვივარჯიშეთ ერთად, ის დამეხმარა. მას მისი ჩხუბი ჰქონდა, მე ჩემი, მან მოიგო, მეც მოვიგე. ჩემი ჩხუბი იყო LFA-ში, ესეც სერიოზული ორგანიზაციაა და ეს დიდი ნაბიჯია.
- როგორია გეგმები სამომავლოდ? ვიცი, რომ ufc-ის კუთხითაც არის უკვე საუბრები და ხედვები.
- მთავარი მიზანია ufc-ს ჩემპიონი გავხდე, ამ გზაზე ვიყურები და ამ გზით მივდივარ. ესაა ჩემი სტანდარტი და მიზანი. მინდა რომ ვიყო საუკეთესო. არ აქვს მნიშვნელობა რა დრო დასჭირდება, დაველოდები და ვიბრძოლებ მისთვის. მჯერა და ვენდობი ჩემს უნარებს, ვიცი, რომ ოცნებები ხდება, მართალია შუა გზაზე ვარ, მაგრამ ეს ასე იქნება, მე UFC-ის ჩემპიონი გავხდები.
- დროშაზეც გვითხარი სტავ, როგორც კადრებში ვნახე, საქართველო-ისრაელის დროშით გამოდიხარ ოქტაგონზე, ეს დიდი მესიჯია ორივე ქვეყნისთვის.
- მე ისრაელში დავიბადე, აქ გავიზარდე, ჩემი ოჯახი საქართველოდანაა, მე ქართველივით ვგრძნობ თავს, ქართველივით ვიქცევი. მიხარია, რომ ქართული სისხლი მაქვს, მართალია არ დავიბადე საქართველოში, მაგრამ მამაჩემი ხომ დაიბადა. ოჯახში ქართულად ვსაუბრობთ. ფიზიკურად და გენეტიკურად ქართველივით ვგრძნობ თავს. რა თქმა უნდა წარმოვადგენ საქართველოსა და ისრაელის დროშებს ერთად. მიყვარს ისრაელი, ისრაელის ხალხი და ყველაფერი ისრაელის, ის ჩემი სახლია. გიგზავნით ბევრ სიყვარულს საქართველოში.
ავტორი: მიხეილ ხაჩიძე