მკვლევარები, გარემოს დაცვის სპეციალისტები და ექსპერტები ბუნებრივი კატასტროფების გახშირების შესახებ გვაფრთხილებენ.
"თითქმის ყველა ბუნებრივი კატასტროფა, რაც კი შეიძლება დავასახელოთ, გლობალური დათბობის შედეგად უფრო მძაფრდება და ხშირდება: იქნება ეს ანომალიური სიცხე ზაფხულში, დამანგრეველი მეწყერი თუ სეტყვა. ბოლო რამდენიმე წელიწადი კი ამას ნათლად გვაჩვენებს", - ამბობს გარემოსდაცვითი საკითხების მკვლევარი ალექსი სამსონიძე. რამდენად აქვს გააზრებული ჩვენს ხელისუფლებას ახალი გლობალური გამოწვევები, რა კეთდება და რა უნდა კეთდებოდეს რისკების შესამცირებლად და რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ? - ამ საკითხებზე ალექსი სამსონიძე გვესაუბრება:
- ყოველწლიურად სულ უფრო ხშირდება ანომალიურად ცხელი დღეების რიცხვი, რის შედეგად საფრთხის ქვეშ დგება აგრარული სექტორი და ზოგადად, ბუნება. სამწუხაროდ, მოსალოდნელია ხანძრების გახშირებაც. საფრანგეთი, რომელთანაც თითქმის იდენტური კლიმატური ზონა გვაქვს, უკვე ზარალდება გახშირებული ხანძრების გამო - 2022 წლის ივლის-აგვისტოში, ჯამში მიწის 27 ათასი ჰექტარი დაიწვა. შემცირდა ხორბლის მოსავალი, დავარდა ღვინის ხარისხი, საქონლისთვის შემცირდა საძოვრები.
როგორც წესი, საშუალო ტემპერატურის ზრდის შედეგად, ხშირდება და ძლიერდება კოკისპირული წვიმები, რაც არა მხოლოდ მოსავალს ანადგურებს, არამედ მთიან რეგიონებში წარმოქმნის მეწყერებს. NASA-ს 2020-2021 წლების გამოკვლევებით, მომავალი წლიდან აზიის მთიან ზონებში ტემპერატურის ზრდის შედეგად მეწყერების სიხშირე გაიზრდება 30-70%-მდე. ჩვენ უკვე რეალურად ვხედავთ, თუ რა რისკების წინაშე ვდგავართ და რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება?! - პრაქტიკულად, არაფერს! იმის მაგივრად, რომ რესურსები და დრო დაუთმონ მოქალაქეებისთვის სასიცოცხლო საკითხებს, დროს ხარჯავენ ჯანმრთელობისთვის მავნე სამშენებლო ნებართვების გაცემებში, მაგალითად, ქვემო ფონიჭალაში ფეროშენადნობის ქარხნისთვის. თბილისი ჩამოუვარდება ევროპის ქალაქების უმეტესობას მწვანე სივრცეების მასშტაბით, მეტიც, მათი რაოდენობა სულ უფრო მცირდება - ესეც ქაოტური მშენებლობების გამო.
ეს მოვლენაც აზიანებს გარემოს, რაც კარგად გამოიხატება იმაში, რომ მთელ რიგ უბნებში, უბრალოდ, ჰაერი არ ვარგა. ეს ყველაფერი, თავის მხრივ აისახება ხალხის ჯანმრთელობაზე...
- გლობალურ დათბობას რომ ჩვენი ხელისუფლება ვერ შეაჩერებს, ცხადია, მაგრამ საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანისთვის რას უნდა აკეთებდეს?
- გარდა იმისა, რომ განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეს ეკოლოგიაზე, უნდა აძლიერებდეს სამაშველო სამსახურებს. ჩვენ შემუშავებული გვაქვს ოთხპუნქტიანი გეგმა:
1. შეიქმნას კომისია, რომელიც იმუშავებს ამ მიმარეთულებით პოლიტიკის შექმნაზე, რაც საერთაშორისო გამოცდილებას დაეფუძნება, იქ დაწვრილებით უნდა გაიწეროს კლიმატურ ცვლილებებს როგორ უნდა გაუმკლავდეს ჩვენი სახელმწიფო;
2. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი გმირი მაშველები იძულებულები არიან ებრძოლონ ბუნებას სათანადო აღჭურვილობის გარეშე. ვერტმფრენები, რომლებზეც 2022-ში 27 მილიონი ევრო დაიხარჯა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვე ვერ ჩამოვა. შესაბამისად, უნდა დავუთმოთ დრო და შედარებით მეტი რესურსი სამაშველო სტრუქტურების აღჭურვას და გაძლიერებას.
3. უნდა ჩამოყალიბდეს უსაფრთხოების სისტემები და ზონირება. ზონირება არის ევროკავშირის რეგულაციებით დამტკიცებული და მიღებული საშუალება, განვსაზღვროთ საფრთხის შემცველი ადგილები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე და შესაბამისად ვიმოქმედოთ. ჩვენი ქვეყანა ზონირებული რომ ყოფილიყო, შოვში კოტეჯები მეწყერსაშიშ ზონაში საერთოდ არ იქნებოდა.
4. ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ძალიან აქტიური საერთაშორისო ასპარეზზე კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით. ბოლო დროს, ამ მიმართულებით ბევრი ქვეყანა გააქტიურდა, საქართველო კი პირიქით.
- ალბათ, გარკვეულ პრობლემებს ქმნის ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანების ნაწილი დიდი პასუხისმგებლობით არ გამოირჩევა - არც თავად უფრხილდებიან გარემოს და არც სხვების დანაშაულებრივ ქმედებებზე რეაგირებენ...
- მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ გლობალური დათბობა აღარ არის რაიმე ზოგადი, უხილავი პრობლემა და მისი ეფექტები მტკივნეულად იგრძნობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით პროვინციებში, ყოველწლიურად უფრო მაღალი რისკების წინაშე დგებიან. ასე თუ გაგრძელდა, საბოლოოდ დამანგრეველ შედეგებს მივიღებთ... უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პრობლემების დიდ ნაწილს თავიდან ავირიდებთ, თუ საკუთარ ქვეყანას მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით.