ავტორი:

რას აჩვენებს აშშ-ის უმნიშვნელოვანეს შეთავაზებაზე "ქართული ოცნების" პასუხი? - "ამერიკელებმა თავისი განცხადებით გარკვეული ტესტი ჩაუტარეს ხელისუფლებას... ამათაც ჩამოიხსნეს ნიღაბი..."

რას აჩვენებს აშშ-ის უმნიშვნელოვანეს შეთავაზებაზე "ქართული ოცნების" პასუხი? - "ამერიკელებმა თავისი განცხადებით გარკვეული ტესტი ჩაუტარეს ხელისუფლებას... ამათაც ჩამოიხსნეს ნიღაბი..."

მმართველი პარტია "ქართული ოცნება“ საგანგებო წერილით პასუხობს აშშ-ს კონგრესმენების ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საქართველო ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში აშშ-სგან ვიზალიბერალიზაციასა და მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს.

"ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული, ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო - საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, რითაც მმართველი პარტია გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

"გუშინ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შესახებ. კანონპროექტის თანახმად, საქართველო მიიღებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება "ენჯეოების" გამჭვირვალობის შესახებ კანონს გაიწვევს, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს არ მიიღებს, არჩევნებს კარგად ჩაატარებს და ამერიკის მიმართ უარყოფითი რიტორიკისგან თავს შეიკავებს. საწინააღმდეგო შემთხვევაში კი, კანონპროექტი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციებს ითვალისწინებს...

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ "ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასაც და ამერიკელი ჩინოსნების კრიტიკასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. უკვე მრავალი წელია, საქართველოს ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში უწევს ცხოვრება, რაშიც საკვანძო როლს სწორედ გარედან დაფინანსებული "ენჯეოები" ასრულებენ. მეტიც, 2020 წლის ნოემბრიდან, "ენჯეოებმა“ უკვე ორჯერ სცადეს საქართველოში რევოლუციის მოწყობა. გარდა ამისა, მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა არის მუდმივი თავდასხმის ობიექტი რიგი ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ჩინოსნების მხრიდან, რისგანაც საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური რიტორიკით უწევს თავის დაცვა.

ამ ყველაფრის ფონზე, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული. ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო. სამწუხაროდ, რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს ისევ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან.

საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს. ჩვენ ვიღებთ "ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონს იმის გამო, რომ ქვეყნის დამშვიდების სხვა შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ. როგორც უკვე აღინიშნა, "ენჯეოებმა“ 2020 წლიდან უკვე ორჯერ სცადეს ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა და მესამე მცდელობას გულხელდაკრეფილი ვეღარ დაველოდებოდით. ეს კანონი ჩვენთვის არის არა ვაჭრობის საგანი, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ეფექტური საშუალება, ქვეყნის სუვერენიტეტით კი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ. ვერც საქართველოზე უსამართლო თავდასხმებს დავტოვებთ უპასუხოდ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა...

რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები საქართველოზე თავდასხმებს განაგრძობენ, ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის შესახებ კანონიც დაგვჭირდება და თავდასხმების მოგერიებაც. შესაბამისად, დღეს "ენჯეოების" გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ალტერნატივა არა აქვს.

ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება ჩვენს პარტნიორებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეუძლიათ. თუ ისინი ამას გააცნობიერებენ, ურთიერთობები ძალიან სწრაფად დალაგდება, მაგრამ თუ საქართველოს მიმართ იგივე მიდგომებით განაგრძობენ მოქმედებას, ამით საქართველოს ინტერესებსაც დააზარალებენ და ამერიკისაც.

