კონსერვატორიის სტუდენტის, 23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მირიან თოხაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო.
“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განცხადებით, თოხაძემ დანაშაული ალკოჰოლური თრობის ქვეშ ჩაიდინა.
როგორც პროკურორი საკუთარ შუამდგომლობაში აცხადებდა, ბრალდებული ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისკენაა მიდრეკილი და ის წარსულში, საკუთარი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვისაა მსჯავრდებული.
პროკურორი გია შაიშმელაშვილი ასაბუთებდა, რომ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდების, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს. მათ შორის, მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
შაიშმელაშვილის განმარტებით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ თოხაძე მიიმალა და პოლიციის მიერ იქნა შეჩერებული, სულ სხვა ადგილას.
პროკურორის თქმით, ბრალდებული გასამართლებულია ოჯახის წევრის წინააღმდეგ განზრახ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებისთვის - ნაწილი პირობითი მსჯავრის ქვეშ აქვს მოხდილი, ნაწილი კი პენიტენციურ დაწესებულებაში. სახელმწიფო ბრალდებულის თქმით, თოხაძე ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებულია, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო.
“სახეზე გვაქვს პატარა ბიჭის მკვლელობა არაფრის გამო. მან საფრთხე შეუქმნა საქმეზე არსებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, ის დანაშაულის ჩადენის შემდეგ დანასთან ერთად მიიმალა. რომ არა პოლიციის ოპერატიული ქმედება, შარტავას ქუჩაზე, მერიის წინ მისი შეჩერება და მის მიმართ ჩატარებული ჩხრეკა, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა არ გვექნებოდა", - განაცხადა შაიშმელაშვილმა.
დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მიანდო. ადვოკატ ირმა ინასარიძის განმარტებით, თოხაძეს ნასამართლეობა გაქარწყლებული აქვს. ამასთან ის ჩხუბის ინიციატორი არ იყო და მას ჩხუბის კვალი სახეზე ეტყობა.
ბრალდებული ამ ეტაპისთვის დუმილის უფლებით სარგებლობს.
ცნობისთვის, მირიან თოხაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
იხილეთ ასევე: