რა გზა გაიარეს შოვში მეწყრის ჩამოწოლისას ტყეს შეფარებულმა დამსვენებლებმა, რა მოხდა რეალურად და შეიძლებოდა თუ არა ამ განსაცდელის თავიდან აცილება? - თვითმხილველების მიერ აღწერილი ჯოჯოხეთი და ბუნების გამაფრთხილებელი მაგალითები, რომლებიც "გამოგვრჩა".
რესპონდენტმა ვინაობის გამხელა არ ისურვა და აღნიშნა, რომ ეს არც არის საჭირო - რადგან ამ ტრაგედიაში ყველას სათქმელი ერთია.
- ტრაგედიის დღეს გადავწყვიტეთ მდინარის პირას ოჯახური გასვლა მოგვეწყო და ბუნებაში გვევახშმა. მე იმ ადგილას მინდოდა დარჩენა, სადაც სტიქიამ ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ჩემი შვილის დაჟინებით კი მდინარეს ავუყევით, გავიარეთ რკინის, იოდის, კალცის წყლები და დაბანაკება ტყის ზედა ნაწილში, მდინარე ჭანჭახის ნაპირას გადავწყვიტეთ. ზოგადად, შოვში ძალიან ახლო ტერიტორიებზეა მდინარეები და შესაბამისად, არის ბევრი ხიდი. მდინარე ჭანჭახი, სხვა მდინარეებთან შედარებით, სწრაფად მოედინება. თუმცა, ის სხვა, ერთი შეხედვით მშვიდ მდინარეებზე ბევრად უსაფრთხოა. შოვში ყოველ წვიმას მდინარის ადიდების შიში ახლავს, რადგან ეს მშვიდი მდინარეები ადიდებისას უზარმაზარ ნაკადად იქცევა ხოლმე. აქამდეც ყოფილა მეწყრის შედეგად კოტეჯების წალეკვის შემთხვევები. ამის შემდეგ მდინარის ჯებირიც გაამაგრეს, მაგრამ ეს ჯებირი მის დინებას ვერანაირად ვერ შეაჩერებდა...
მეუღლემ კოცონისთვის ფიჩხის შეგროვება დაიწყო, ჩვენ მოგვშორდა. მე ბავშვებთან ერთად მდინარის ნაპირზე დავრჩი. მოულოდნელად, შემზარავი გუგუნის ხმა გავიგონეთ. დაახლოებით ორ წუთში ქმარმა შეშფოთებული ხმით დამირეკა, მდინარე ადიდდა და ხიდები, გზა წაიღოო. დამარიგა, რომელი მიმართულებით წავსულიყავით. საბოლოოდ გადავწყვიტეთ ტყეში, შემაღლებული ადგილისკენ გადავადგილებულიყავით. ჩვენ გარდა იქ ძალიან ბევრი ხალხი იყო, სიტუაცია პანიკური გახლდათ, რადგან არ ვიცოდით, რომელი მხრიდან გველოდებოდა საშიშროება.
- იმ ადგილიდან გამოსვლის გზა არ ჩანდა?
- ვერტმფრენის გარდა ვერაფრით გადმოვიდოდით. როცა მაშველები მოვიდნენ, გვითხრეს, წყალი კვლავ გროვდება და თუ ახლავე არ გაგიყვანეთ, შესაძლოა, იგივე კვლავ განმეორდესო. ამ საუბრებში, ინფორმაციის მოძიებასა და ჩანიშვნის პროცესში დაღამდა კიდეც. ფრენები შეწყდა და ტყეში დავრჩით. გავრცელებული ინფორმაციით, გამორიცხული არ იყო სტიქია კვლავ დაგვტყდომოდა თავს. ყველა ერთად შევიკრიბეთ, ერთმანეთთან ახლოს კოცონები ავანთეთ.
- მხოლოდ ქართველები იყავით?
- ორი უცხოელების ოჯახი იყო, ჩეხეთიდან და დანიიდან. ჩეხეთიდან საკუთარი მანქანით იყვნენ ჩამოსული. კარავი გვათხოვეს. გვეუბნებოდნენ, მარაგი ბევრი გვაქვს და არ შეგეშინდეთ, ყველას გვეყოფაო. ვაზიარებდით სურსათს, კარვებს, ნივთებს. ოდნავ ხმაურზეც პანიკა იწყებოდა. ძრავის ხმაზეც კი ყველა ფრთხებოდა. მოგვიანებით გაწვიმდა, დაიწყო ჭექა-ქუხილი, ძალიან შეგვეშინდა. მალე ტელეფონის საშუალებით შევიტყვეთ, რომ დრონების ინფორმაციით, იმ ეტაპზე მეწყრის განმეორების საფრთხე აღარ იყო და ცოტა დავმშვიდდით. როგორც კი გათენდა, ვერტმფრენებით ონში გადაგვიყვანეს. 15 ადამიანი გადაჰყავდათ თითო რეისით. 8-9 ასეთი რეისი შესრულდა. ონში მისულებს ხალხი გვეხვეოდა, გვაჩვენებდნენ ახლობლების ფოტოებს, ელოდებოდნენ თუნდაც ერთ სანუგეშო სიტყვას. ადგილობრივებმა წაგვიყვანეს სახლებში, დაგვაპურეს, დაგვამშვიდეს, სული ცოტა მოგვათქმევინეს. გავიგეთ, რომ ჩვენი სასტუმრო მეწყერს გადაურჩა. ნივთები ადგილზე გვქონდა და პოლიციას ვთხოვეთ დაგვხმარებოდნენ. გადაგვიყვანეს მანქანებით, ჩავედით შოვში. ჩემ თვალწინ გამოჰყავდათ ცხედრები. დავინახეთ ქალის ცხედარი, რომელსაც სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული... ეს იყო ჯოჯოხეთი. დავაპირეთ სასტუმროში ღამის გათენება, მაგრამ წყალი არ იყო, მალე ელექტროენერგიაც გაითიშებოდა. ზოგადად, ხშირად ირთვებოდა ხოლმე ელექტროენერგია, თითქმის ყოველი წვიმის დროს და აღარ გავრისკეთ დარჩენა. მანქანა ტყეში დარჩა და ჩვენ რაჭა დავტოვეთ.
- ამბობთ, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ხმა ისმოდა. კოტეჯებში ვერ გაიგებდნენ ამ ხმას? ან გარეთ მყოფები არ გააფრთხილებდნენ მათ, ვინც შინ იყო?
- ხმა რამდენიმე წუთით მართლაც ისმოდა, მაგრამ კოტეჯები რომც დაეტოვებინათ, ვერსად წავიდოდნენ, გაქცევას ვერაფრით მოასწრებდნენ. მეწყერი ორ ტოტად გაიშალა და კოტეჯები შუაში, ერთგვარ ალყაში მოექცა. როცა ხმაური ისმოდა, ვერ ვიგებდით, კონკრეტულად საიდან მოდიოდა ხმა. მერე კვლავ გამოჩნდა უზარმაზარი ტალღა და წამებში დაეშვა კოტეჯების მიმართულებით. ამ ტერიტორიაზე მინერალური წყლებია და ხალხი სულ არის. სასტუმროსთან პატარა ბაღიცაა, რომელიც სულ ბავშვებითა და ახალგაზრდებითაა სავსე. ამ ადგილიდან უფრო მოასწრეს გაქცევა ზედა მხარეს. მეწყერი ტალღებად მოდიოდა. რამდენიმემეტრიანი ტალღა რამდენჯერმე ჩამოწვა. გუგუნის ხმა კარგა ხანს ისმოდა, მერე ბუღმა, მტვერმა მოიცვა ყველაფერი. ჰაერში არაფერი ჩანდა.
- ღვარცოფის მიზეზებსა და წარმოშობაზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ადგილზე რას ამბობდნენ?
- ამბობდნენ, რომ თავად მყინვარის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც გზადაგზა მდინარის დაგუბება და ადიდება გამოიწვია. მდინარე ბუბა, რომელიც იმდენად მეჩხერია, რუკაზე არც კი ჩანს, სწორედ აქედან იღებს სათავეს, შემდეგ უერთდება მდინარე ჭანჭახს, რომელიც ადიდდა. წინა საღამოს ძლიერი წვიმა 15 წუთი გაგრძელდა. მსუბუქად კი წვიმდა ღამის მანძილზე. იმ ღამეს არც ელექტროენერგია გვქონდა. ადგილობრივებს წვიმის ძალიან ეშინიათ. აღმოჩნდა, რომ წარსულში კოტეჯებიც არაერთხელ წაუღია მეწყერს. ბუნებრივია, ამ მასშტაბის სტიქია არა, მაგრამ ერთეული შემთხვევები აქამდეც ყოფილა.
- აცხადებდნენ, რომ შესაძლებელი იყო, სტიქიას გადარჩენილები ტყეში ეპოვათ. შესაძლებელია, რომ თქვენ გარდა, ვინც ვერტმფრენებმა გაგიყვანათ, ტყეში ვინმე დარჩენილიყო?
- გამორიცხულია. ტყეში ვინმე რომ ყოფილიყო, ჩვენთან ერთად იქნებოდა.
- დამსვენებლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, მეტი იყო?
- დიახ, დამსვენებელთა რაოდენობა მართლაც დიდი იყო და თუ გადარჩენა ჰქვია, გადავრჩით, რომ ეს უბედურება ღამით არ მოხდა. მსხვერპლი ბევრად მეტი იქნებოდა.
წაიკითხეთ ასევე: