ავტორი:

"რას ჰქვია, კვდებოდა და ახლა გაცოცხლდა? ეს ფაშისტური მიდგომაა" - რას ამბობს მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილის გააქტიურებასა და "ემპათიის" დასკვნაზე, რომლის თანახმადაც ექსპრეზიდენტს ემუქრებოდა "კომა და სიკვდილი"

"რას ჰქვია, კვდებოდა და ახლა გაცოცხლდა? ეს ფაშისტური მიდგომაა" - რას ამბობს მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილის გააქტიურებასა და "ემპათიის" დასკვნაზე, რომლის თანახმადაც ექსპრეზიდენტს ემუქრებოდა "კომა და სიკვდილი"

მას შემდეგ, რაც პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაში მობრუნების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ ყველა სასამართლო პროცესს დაესწრება, მისი პოლიტიკური ოპონენტები და საზოგადოების ნაწილი მძიმედ დაავადებული სააკაშვილის მხრიდან სპეკულაციებზე და სიმულაციაზე ალაპარაკდნენ.

დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტი სიმულიანტად მოიხსენია და თქვა, რომ სააკაშვილმა ბინძური და ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი კამპანია აწარმოა, რისთვისაც მან და მისმა ლობისტებმა ჩვენს სახელმწიფოსა და საზოგადოებას ყოველ დღე ბოდიში უნდა მოუხადონ:

"ხომ ნახეთ ყველამ, რომ ეს ადამიანი არც მოგვიწამლავს, არც კვდებოდა, ეს იყო ჩვეულებრივი, მარტივი სპექტაკლი, თამაში და სპეკულაციები. მას შემდეგ, რაც მან საბოლოოდ მიიღო უარი სტრასბურგის სასამართლოდან, გადაწყვიტა, რომ არის კარგად. მგონი, საზოგადოების ყველა წევრს დღეს კითხვები აღარ რჩება. ის აღვირახსნილი კამპანია, რაც მიმდინარეობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებით, რომ ვაწამეთ, მოვკალით, მოვწამლეთ, გადარჩა... ამ ბინძურ კამპანიაზე ძალიან სამართლიანი და მკაფიო პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ, რითაც მან დაასრულა ეს მასკარადი“.

როგორც ცნობილია, პატიმარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თავის დროზე, არაერთი დასკვნა დაიდო. მათ შორისაა ცენტრ "ემპათიას“ დასკვნა, რომელშიც, ჯამში, 20-ზე მეტ დიაგნოზზეა ლაპარაკი (მათ შორის - დემენციაზეც). დასკვნის მომზადებაში ჩართული ექსპერტები ამბობდნენ, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ თუ არ იქნებოდა გადაყვანილი ამერიკაში ან ევროკავშირის ქვეყნების რომელიმე წამყვან კლინიკაში, კომა და ფატალური შედეგი გარდაუვალი იქნებოდა. ცენტრ ,,ემპათიას“ სამედიცინო დასკვნა, თავის დროზე, პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა. მაგალითად "ქართულ ოცნებაში“ მოითხოვდნენ იმის დასაბუთებას, რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზის მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოში არ იყო.

გვესაუბრება ცენტრ "ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი:

"ჩვენ შევწყვიტეთ ამ კუთხით საქმიანობა, სასამართლოები დასრულდა 9 თებერვალს და მას შემდეგ არანაირი ინფორმაცია აღარ გვაქვს. ეს ადამიანი ჯანმრთელი თუა, უნდა არსებობდეს ფორმა 100, სადაც წერია, რომ ადამიანი ჯანმრთელია. ის თუ არ საჭიროებს მკურნალობას, უნდა ეწეროს ესეც, თუა სიმულიანტი - ესეც. არცერთ სამედიცინო დოკუმენტაციაში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს. არც ისეთი ჩანაწერი არსებობს, რომ მკურნალობამ შედეგი გამოიღო და ადამიანი გამოჯანმრთელდა ან მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

შესაბამისად, როგორც ადრე, ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ეს მკურნალობა არ არის ეფექტიანი. სასამართლო დადგენილებაში წერია, რომ სასამართლო "ემპათიის“ დასკვნას ეჭვქვეშ არ აყენებს, უბრალოდ, მოსამართლემ ის არ გაითვალისწინა, აქვს ამის უფლება. შესაბამისად, სადმე წერია, რომ სააკაშვილს უმკურნალეს, განიკურნა, ჯანმრთელია, სიმულიანტია, თუ სხვა? ახლა მე უფლებამოსილება აღარ გამაჩნია დიაგნოზებზე ვილაპარაკო, მაგრამ ყველაფერი, რაც დასკვნაში წერია და წარდგენილი იყო სასამართლოში, იმ ეტაპზე ის დიაგნოზები მას ჰქონდა (მათ შორის დემენციის ნიშნები). ჩვენ არ გვსმენია და არ გვინახავს დოკუმენტაცია, სადაც წერია, რომ ეს ადამიანი გამოჯანმრთელდა, შესაბამისად, არც მკურნალობა მგონია ეფექტიანი. ადამიანს ან შრომის უნარიანობის სტატუსი განესაზღვროს, ან თუ ვეღარ მკურნალობენ, თქვან, რომ ეს განკურნებადი არ არის და მისცენ შრომისუნარიანობის შეზღუდულის სტატუსი. ადეკვატური მოქმედებები არც ჯანდაცვის მხრიდან და არც "ვივამედის“ მხრიდან არ გვინახავს.

