ავტორი:

მკვლელობების სერია, ძარცვა, შიმშილი - ქაოსი და უკიდურესად რთული ვითარება ჰაიტიში, რომელსაც აპოკალიფსს ადარებენ: "ეს ჯოჯოხეთია, გაქცევა გვინდა"

მკვლელობების სერია, ძარცვა, შიმშილი - ქაოსი და უკიდურესად რთული ვითარება ჰაიტიში, რომელსაც აპოკალიფსს ადარებენ: "ეს ჯოჯოხეთია, გაქცევა გვინდა"

ჰაიტიში უკიდურესად რთული ვითარებაა. გაბატონდნენ კრიმინალური ბანდები. მედია წერს მკვლელობების სერიაზე და სრულ განუკითხაობაზე. კრიმინალური დაჯგუფებები თავს ესხმიან და ძარცვავენ ყველაფერს - სახელმწიფო ინსტიტუციებს, მაღაზიებსა თუ საწარმოებს.

ხალხი პანიკაშია, მათი ნაწილი გაქცევას ცდილობს, თუმცა ეს დიდი გამოწვევა და პრაქტიკულად შეუძლებელია. დედაქალაქის ყველაზე მდიდრულ ნაწილში დღეს დილით ჯაჭვებით მიბმული 10 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

Unicef-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კეტრინ რასელმა ჰაიტიზე არსებულ ვითარებას "საშინელება“ უწოდა და განვითარებული მოვლენები პოსტაპოკალიფსურ ფილმს Mad Max-ს შეადარა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ იმ პირობებში, როცა დედაქალაქში საავადმყოფოები დახურულია, დაახლოებით 3000 ორსულს მშობიარობა მოუწევს შესაბამისი დახმარების გარეშე.

"გვინდა, რომ გავიქცეთ, მაგრამ მე და ჩემს ქმარს გასაქცევად ფული არ გვაქვს“, - ამბობს ერთ-ერთი ქალი.

კრიმინალურმა ბანდებმა დახურეს საერთაშორისო აეროპორტი. ქაოსმა ბევრი ჰაიტელი შიმშილის ზღვარზე მიიყვანა. ქალებისა და ბავშვებისთვის გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებებსაც ეს ბანდები ინაწილებენ.

  • ცნობისთვის, ჰაიტიზე უკვე რამდენიმე კვირაა ურთულესი ვითარებაა. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა დედაქალაქის პორტ-ო-პრენსის ციხიდან პატიმრები გაათავისუფლეს და დედაქალაქზე კონტროლი დაამყარეს.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერმა, ჯიმი შერიზიემ აიღო და განაცხადა, რომ იგი პრემიერ-მინისტრის, არიელ ჰენრის მთავრობის გადადგომას მოითხოვდა. ამ მოთხოვნიდან მალევე, არიელ ჰენრიმ თანამდებობა დატოვა.