1924 წლის აჯანყების 100 წლისთავთან დაკავშირებით „პალიტრა L-ი“ როსტომ ჩხეიძის „შავ ჩოხას“ გამოსცემს - წიგნი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრებაზე

1924 წლის აჯანყების 100 წლისთავთან დაკავშირებით „პალიტრა L-ი“ როსტომ ჩხეიძის „შავ ჩოხას“ გამოსცემს - წიგნი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრებაზე

წელს 1924 წლის კახეთის აჯანყებიდან 100 წლისთავი სრულდება, რასაც „პალიტრა L-ი“ როსტომ ჩხეიძის „შავი ჩოხის“ ახალი გამოცემით ეხმაურება. 9 სექტემბრიდან წიგნი სპეციალურ ფასად - 15 ლარად იქნება ხელმისაწვდომი როგორც მაღაზიებში, ისე გამომცემლობის ვებგვერდზე.

როსტომ ჩხეიძის ეს ბიოგრაფიული რომანი აჯანყების თაოსნის, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ცხოვრებას ეძღვნება, „ეს არის წიგნი, რომელიც სამ დროს - წარსულს, აწმყოსა და მომავალს აერთიანებს“, - ასე შეაფასა ის ჯანსუღ ჩარკვიანმა.

ავტორი თავისი თვალთახედვით აღწერს აჯანყების მონაწილეებსა და მის მთავარ გმირს - ქაქუცა ჩოლოყაშვილს, აანალიზებს მისი ცხოვრების მთავარ მოვლენებს, რეალისტურად წარმოაჩენს ბოლშევიზმის სისხლიან ბუნებას და იმ ზიანს, რაც მან ჩვენს ქვეყანას მიაყენა.

„შავი ჩოხის“ ავტორის - როსტომ ჩხეიძის შესახებ

როსტომ ჩხეიძე ქართველი მეცნიერი, მწერალი და პოლიტიკური მოღვაწეა. არის მონოგრაფიების, ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიების, ესეების, პიესებისა და მხატვრულ-დოკუმენტური წიგნების ავტორი, მათ შორის 29 ბიოგრაფიული რომანის, რომლებიც ძირითადად მოიცავს XIX-XX საუკუნეების საქართველოს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ლიტერატურულ-კულტურულ ცხოვრებას.

1924 წლის კახეთის აჯანყების შესახებ

ქაქუცა ჩოლოყაშვილი 1924 წლის კახეთის აჯანყების თაოსანი იყო. 1921 წლიდან - საქართველოში საბჭოთა ჯარების შემოსვლიდან 1924 წლამდე მან ურთულესი გზა განვლო, ცხოვრება მუდმივად დევნილობაში უწევდა, თუმცა ბოლშევიზმის დაუძინებელ მტრად რჩებოდა.

1921 წელს საქართველოში საბჭოთა ჯარების შემოსვლის შემდეგ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა იძულებულია, ემიგრაციაში გაიქცეს, თუმცა ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქვეყანაში რჩება და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას განაგრძობს.

3-წლიანი დაუმორჩილებლობის შემდეგ, 1924 წელს დაინიშნა საყოველთაო აჯანყება, რომელიც ყველგან ერთდროულად, 29 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. საბედისწერო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ჭიათურაში აჯანყებამ 24 საათით ადრე, 28 აგვისტოს იფეთქა. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა მაინც სცადა აჯანყების ბედის შეტრიალება. მან აიღო მანგლისი, დუშეთი, გაიმარჯვა სვიმონიანთხევსა და ხევგრძელაზე გამართულ სასტიკ ბრძოლებში, თუმცა შეიტყო დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ გამოცხადებული პროკლამაციის შესახებ, რომლის თანახმადაც აჯანყება დამარცხდა. ამასთან, აჯანყებულებს უკვე აღარ შეეძლოთ თბილისის აღება, რადგან ბოლშევიკები კარგად იყვნენ შეტევისთვის მომზადებულები. საბოლოოდ, ქაქუცა ჩოლოყაშვილს ქვეყნის დატოვება მოუწია.

1924 წელს საქართველოს ეროვნული გმირი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ოსმალეთის გავლით საფრანგეთში ჩადის, თუმცა იცის, რომ ჩეკისტები მის ახლობლებს სასტიკად სდევნიან და ავიწროებენ, რაც მის ცხოვრებას მძიმე დაღს ასვამს. განუწყვეტელი დარდი, ოჯახის მონატრება და ძველი ჭრილობები მალევე აისახება მის ჯანმრთელობაზე. 1930 წლის 27 ივნისს სანატორიუმში ხდება ცუდად. სიკვდილის წინ კრემაცია ითხოვა, იქნებ ასე მაინც მოვხვდე საქართველოშიო, თუმცა თხოვნა ვერ შეუსრულეს. 2005 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი საფრანგეთიდან გადმოასვენეს და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

R