15 იანვარს 23 წლის გახდებოდა, თუმცა თეკლა თორდია სამწუხაროდ 19 წლის ასაკში კოვიდით გარდაიცვალა. ჩვენმა ქვეყანამ კოვიდპანდემიისას უამრავი ადამიანი დაკარგა. ამაზე ახლა არავინ ლაპარაკობს, გარდაცვლილებს არავინ ახსენებს, თითქოს ისინი არც ყოფილან... AMBEBI.GE იხსენებს სიცოცხლით სავსე, აქტიურ, ნიჭიერ გოგონას, რომელიც ფაქტობრივად, დაგვიანებული რეაგირების მსხვერპლი აღმოჩნდა.
"2020 წლის ნოემბერი იყო, კარანტინი რომ გამოცხადდა, მაგ პერიოდში რაღაც სიმპტომები მქონდა და მერე უკვე მეუღლეს, თეკლას და ჩემს კიდევ ორ შვილსაც მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდათ. ექიმებთან დაკონტაქტება დავიწყეთ, ვერაფრით დავუკავშირდით. საშინელება ხდებოდა, სასწრაფოს გამოძახებაზე საერთოდ ზედმეტი იყო ლაპარაკი - 2-3 დღე ველოდებოდით" - გვეუბნება ირმა ხელაშვილი, თეკლას დედა და ჩვენთან საუბარში იხსენებს იმ პერიოდს, როდის და როგორ შეაღწია კოვიდინფექციამ მათ ოჯახში.
"ვრეკავდით ექიმთან, სასწრაფოში, ჯერ ვერ ვხდებოდით, ან ვხდებოდით და კატეგორიული უარი იყო, რომ ვერ მოგვხედავდნენ. ამაზე ცალკე ვისტრესებოდით... ამასთან, სულ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ დიაბეტის მქონე პაციენტები განსაკუთრებით ფრთხილად და ყურადღებით უნდა ყოფილიყვნენ. თეკლას პატარაობიდან დიაბეტი ჰქონდა, რომელიც მართვას ექვემდებარებოდა. ამის გამო გვეშინოდა და ამიტომაც ვრეკავდით განუწყვეტლივ სასწრაფოში. სასწრაფო ამბობდა, რომ კლინიკაში აუცილებლად უნდა გადაიყვანოთ, რადგან ნებისმიერ დროს მდგომარეობა შეიძლება გართულდეს, მაგრამ ეს გადაყვანაც ვერანაირად ხერხდებოდა... მგონი, უფრო გვაპანიკებდნენ... ოჯახის ექიმს როცა დავურეკეთ, რატომღაც ის დღეები დასვენების დღეებად გამოაცხადა" - აღნიშნავს ქალბატონი ირმა.
მისი თქმით, სასწრაფო მესამე დღეს მოვიდა და გოგონა კოვიდ სასტუმროში გადაიყვანეს.
"თურმე შეიძლებოდა, რომ ოჯახის რომელიმე წევრი მასთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ არ წაგვიყვანეს... თავიდან იქ ენერგიულად იყო, მღეროდა, არ ჩერდებოდა, აქტიურობდა. ზოგადად ძალიან აქტიური, სიცოცხლისმოყვარე გახლდათ. ყველასგან განსხვავებული... იქიდან დისტანციურად ჩვეულებრივად მეკონტაქტებოდა, მირეკავდა, სულ კავშირზე ვიყავი... გასაოცარი ის იყო, რომ კოვიდსასტუმროს სიცხის საზომი არ ჰქონდა, არც ინჰალატორი და მედიკამენტები - ყველაფერი მე ვუყიდე და მივუტანე... მერე შევატყვე, რომ ცოტა დაისტრესა, ამბობდა, მეშინია, თავს რაღაც დაუცველად ვგრძნობ. რაღაც არ მსიამოვნებს, გარშემო ყველაფერი ჩაბნელებულიაო... ექიმს რომ ურეკავდა, 2-3 საათის შემდეგ მოდიოდა მასთან. მე მაინც ვამშვიდებდი. არადა, გვერდით წყლის მიმწოდებელი არავინ ჰყავდა,“ - გვიყვება გოგონას დედა.