როგორც უკვე ითქვა, ყველაფერი პარტნიორების ხელშია და საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, ცალმხრივად არაფრის შეცვლა შეუძლია. შესაბამისად, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ამერიკაში რაციონალური აზრი გაიმარჯვებს, რითაც ორივე ქვეყანა მხოლოდ სარგებელს მიიღებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

როგორი იქნება აშშ-ს საპასუხო რეაქცია და შემდგომი ნაბიჯები, ამას მალე ვიხილავთ, ფაქტი კი ისაა, რომ ამ განცხადებით ხელისუფლება რუსული კანონის გამო სტრატეგიულ პარტნიორს უარს ეუბნება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს წინადადებებზე, ურთიერთობების განმტკიცებაზე და ერთმნიშვნელოვნად არჩევანს "რუსული კოშმარის“ სასარგებლოდ აკეთებს.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, "ხელისუფლებამ ნიღაბი საბოლოოდ ჩამოიხსნა და პირდაპირ გამოგვიცხადა, რომ რუსეთში მივდივართ. სავალალო ვითარებაში აღმოვჩნდით და ვფიქრობ, რომ ახლა უკვე არის მომენტი, ყველამ გამოიღვიძოს“, - ამბობს გია ხუხაშვილი.

"ამერიკელებმა თავისი განცხადებით გარკვეული ტესტი ჩაუტარეს ხელისუფლებას, თუ რა ორიენტაცია აქვს მას საბოლოო ჯამში. ამერიკელების ეს განაცხადი იყო ხელისუფლების პროვოცირება, რომ ნიღაბი საბოლოოდ ჩამოეხსნა. ამათაც ჩამოიხსნეს ნიღაბი და პირდაპირ გამოგვიცხადეს, რომ მივდივართ რუსეთში, არანაირი ევროპა, ამერიკა, ევროპაც მტერია, ამერიკაც მტერია, მხოლოდ რევოლუციებით არის საქართველოში დაკავებული და ჩვენ თქვენ საერთოდ არ გვინდიხართო. "ქართული ოცნების“ ეს განცხადება ძალიან შეურაცხმყოფელ ტონში იყო დაწერილი, რომ იქიდან თითქოს ვიღაც ევაჭრებათ, შანტაჟის ენით ესაუბრებიან, შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და სხვა. ამერიკა რომ საქართველოს ევაჭრება, ხომ გესმით, რა სასაცილო თემაა, მაგრამ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომელთაც ამ მარაზმის სჯერათ და "ქართული ოცნებაც“ ამ ადამიანებზე ჩამოდის ფსონს. ეს არ არის მთავარი, მთავარი ის არის, რომ, ფაქტობრივად, ამათ უკვე ცალსახად გეზი აიღეს რუსეთისკენ. ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს - ჩვენ თუ დასავლეთთან ასეთი დამოკიდებულება გვაქვს, ე.ი. მივდივართ რუსეთში. სავალალო ვითარებაში აღმოვჩნდით და ვფიქრობ, რომ ახლა უკვე არის მომენტი, რომ გამოღვიძება დაიწყოს ყველამ (ახალგაზრდებს არ ვგულისხმობ), ვგულისხმობ პოლიციელებს, მასწავლებლებს, ნებისმიერ საჯარო მოხელეს - უნდათ მათ რუსეთის იმპერიაში ცხოვრება? ეს მათი არჩევანი იქნება, მაგრამ ისიც უნდა იცოდნენ, რომ მათი შვილები ძალიან მძიმე ფორმით დაგმობენ.

ესენი ცალსახად რუსეთთან თანამშრომლობენ, ყველაფერზე მიდიან, სხვა გზა არ აქვთ. მე არ ვიცი, ეს უკვე იძულებითია, მძევლები არიან, თუ ეს მათი შეგნებული არჩევანია, მაგრამ ფაქტია, ასეთი პროპაგანდაა. აშშ-ს მხრიდან როგორი იქნება საპასუხო რეაქცია, მალე გამოჩნდება. ვფიქრობ, რიტორიკის დრო დამთავრდა და საქმეზე უნდა გადავიდეს ყველა, რადგან ყველა აქცენტი დასმულია, ყველაფერი გარკვეულია. აქ უკვე ლაპარაკს, რიტორიკას, შეგონებას არანაირი აზრი აღარ აქვს, ყველა უნდა გამოფხიზლდეს“, - ამბობს გია ხუხაშვილი.

იხილეთ ასევე: