22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში ტრანსგენდერ ქალ ნატა ტალიკაშვილზე ძალადობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
როგორც ტრანსგენდერი ქალი, ნატა ტალიკიშვილი მედიასთან ინტერვიუში აცხადებდა, შემთხვევა თბილისში, 20 ოქტომბრის ღამით მოხდა. მისი თქმით, მას კაცმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი აგურის ნატეხი ჩაარტყა.
მართალია შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალურად არ ადასტურებენ, მაგრამ ტრანსგენდერ ქალზე თავდამსხმელის ვინაობას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. მათი ინფორმაციით, დაკავებულია ოპოზიციური კოალიცია "ძლიერი საქართველოს" საპარლამენტო სიის 53-ე ნომერი, დავით ფერაძე. იგი ანა დოლიძის პარტიის, "ხალხისთვის" წევრია.
პარტია "ლელოში" გმობენ ყოველგვარ ძალადობას და შსს-ს ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
ამასთანავე, პარტია "ანა დოლიძე ხალხისთვის“ ტრანსგენდერ ქალ ნატა ტალიკიშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით ფერაძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
მათი ცნობით, ფერაძემ პარტია ერთი თვის წინ, მისი სურვილით დატოვა, თუმცა, "ანა დოლიძე ხალხისთვის“ ფერაძესთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობას იქამდე წყვეტს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.
"ქართული ოცნება“ დიდი ხანია საფრთხეს ხედავს "ძლიერი საქართველოს“ კოალიციაში, რომელიც ხელისუფლების რეალურ ალტერნატივას წარმოადგენს.
ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს შემდეგ, ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო ცხადი გახდა. შესაბამისად, გასაგებია რომ სწორედ "ძლიერი საქართველოა’’ უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან წნეხის სამიზნე.
ამ ფონზე მნიშვნელოვნად ვთვლით გავაკეთოთ განმარტება, რომ დავით ფერაძემ ერთი თვის წინ, მისი ნებით დატოვა პარტია და არ წარმოადგენს პარტია "ხალხისთვის“ წევრს. მიგვაჩნია, რომ საარჩევნო მგრძნობიარე პერიოდში უსაფრთხოების სამსახურს მსგავსი სცენარების განხორციელების მცდელობები ექნება.
შესაბამისი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ პარტია "ხალხისთვის“ ვწყვეტთ ნებისმიერი სახის თანამშრომლობას დავით ფერაძესთან, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და სიმართლე არ დადგინდება.
პარტია "ხალხისთვის“ კოალიციის მიზნების მხარდაჭერას აგრძელებს და 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.