- როდის დამძიმდა?
- იქ გადაყვანიდან მეორე დღეს. მე გზაში ვიყავი და ჩემს მეუღლეს დაურეკა - ძალიან ცუდად ვარ. ახლა მოვიდა რაღაც ყვითელი მიკრო ავტობუსი და საავადმყოფოში გამოკვლევებზე გადავყავართ. არ ვიცი, ამ მანქანიდან როგორ ჩავალ, თითქოს გონება მებინდებაო... ჰაერის უკმარისობა დაეწყო, სიცხე 40-მდე ჰქონდა. ამ მდგომარეობაში მყოფი, თან მარტო შეუშვეს "რატიანის კლინიკაში“. გადაუღეს კატე და 18 ფილტვის დაზიანებით ისევ იმ მანქანაში ჩასვეს და იმავე კოვიდსასტუმროში გაუშვეს. იმის მერე სასწრაფოში, ჯანდაცვაში ვრეკავდი, ყველაფერზე უარს მეუბნებოდნენ. მერე მეუღლემ უთხრა, - რა გინდათ, ბოლოს და ბოლოს - 19 წლის შვილი უნდა მომიკლათო?.. თეკლა მართლა სიმწრით გავზარდეთ. თავიდანვე ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი და სულს ვუბერავდით.
- რატომ არ დატოვეს "რატიანის კლინიკაში"?
- როგორც თქვეს, ჩივილები არ ჰქონდაო... მეტი რაღა უნდა ჰქონოდა, ფეხზე ვერ იდგა... ჩემი მეუღლე სთხოვდა, იქნებ სადმე კლინიკაში პატარა საწოლი ჩადგან, რომ ბავშვს უშველონ და დაეხმარონო. ბოლოს ჩემი კივილის და 5-საათიანი რეკვის შემდეგ, როგორღაც, სასწრაფო მობრძანდა... იმ კოვიდსასტუმროში ვიყავი და მასთან ოთახში არ მიშვებდნენ, შვილს არ მაჩვენებდნენ. თან არაფერს უკეთებდნენ... სასწრაფო რომ მოვიდა, მინისტრის დონის ვინმე ნაცნობი არ გყავთ, რაღაც ადგილი გამოიძებნოს, რომ გადავიყვანოთო? ხელს არ კიდებდნენ, ადგილები არ არისო. მერე რა მოილაპარაკეს, არ ვიცი და თეკლას თავისი ხელით ჩაალაგებინეს ნივთები, თავისი ხელით ჩამოაზიდვინეს და სასწრაფოში ჟანგბადი მიაწოდეს. მოსალოცი რა არისო - ექიმმა, მაგრამ ამ სასტუმროში ერთ-ერთმა პაციენტმა თქვენი ამბავი რომ გაიგო, შეწუხდა, გერმანული ჰოსპიტლის თანამშრომელი აღმოჩნდა და სასწრაფომ იქ გადაიყვანაო... თეკლას ღამემდე ველაპარაკებოდი, ვამშვიდებდი, მოგხედავენ, აღარაფერი გაგიჭირდება, კარგად იქნები-მეთქი... მეუბნებოდა, რაღაც მოიტანეს და მეუბნებიან სუნთქვა აუწყე და ვერ ვუწყობ. უარესად ვარ, მგონი, მკლავენ და აქედან წამიყვანეთო... იგივე ტექსტი მეგობართან ჰქონდა მიწერილი...
- როგორც ვიცი, იმის მერე კიდევ ურეკავდით და აღარ გპასუხობდათ...
- დილით ექიმს რომ დაველაპარაკე, აპარატზე გადავიყვანეთ, რაც დროებითიაო. იმ ჰოსპიტალში 6 დღე იყო... და იქიდან ცოცხალი აღარ გამოგვიყვანია...
- მიგაჩნიათ, რომ კოვიდის მართვაში არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული?
- დრამატული სიტუაცია იმან შექმნა, რომ ნაადრევად გამოაცხადეს, კორონა დავამარცხეთო. ის ქაოსი, რაც მთელი იმ პერიოდის განმავლობაში იყო, ამის დამსახურებაა. სასწაული პანიკა დათესეს, ვისაც გადაყვანა არ ესაჭიროებოდა, სტაციონარში ის გადაჰყავდათ, ზუსტად ასეთი ადამიანებით იყო კლინიკები გადავსებული. ამიტომაც იქმნებოდა ის კრიზისი. მაგარი პროტოკოლები შეადგინეს და იმ პროტოკოლით მელაპარაკებოდა შარშანდლამდე თეკლას ექიმი. საქმის გამოძიება რომ დაიწყოს, ამაში თანხას ითხოვენ, ჩვენ უნდა გადავიხადოთ... რის საშუალებაც არ გვაქვს... სამედიცინო დასკვნა კი ასეთია - თანმხლები დაავადება და მიზეზად სეფსისია მითითებული. ამან საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანა.
- რა სამწუხაროა, რომ თეკლა ამ ყველაფერს შეეწირა...
- თეკლა გულგრილობას შეეწირა...
- როგორ ხართ ამ ტრაგედიის შემდეგ?
- თეკლას წასვლამ მშობლებს, მის და-ძმას საშინელი სტრესი, ტკივილი დაგვიტოვა. ის ჩემი უფროსი შვილი იყო, მერე გოგონაა და მესამე ბიჭია. ბავშვები საშინლად დაისტრესნენ, 2 წელი ისე იყვნენ სახლში ჩაკეტილები, გარეთ საერთოდ არ იხედებოდნენ. არადა, ერთმანეთის გარეშე ჩვენი შვილები არ ყოფილან. ამათი განცალკევება არ ხდებოდა. დღემდე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ არიან. კარგად ვიცი პოსტტრავმული სიტუაციების შემდეგ ფსიქოლოგთან კონტაქტი რომ არის საჭირო, მაგრამ ისიც ვიცი, ეს რა ფინანსებთან არის დაკავშირებული... ისეც კიდევ არ ყოფილა, რომ ჩვენ მიმართ ყურადღება ვინმეს გამოეჩინა. ნია თავისით, ნელ-ნელა ხატვით ცდილობს, საკუთარ თავს დაეხმაროს. თან აბიტურიენტია, ვცდილობ, ყველანაირად ხელი შევუწყო. თუმცა ჩვენი მდგომარეობიდან საბოლოო გამოსვლა ალბათ შეუძლებელია.
- რამხელები არიან თქვენი შვილები?
-18 წლის შუათანა გოგონა და უმცროსი - 13 წლის. ბოლო პერიოდია, ინსულინ-რეზისტენტული გავხდი. მეუღლეც უთქმელი ადამიანია, თუ გადავრჩი და გამოვედი ამ მდგომარეობიდან, ხომ ვამბობ, არც ვიცი, ეს როგორ მოხდება.
- თავად თეკლა როგორი იყო?
- ჩვენი ოჯახის ქარიშხალი იყო და შინაგანად ხელოვანი. გადასარევად მღეროდა, ვამზადებდით და სწავლა იურიდიულზე უნდოდა, თუმცა პარალელურად მაინც მუსიკით იყო დაკავებული. 20 ივნისის აქციაზე თავისით წასულა... მერე ვიღაცის გადაღებულ ვიდეოში ჩვენმა ნათესავმა ამოიცნო, დამირეკა, - აქციაზეა და ყურადღებით იყავიო... ძალიან ფერადი, აქტიური გოგო იყო. არ არსებობდა მისთვის დიდი და პატარა, რომ მათთან კონტაქტში არ ყოფილიყო... რთულია მის გარეშე ცხოვრება.