ავტორი:

ფეხბურთელი მამა, საინტერესო კარიერა და ულამაზესი მეუღლე - პორტუგალიასთან გამარჯვების თანაავტორის, გიორგი წიტაიშვილის გზა, არჩევანი და ქართულ-უკრაინული ქორწილი

ფეხბურთელი მამა, საინტერესო კარიერა და ულამაზესი მეუღლე - პორტუგალიასთან გამარჯვების თანაავტორის, გიორგი წიტაიშვილის გზა, არჩევანი და ქართულ-უკრაინული ქორწილი

"მადლობა სტადიონზე მოსულ თითოეულ გულშემატკივარს! ეს მოგება უკვე ჩავლილი ეპიზოდია, წინ მეორე მატჩი და ახალი გამოწვევაა! ვემზადებით ბელგიისთვის და იმედი მაქვს, ბოლომდე გავსებული სტადიონის ტრიბუნების“, - დაწერა პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელმაც ამ ასაკობრივი ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და საქართველოს ნაკრების გამარჯვების ბურჯად იქცა. საქართველომ პორტუგალიას სწორედ ამ ანგარიშით 2:0 სძლია, წიტაიშვილის გადაცემა ჯერ გიორგი გაგუამ აქცია გოლად, შემდეგ კი საბა საზონოვმა.

გიორგის შესახებ ფეხბურთის მოყვარულებმა, ალბათ, ბევრი რამ უკვე იციან, თუმცა გადავწყვიტეთ მასზე უფრო მეტი მოგითხროთ, მით უფრო, რომ მისი ბიოგრაფია სავსეა საინტერესო ეპიზოდებით.

გიორგი წიტაიშვილი 2002 ლის 18 ნოემბერს, ისრაელში, კერძოდ, რიშონ-ლე-ციონში დაიბადა, სადაც მამამისი, საკმაოდ წარმატებული ქართველი ფეხბურთელი კლიმენტი წიტაიშვილი თამაშობდა. შემდეგ საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდნენ.

გიორგი კიევის "დინამოს“ ახალგაზრდული სპორტული სკოლის აღზრდილად მიიჩნევა, სადაც მისი პირველი მწვრთნელები იყვნენ იური იესკინი და ალექსი დროცენკო. წიტაიშვილის დებიუტი კიევის "დინამოში“ 2018 წლის 9 მაისს, უკრაინის თასის ფინალში, დონეცკის "შახტარის“ წინააღმდეგ შედგა. წიტაიშვილი მოედანზე შეცვლაზე 86-ე წუთზე შევიდა. ამავე სეზონში შედგა მისი დებიუტი ევროტურნირებზეც. 2021 წლიდან იჯარით თამაშობდა ოდესის "ჩერნომორეცში“. 2022 წლის აგვისტოდან თამაშობს პოლონეთში, პოზნანის "ლეხში“, სადაც ასევე "დინამოდან" არის განათხოვრებული.

წიტაიშვილმა 2019 წელს უკრაინის 20 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. მან ტურნირზე 5 შეხვედრა ჩაატარა. უკრაინელებმა ფინალში სამხრეთ კორეას ანგარიშით - 3:1 მოუგეს. მატჩის საბოლოო წერტილი სწორედ გიორგი წიტაიშვილმა დასვა, რომელმაც კორეელებს ეფექტური გოლი გაუტანა და უკრაინას ისტორიული ტიტული მოუტანა.

2021 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ კიევის "დინამოს" ნახევარმცველმა, გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს პასპორტი მიიღო და ეროვნულ ნაკრებში თამაშის შეთავაზებას დათანხმდა. მას ქართული პასპორტი და ნაკრების მაისური ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა საზეიმოდ გადასცა.

უკრაინული მედია წერდა, რომ ახალგაზრდა სპორტსმენმა ეროვნულ ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება სამშობლოში ბაბუის დაკრძალვაზე ჩამოსვლის შემდეგ მიიღო. როგორც ამბობენ, ბაბუა ოცნებობდა, რომ გიორგის საქართველოს ნაკრებში ეთამაშა.

"ყოველთვის მინდოდა საქართველოს ნაკრებში თამაში, ამაზე ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები ბევრს მელაპარაკებოდნენ. უპირველეს ყოვლისა, ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად მაღალ დონეზე უნდა ვითამაშო, ეს ჩემი მიზანია... ქართველ გულშემატკივარს ერთ რამეს ვპირდები: საქართველოს ნაკრების მაისურით მოედანზე შესვლით მთელ ჩემს დროს ნაკრების წარმატებას დავახარჯავ“, - განაცხადა გიორგიმ იმჟამად. უკრაინული მედია მაშინ წერდა, რომ უკრაინაში იმედგაცრუებულები იყვნენ ქართველის გადაწყვეტილებით, რადგან ჰქონდათ მოლოდინი, რომ სანაკრებო დონეზე თამაშს ის სწორედ უკრაინის სახელით გადაწყვეტდა.

მან ეროვნულ ნაკრებში უკვე 14 მატჩი ჩაატარა და 21-წლამდელთა ნაკრებშიც ასპარეზობა წარმატებით დაიწყო.

გიორგი ხშირად აღნიშნავს, რა მნიშვნელოვანია მისთვის ოჯახი...

"ჩემი ოჯახი - მათ გარეშე ნახევარ გზას ვერ გავივლიდი. ეს ყველაფერი მათი რწმენის, მხარდაჭერისა და დახმარების შედეგია!“ - წერს ის სოციალურ ქსელში.

ახალგაზრდა ფეხბურთელი წელს, მაისში დაქორწინდა, მისი რჩეული ცნობილი უკრაინელი საფეხბურთო აგენტის ედუარდ მურზას ქალიშვილი, ულამაზესი სოფიაა.

სოფია მამასთან ერთად

წყვილი დაქორწინებამდე კარგა ხანი ხვდებოდა ერთმანეთს, ქართველმა გარემარბმა გოგონას ხელი გასული წლის მიწურულს სთხოვა, ქორწილი კი, საქართველოში ა.წ. 30 მაისს გადაიხადეს. ცერემონიას არაერთი ცნობილი ქართველი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ; სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი. საღამოზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლიც იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ მათ ქორწილში ცნობილი უკრაინელი მომღერალი ტინა კაროლი მღეროდა.

სოფია მურზა გარეგნობით ბავშვობიდან გამორჩეოდა, როგორც ირკვევა, ის ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში გახდა უკრაინული კონკურსის, "მინი ტოპ-მოდელის“ გამარჯვებული. მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ სოფია ქართველ ფეხბურთელს ხვდებოდა, წყვილი საჯარო სივრცეში საკმაოდ ხშირად ჩნდებოდა და სოციალურ ქსელებშიც ხშირად აქვეყნებდნენ ერთობლივ ფოტოებს.

"ჩემი მხარდამჭერი... ყოველთვის ჩემს გვერდით, მიუხედავად სიძნელეებისა“, - წერს საყვარელი ქალის თაობაზე გიორგი.

საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას ბელგიის წინააღმდეგ 24 ივნისს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

  • ambebi.ge გიორგის და ჩვენს ფეხბურთელებს წარმატებას უსურვებს!

იხილეთ ასევე: