ავტორი:

"პირველ დღეს ბავშვს ბაღში მთელი დღით ნუ დატოვებთ... ტირილი ბუნებრივი ემოციაა, მაგრამ..." - როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ბავშვს ბაღში დარჩენა არ სურს: სპციალისტის რჩევები

"პირველ დღეს ბავშვს ბაღში მთელი დღით ნუ დატოვებთ... ტირილი ბუნებრივი ემოციაა, მაგრამ..." - როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ბავშვს ბაღში დარჩენა არ სურს: სპციალისტის რჩევები

18 სექტემბერს საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდება. ეს ეტაპი ზოგჯერ მშობლებისა და შვილებისთვის განსაკუთრებით რთულია, რადგანაც ბავშვს ახალ გარემოსთან შეგუება უჭირს.არადა სკოლისთვის საჭირო უნარების გამომუშავება სწორედ ამ ეტაპზე ხდება და სკოლამდელი პერიოდი მნიშვნელოვან როლს ასრულებსშემდგომი წარმატებებისთვის.

ადრეული განათლების სპეციალისტი ნინო ალელიშვილი გვესაუბრება, რა უნარებს უნდა ფლობდეს სკოლამდელი ასაკის ბავშვი, რომ მომავალში სკოლასთან ადაპტირება მარტივად შეძლოს, არც სასწავლო მასალის ათვისება გაუჭირდეს და როგორ შეიძლება დავეხმაროთ მას საბავშვო ბაღთან შეგუებაში:

- 5-6 წლის ასაკში ბავშვი სხვადასხვა სფეროში თანაბრად უნდა ვითარდებოდეს და ბევრ განსხვავებულ უნარს ფლობდეს. ამაში საბავშვო ბაღსა და მშობელს განსაკუთრებული როლი აქვს. ფიზიკური განვითარების კუთხით მნიშვნელოვანია, ნატიფი და მსხვილი მოტორული უნარების განვითარება, ასევე უნდა განვითარდეს მეტყველების სფერო, შემოქმედებითი და სოციალურ-ემოციური უნარები- უნდა მოხდეს ბავშვის ჰოლისტური განვითარების ხელშეწყობა. სამწუხაროდ, ხშირად მშობლები ბავშვის სკოლისთვის მზაობას მხოლოდ შემეცნებით უნარებს უკავშირებენ. თუ მან ასოების ცნობა, ლექსები, სიმღერები იცის, ფიქრობენ, რომ სკოლისთვის მზადაა. რეალურად, სასკოლო მზაობისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ბავშვი სოციალურად და ემოციურად იყოს განვითარებული. ფლობდეს ისეთ უნარებს, როგორებიცაა რიგის დაცვა, თანატოლებთან კომუნიკაცია, მათთან ერთად თამაში, მრავალფეროვან აქტივობებში ჩართვა, ინიციატივების გამოხატვა, ემოციების სახელდება და ა.შ.; სოციალური უნარების განვითარება აუცილებელია, რომ ბავშვი სკოლაში მისვლის შემდეგ სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთოს და გარემოსთან მარტივად ადაპტირება შეძლოს.

- რა როლი აქვს საბავშვო ბაღს აღნიშნული უნარების განვითარებაში?

- საბავშვო ბაღში ყველა ამ უნარის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. სწორედ ამიტომ, მას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარება თამაშით სწავლებას ეფუძნება. უნდა გვახსოვდეს, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის წამყვანი ქცევა თამაშია და ყველანაირი უნარის განვითარება სწორედ ამ გზით ხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ბაღის ბოლო წელი, როცა სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა- ბავშვები ბევრ სხვადასხვა აქტივობაში ერთვებიან, ახალ დავალებებს ასრულებენ, რომ შემდგომში ამ გზით განვითარებული უნარები და ცოდნა გამოიყენონ როგორც სკოლაში, ასევე ზოგადად ცხოვრებაში.

- არიან ბავშვები, რომლებიც საბავშვო ბაღში არ დადიან, ვერ შეძლეს გარემოსთან შეგუება და მშობლებმაც გადაწყვიტეს, სახლში დაეტოვებინათ. როგორ ფიქრობთ, ის ფაქტი, რომ ბავშვი საბავშვო ბაღში არ დადის, რას ცვლის სამომავლოდ მისთვის?

- საბავშვო ბაღში სიარული ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ მეტად კომპეტენტური ადამიანები მუშაობენ. მათ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვთ, რომ ბავშვის სხვადასხვა უნარის განვითარებას ხელი შეუწყონ. თუ ბავშვის საბავშვო ბაღში ტარება 3 წლიდან ვერ ხერხდება, მნიშვნელოვანია, 5 წლის ასაკში, 1 წელი მაინც ვატაროთ იმისთვის, რომ სოციალური უნარების სათანადოდ განვითარება შეძლოს. თანატოლებთან ერთად სხვადასხვა თამაშში ჩართვა, რიგითობის დაცვა, გარკვეული წესების დაცვა, საკუთარი აზრის გამოხატვა, მითითებების გათვალისწინება ყველაზე უკეთ მაინც ჯგუფური აქტივობების შედეგად ვითარდება. შეიძლება, აღნიშნული უნარების განვითარებაზე სახლშიც ვიზრუნოთ, მაგრამ ყველაზე კარგად ეს თანატოლებთან კომუნიკაციის შედეგად ყალიბდება, რომელსაც კომპეტენტური აღმზრდელი წარუძღვება. ამიტომ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა სკოლაში მისვლამდე ერთი წელი მაინც იაროს ბაღში, რომ შემდგომ სოციალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები აღარ შეექმნას.

- "იტირებს და გაჩერდება" - ხშირად მშობლები მსგავს არგუმენტს ასახელებენ, როდესაც ბავშვს საბავშვო ბაღში დარჩენა არ სურს - რამდენად სწორია ეს მიდგომა და როგორ შეიძლება პატარას საბავშვო ბაღთან ადაპტირებაში დავეხმაროთ?

- ბავშვისთვის საბავშვო ბაღში პირველად მისვლა სიახლესთან ასოცირდება. ახალ ეტაპზე გადადის და განსხვავებულ გარემოში უწევს ყოფნა. ბუნებრივია, ყველა ბავშვი სიახლეზე სხვადასხვანაირად რეაგირებს. ამ საფეხურზე მშობელიც და ბაღიც თანაბრად უნდა იყოს მობილიზებული, რომ მას ეს პროცესი გაუმარტივდეს. როდესაც მშობელი ბაღს შეარჩევს, ვიდრე სწავლა დაიწყება, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი წინასწარ მიიყვანოს, აჩვენოს გარემო,ეზო, გააცნოს მასწავლებლები, რომ შემდგომ პატარამ თავი უცხოდ აღარ იგრძნოს. ამისთვის ბაღიც მზად უნდა იყოს და მშობელს მხარი დაუჭიროს.განაგრძეთ კითხვა