ეს არის დაუსრულებელი პროცესი, როცა ადამიანი არც გამოჯანმრთელდა და ვერც იმას ამბობენ, საერთოდ შესაძლებელია თუ არა გამოჯანმრთელება. უწყვეტი სამედიცინო მომსახურების ყველანაირი სამედიცინო სტანდარტი დარღვეულია და დანარჩენი, იურიდიული საკითხები არ ვიცი. ჩვენი დასკვნისგან განსხვავებით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა საერთოდ არ აქვს მოსამართლეს განხილული დადგენილებაში (უბრალოდ, წერია, რომ მხარემ წარმოადგინა დასკვნა), ეს დასკვნა იყო გაყალბებული და ამ დასკვნაზე ჩვენ ცალკე დასკვნა დავდეთ სასამართლოში.

ექსპერტიზა ჩატარდა, იყო დასკვნა და ახლა ცალკეულ დიაგნოზებზე ვერ ვისაუბრებ, ამ ეტაპზე არ მაქვს ამის უფლებამოსილება. ფაქტობრივი გარემოებით, არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოჯანმრთელდა, ან ისაა სიმულიანტი და მას არ ესაჭიროება ადეკვატური მკურნალობა და რეაბილიტაცია. ორწლიანი მკურნალობის ფონზე არ არსებობს არანაირი შედეგი, შესაბამისად, დარღვეულია ყველა სტანდარტი - სამედიცინო მომსახურების, შედეგზე ორიენტირებულობის და სხვა.

რაც შეეხება იმას, მას სურს თუ არა სასამართლოებში მონაწილეობა, ეს ყველა ადამიანის უფლებაა, არანაირი შეზღუდვა ამ მიმართულებით კანონმდებლობაში არ ურჩევნიათ თქვან, რომ აღარ იკურნება. ლამის 2 წელია მკურნალობს "ვივამედი“, შედეგი არ აქვს, შეაფასონ ადამიანი და მისცენ შესაბამისი სტატუსი, ან გამოაჯანმრთელონ. ახლაც ვამბობ, რომ არაა გამორიცხული ფატალური შედეგი და კომა, კახექსიური კლება თუ გაგრძელდა... არ ვიცი, ახლა როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბოლოს იყო სახალხო დამცველის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ გაუარესებულია.

როგორ ფიქრობთ, ამდენი ექიმი ფსიქიატრი შეიკრიბა ოკეანის გაღმიდან, მთელს კონტინენტზე და ლამაზი თვალების გამო დასვეს დიაგნოზები? კვლევებში 17 საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტი იყო ჩართული, ბოდიში და, თავიანთი გამოკვლევებია, სხვადასხვა ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები ჩვენ კი არ ჩაგვიტარებია, მათ ჩაატარეს... ეს მძიმე დიაგნოზები ჰაერზე კი არ დასმულა, ინსტრუმენტული კვლევის მეთოდებია გამოყენებული, რომელიც მათ მიერაა ჩატარებული.

მაშინ ახლა მათ უნდა წარმოადგინონ სამედიცინო დოკუმენტაცია, რომ რაღაც მდგომარეობა გაუმჯობესდა. მე ასეთი არ მსმენია, არ გვაქვს ეს მონაცემები.

ვიღაც ასე ფიქრობს, ვიღაც - ისე. თვითონ პაციენტი რას იტყვის, რაში მონაწილეობს, ან არ მონაწილეობს, ამას ვერ შევაფასებ, ეს სამედიცინო შეფასების საზღვრებს სცილდება. სტრასბურგში რა შეიტანეს და რა გამოიტანეს, იყო თუ არა ყველაფერი კვალიფიციურად წარმართული, ესეც არ ვიცი..

რას ჰქვია, კვდებოდა და ახლა გაცოცხლდა? ეს არის ფაშისტური მიდგომა. ახლა, ფაშისტი თუ ხარ და ელოდები, როდის მოკვდება ადამიანი, ან საბოლოოდ დაკარგავს შრომის უნარს, არ ვიცი... ფაქტია, რომ აქეთკენ მიდის და წავა სიტუაცია. კონსტიტუციური სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუდმივი არაქმედითუნარიანობა არ არსებობს. რასაც ვუყურებ, პროფანაცია და სრული უვიცობაა ეს ყველაფერი, (საზოგადოებრივ განხილვებს ვგულისხმობ) - მედიცინის, კანონმდებლობის უვიცობა. მიშა ჯანმრთელი თუა, "ვივამედში“ რატომ ჰყავთ? რა დიაგნოზებიც "ვივამედს" უწერია, რა ქნეს, უმკურნალეს, განიკურნა? მაშინ გამოვიდეს ვიღაცა, ფორმა 100 გამოითხოვონ ადვოკატებმა, რომელშიც წერია, რომ ის სიმულიანტია, ან - განკურნებული. ასეთი დოკუმენტი თვალით არავის უნახავს. არც ერთ სამედიცინო დოკუმენტაციაში არ წერია, რომ სააკაშვილი არის სიმულიანტი და არის ჯანმრთელი.

ვიღაც მიიჩნევს, რომ "სიმულიანტია, ვიღაც - არა, მაგრამ ერთი ცხადია, რომ "ემპათიის“ დასკვნა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, მათ შორის სამხარაულსაც.