ავტორი:

"ცივი ომის" შემდეგ ნატო-ს ყველაზე მასშტაბური წვრთნა დაიწყო - ეს იმისთვის, თუ რუსეთი ნატო-ს მოკავშირე ქვეყანას თავს დაესხმება: რას მოიაზრებს Steadfast Defender-ის სცენარი?

"ცივი ომის" შემდეგ ნატო-ს ყველაზე მასშტაბური წვრთნა დაიწყო - ეს იმისთვის, თუ რუსეთი ნატო-ს მოკავშირე ქვეყანას თავს დაესხმება: რას მოიაზრებს Steadfast Defender-ის სცენარი?

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დღეს "ცივი ომის" შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს - Steadfast Defender 24-ს ("მტკიცე მცველს“) ასრულებს.

  • წვრთნები, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიის შეკავებას, ორ წელზე მეტი ხნის წინ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების ვითარების საპასუხოდ დაიწყო.

ნატო-ს შტაბ-ბინის ცნობით, წვრთნებში, რომელიც დაახლოებით ოთხი თვის წინ დაიწყო, მონაწილეობა მიიღო 90 000-ზე მეტმა სამხედრომ ნატო-ს 32-ვე წევრი ქვეყნიდან, მათ შორის შვედეთიდან, რომელიც ალიანსს წელს შეუერთდა.

აღჭურვილობის თვალსაზრისით, წვრთნებში 50-ზე მეტი ხომალდი, 1100-მდე საბრძოლო მანქანა და 80-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავი იყო ჩართული. კერძოდ, წვრთნების ფარგლებში, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ეროვნული და მრავალეროვნული სახმელეთო ძალების მომზადება და განლაგება განხორციელდა.

  • სააგენტო dpa წერს, რომ Steadfast Defender-ის სცენარი არის მოკავშირეთა ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმა, რაც იწვევს ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების მე-5 მუხლის ამოქმედებას. ალიანსში აცხადებენ, რომ წვრთნების ფარგლებში პირველად გამოცადეს ალიანსის ახალი რეგიონული თავდაცვის გეგმები, რომლებიც მოკავშირეებმა გასულ წელს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით შეათანხმეს.

ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში უკვე რამდენიმე თვეა, რაც საუბრობენ, რომ უნდა გააძლიერონ მზადება მოულოდნელობისთვის და მათ შორის, რუსეთთან ომისთვის.

  • "ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არ ვართ ისეთ მოცემულობაში, თითქოს მშვიდობიან გარემოში ვცხოვრობთ. ამიტომ ნატოს ძალები ვემზადებით ყველა მოულოდნელობისთვის, მათ შორის, რუსეთთან კონფლიქტისთვის", - აცხადებდა ჯერ კიდევ იანვარში ნიდერლანდების წარმომადგენელი, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი, ადმირალი რობ ბაუერი.

გარდა ამისა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ უკრაინის ომი შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს.

"ჩვენ თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარები კრემლისგან ჩვენი მეგობრების წინააღმდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნებში“, - განაცხადა პისტორიუსმა.