ავტორი:

ირანი ისრაელის სარაკეტო თავდასხმას უარყოფს, ისრაელი კომენტარს არ  აკეთებს - რა მოხდა ქალაქ ისპაჰანში?

ირანი ისრაელის სარაკეტო თავდასხმას უარყოფს, ისრაელი კომენტარს არ  აკეთებს - რა მოხდა ქალაქ ისპაჰანში?

19 აპრილს, დაახლოებით, 00:30 საათზე ირანში, ქალაქ ისპაჰანში საჰაერო თავდაცვის სირენების ხმა ისმოდა. სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის ცენტრალურ ქალაქში სამი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა ჩრდილოეთ ისრაელშიც.

"ირანში წუხელ განხორციელებულ თავდასხმას ზიანი არ გამოუწვევია და ხმაური, რომელიც ისპაჰანში ისმოდა, საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობას უკავშირდება", - ირანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის არმიის ერთ-ერთმა მეთაურმა, გენერალმა სიავოშ მიჰანდოუსტმა განაცხადა.

მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემების სამიზნეს "საეჭვო ობიექტი“ წარმოადგენდა.

მანამდე ABC News-მა ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა. The New York Times-ის ცნობით, თავდასხმის სამიზნე ისპაჰანის მახლობლად მდებარე სამხედრო ავიაბაზა იყო.

სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პირდაპირ უარყო ქვეყნის კიბერსივრცის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ჰოსეინ დალირიანმა:

"გარე საზღვრებიდან ისპაჰანში ან ქვეყნის სხვა ნაწილებზე სარაკეტო თავდასხმა არ მომხდარა“, - დაწერა მან.

ზოგიერთი წყაროს თანახმად, სამიზნე ისპაჰანის ბირთვული ობიექტები იყო, თუმცა ეს ინფორმაცია არ დასტურდება. ისპაჰანის პროვინციაში განთავსებულია დიდი საჰაერო ბაზა, ძირითადი რაკეტების წარმოების კომპლექსი და რამდენიმე ბირთვული ობიექტი. ჯერჯერობით არ არსებობს ცნობები ზარალის შესახებ. ირანული მედია აცხადებს, რომ ყველა ბირთვული ობიექტი უსაფრთხოდაა.

ისრაელის არმია და პენტაგონი ჯერჯერობით უარს აცხადებენ კომენტარის გაკეთებაზე.

დაძაბულობის ფონზე, ავსტრალიამ თავის მოქალაქეებს ისრაელის დატოვებისკენ მოუწოდა:

"რეგიონში სამხედრო რეპრესიების და ტერორისტული თავდასხმების დიდი საფრთხე არსებობს. ვითარება შეიძლება სწრაფად გაუარესდეს. ჩვენ მოვუწოდებთ ავსტრალიელებს ისრაელში ან ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე, დატოვონ იქაურობა", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს, ისტორიაში პირველად ირანი თავს დაესხა ისრაელს. ირანის მიერ გაშვებული დრონებიდან სამიზნემდე მიღწევა ვერცერთმა შეძლო. 120-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტიდან მხოლოდ მცირე რაოდენობა მოხვდა ისრაელის ტერიტორიაზე.

ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანის ამ ქმედებას უპასუხებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის და როგორ.

ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ კი გააფრთხილა ისრაელი, რომ თეირანი "მკაცრ პასუხს" გასცემდა მის ტერიტორიაზე ნებისმიერ თავდასხმას.

იხილეთ ასევე: