ავტორი:

"ქორწინებაზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია, თორემ მთხოვნელები როგორ არ მყავდა" - რას ჰყვება სვეტიცხოვლის კოლორიტი გიდი პროფესიასა და ბუდუ ზივზივაძესთან ნათესაობაზე?

"ქორწინებაზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია, თორემ მთხოვნელები როგორ არ მყავდა" - რას ჰყვება სვეტიცხოვლის კოლორიტი გიდი პროფესიასა და ბუდუ ზივზივაძესთან ნათესაობაზე?

ალბათ, იშვიათია ისეთი კოლორიტული, გამორჩეული პიროვნება, როგორიც 68 წლის ციცინო ზივზივაძეა - სვეტიცხოვლის გიდი, რომელსაც საქართველოში კარგად იცნობენ. კლასიკური სამოსი და ქუდი ან შლაპა მისი სავიზიტო ბარათია. სვეტიცხოველში შესულ უცხოელებს ცნობილი გიდი საქართველოს ისტორიას აცნობს და ამ მშვენიერი ტაძრის ამბავს დიდი სიყვარულით უყვება.

- ალბათ, მკითხავთ, ტელევიზიასა და პრესაში რატომ აღარ ვჩანვარ. სიმშვიდის მოყვარული ვარ, არ მიხარია, როცა ჩემი გადაღება სურთ, მაგრამ ჟურნალისტები ყველგან მპოულობენ. მარტო ქართველები კი არა, უცხოელებიც მიღებენ. "ფეისბუკშიც" იშვიათად შევდივარ, ტელევიზიაშიც ჩემი ფეხით არასდროს მივსულვარ, თვითონ მოდიოდნენ სვეტიცხოველში, მიღებდნენ და მეც უარს ვერ ვეუბნებოდი. ახლა უკვე უარის თქმას შევეჩვიე.

პროფესიით ისტორიკოსი ვარ. ადრე უფროსი მეცნიერმუშაკი ვიყავი მცხეთის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში. მერე მუზეუმი დახურეს და გიდობა დავიწყე. 10 წელია, ამ საქმეს ვემსახურები. რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ტურისტებს შენი სამშობლოს ისტორიას აცნობ. მე ამას მთელი გულით და სიყვარულით ვაკეთებ, რადგან მიმაჩნია, რომ ეს დიდი საქმეა. მუზეუმი, სადაც ვმუშაობდი, სვეტიცხოვლის ტერიტორიაზე იყო, სვეტიცხოველი ყოველთვის ძალიან მიყვარდა და ბედნიერი ვარ, რომ აქაურობას შემოვრჩი. ასაკში შევედი, მაგრამ აქაურობა არ მეთმობა.

- ტურისტებთან მკაფიო ქართული აქცენტით ლაპარაკობთ. რა რეაქცია აქვთ ამაზე?

- ინგლისურიც და რუსულიც ჩემით ვისწავლე და ამას პირდაპირ ვეუბნები - მე ქართველი ვარ და მომწონს, რომ ქართული აქცენტით ვლაპარაკობ. აბა, სუფთა რუსულით რატომ უნდა ვილაპარაკო? საქართველო ისე მოსწონთ, რომ მეორედ და მესამედაც ჩამოდიან. ამბობენ, ამ ქვეყანაში საოცარი ენერგეტიკააო, მადლობას მიხდიან და ჩემთან ერთად ფოტოებს იღებენ. მართალია, გრამატიკული ინგლისური ან რუსული არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს წრფელი გულით ვამბობ, ჩემი ქვეყანა მიყვარს და ამას ხვდებიან. რუსებს პირდაპირ ვეუბნები, რომ რუსეთმა ჩვენი ქვეყანა დაიპყრო, ქართული ეკლესია-მონასტრები კირით შეათეთრა და უნიკალური ფრესკები წაგვიშალა. სულაც არ ვფიქრობ, რამე არ ეწყინოთ... მეც მწყინს, რომ ჩემი ქვეყანა დაპყრობილია! ბევრი მეუბნება, რუსებს ოკუპანტებს რატომ უწოდებ, ეს შეურაცხყოფააო. რატომაა შეურაცხყოფა? - მე სიმართლეს ვამბობ და ვუყვები, როგორ გვექცეოდა რუსეთი გეორგიევსკის ტრაქტატის დადებიდან დღემდე.

- ამას რომ ამბობთ, არ აპროტესტებენ?

- პირიქით, ზოგიერთი ბოდიშსაც იხდის. მე ვასაბუთებ იმას, რაც სრული სიმართლეა. ჩემს სიტყვებს ისევ მოღალატე ქართველი თუ გააპროტესტებს, თორემ შეგნებული რუსები არ აპროტესტებენ.

- დარწმუნებული ვარ, თქვენი სამოსით და იერითაც იქცევთ ტურისტების ყურადღებას.

- გიდი საქართველოს სახეა და ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს. ძალიან მიყვარს კლასიკური სამოსი. სვეტიცხოველში სტუმრები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან და ვცდილობ ღირსეულად დავხვდე. გული მტკივა, რომ ზოგიერთი ტურისტებს ისტორიას დამახინჯებულად უყვება. ზოგჯერ ტაქსის მძღოლებიც გიდობენ, შემოიყვანენ ტურისტებს ტაძარში და სისულელეებს უყვებიან. ასეთ ხალხს სულ ვეუბნები, ჯობია გაჩუმდეთ, ვიდრე ტურისტებს სიცრუე ან სისულელე უთხრათ-მეთქი. ჩემი პირდაპირობის გამო ბევრი მოკეთეც მყავს და მტერიც, მაგრამ როცა მაგინებენ, ყურადღებას არ ვაქცევ. ისტორიის ფაკულტეტი წარჩინებით მაქვს დამთავრებული, მაგრამ მაინც ყოველდღე ვკითხულობ, მარტო "ვეფხისტყაოსანი" მაქვს, მგონი, ასჯერ წაკითხული, მაგრამ სულ მგონია, რომ ჩემი ქვეყნის ისტორიაზე სათანადოდ ვერ ვლაპარაკობ. მიკვირს, ასეთი ხალხი რატომ აძლევს თავს უფლებას, ასეთ წმინდა საკითხებს შეეხოს?!

- ჩვენი ცნობილი ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე თქვენი მოგვარეა თუ ნათესავი?

- ბუდუ ჩემი სისხლით ნათესავია. მიხარია, რომ გვარში ასეთი გამორჩეული ადამიანი გვყავს. მის ყველა თამაშს ვუყურებ და ვგულშემატკივრობ. გააგრძელეთ კითხვა