მსახიობ ეკა ჩხეიძესთან, გადაცემაში “პირველი სტუდია“ ცნობილმა ქართველმა სოპრანომ თამარ ივერმა მისი რეპრესირებული ოჯახის წევრების შესახებ ისაუბრა.
მან ბებიის და ბაბუის გადასახლების ისტორია გაიხსენა. მაშინ ივერის მამა დაახლოებით 3-4 წლის იქნებოდა. მომღერლის თქმით ყაზახეთის ცხელ კლიმატში ცხოვრებამ მამამისს გული დაუავადა.
“ეს არის ძალიან მძიმე ისტორია, რომელიც ბავშვობიდან მომყვება. ბებია მიყვებოდა, რომ ღამე იყო, ლობიოს აკეთებდა, ბავშვები იყვნენ პატარები -მამაჩემი ალბათ 3-4 წლის იქნებოდა, მეორე ძმა ცოტა უფროსი. ღამე ვიღაცა დაადგათ თავზე, მკაცრი კაკუნი იყო და უბრძანეს რომ 10 წუთში დაეცალათ ბინა. ერთადერთი, ბებიამ გაზის გამორთვა მოასწრო, აყარა ბავშვები და მთელი ოჯახი შეყარეს ვაგონში.
ბაბუა ცნობილი ჟურნალისტი იყო, მაშინდელი გაზეთის ერთ-ერთი თანარედაქტორი, ალბათ ისეთი რაღაც დაწერა, რაც არ უნდა დაეწერა.
რამდენიმე დღე იარეს მშიერ- მწყურვალებმა და მერე ყაზახეთში, შუა მინდორში დაყარეს მთელი ოჯახი. ჯოხებით, ფოთლებით და ხეებით იწყებდნენ იმ მინდორში ფაცხების აშენებას. ბევრმა ვერ გადაიტანა და იქვე გარდაიცვალა. 4-5 წელი მოუწიათ იქ ყოფნა, ომის დამთავრებამდე.
მამას გული იქ დაუავადდა...“, - იხსენებს თამარ ივერი, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ უმძიმესი ცხოვრებისეული გამოცდილებისა, მისი ოჯახი საბჭოთა კავშირის ბელადის, სტალინის “ფანი“ იყო.
როგორც თამარ ივერმა გაიხსენა, მისმა მამამ ყაზახეთიდან დაბრუნების შედეგ ჩააბარა მუსიკალურში და ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
“იმ დროს ძალიან რთული იყო უცხოეთში გასვლა, რკინის ფარდა იყო... თვით მოსკოვშიც ძალიან რთული იყო ჩასვლა. ეს მხოლოდ ერთეულების ხვედრი იყო. დასამალი არაფერი მაქვს როგორც მამაჩემის შვილს და თუ არ იყავი დათიკო ანდღულაძის სკოლის წარმომადენელი, მის კლასში; ან დიმიტრი მჭედლიძის კლასში, მაშინ არ ჰქონდა ყველა მომღერალს იმის პრივილეგია, რომ მოსკოვში წასულიყვნენ და ემღერათ“, - გაიხსენა თამარ ივერმა.
ასევე იხილეთ: