ავტორი:

მალე ცუკერბერგი Twitter-ის კონკურენტ და მსგავს აპლიკაციას ჩაუშვებს - რა არის ცნობილი Threads- ის შესახებ

მალე ცუკერბერგი Twitter-ის კონკურენტ და მსგავს აპლიკაციას ჩაუშვებს - რა არის ცნობილი Threads- ის შესახებ

Facebook -ის მშობელი კომპანია, Meta ახალ აპლიკაციას უშვებს, რომელიც Twitter-ს გაუწევს კონკურენციას. ახალი აპლიკაცია, Threads- ი, Instagram-ის პლატფორმაზე იქნება და ხუთშაბათიდან შეეძლებათ მომხმარებლებს მისი გამოყენება. Threads-ი "ტექსტზე დაფუძნებული სასაუბრო აპლიკაციაა", ასე ახასიათებს მას "მეტა".

ცნობილია, რომ ვიზუალურად ის "ტვიტერის" იდენტური იქნება.

ეს, შეიძლება ითქვას, მარკ ცუკერბერგსა და "ტვიტერის" მეპატრონეს, ილონ მასკს შორის მიმდინარე შეჯიბრის ნაწილია. წინა თვეში მილიარდერი ბიზნესმენები შეთანხმდნენ, რომ ისინი ფიზიკურადაც შეებრძოლებოდნენ ერთმანეთს. თუმცა არავინ იცის, ხუმრობდნენ თუ რეალურად აპირებენ მასკი და ცუკერბერგი "გალიის ორთაბრძოლაში" ჩაბმას.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში "ტვიტერის" მიმსგავსებული კიდევ რამდენიმე აპლიკაცია გამოვიდა, Threads-ი მასკის სოციალური ქსელისთვის ყველაზე დიდ კონკურენტს და საშიშროებას წარმოადგენს.

მარკ ცუკერბერგი ხშირად მიმართავს სხვა კომპანიების მიბაძვის ხერხს, რათა კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი იყოს, მაგალითად, მეტას Reels, TikTok-ის მიხედვითაა შექმნილი, Facebook- ის Stories კი Snapchat-საა მიმსგავსებული.

წინასწარი ინფორმაციით, Threads "ინსტაგრამის“ პლატფორმის ნაწილი იქნება, ამიტომ მომხმარებლებს შეეძლებათ იგივე მონაცემებით გაიარონ Threads-ზე რეგისტრაცია და ავტომატურად დაუკავშირდნენ თავიანთ ნაცნობებს. მარკ ცუკერბერგი იმედოვნებს, რომ "ტვიტერით" იმედგაცრუებული ბევრი მომხმარებელი ამჯობინებს მის უკეთეს ალტერნატივას.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა