ავტორი:

"3 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და ერევანში აჟღერებული საქართველოს ჰიმნი" - ქართველების მორიგი წარმატება ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე (ფოტოები)

"3 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და ერევანში აჟღერებული საქართველოს ჰიმნი" - ქართველების მორიგი წარმატება ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე (ფოტოები)

ერევანში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენები წარმატებით გამოდიან. ჩვენი ქვეყნის ანგარიშზე უკვე 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალია.

"3 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო - ერევანში აჟღერებული საქართველოს ჰიმნი, - ასეთია ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველ ძალოსანთა 2 დღის მონაგარი.

გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ქართველთა ყულაბას პირველი მედლები რამინ შამილიშვილმა (55 კგ.) მოუტანა.

ძალოსანმა ატაცში ჩემპიონობა იზეიმა, რის შემდეგაც აკვრაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო ორჭიდში კი ვერცხლს. კონტინენტის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა შოთა მიშველიძეც (61 კგ.).

ძალოსანმა პირველი ოქროს მედალი ატაცში მოიპოვა და დისციპლინაში ჩემპიონობა იზეიმა. ამის შემდეგ მიშველიძემ აკვრაში ვერცხლი მოიპოვა, ხოლო ორჭიდში კვლავ ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. გოდერძი ბერდელიძემ კი ნაკრებს საერთო გუნდურ ჩათვლაში მნიშვნელოვანი ქულები შესძინა. ძალოსანს საპრიზო ადგილამდე აკვრაში სულ რაღაც 1 კილოგრამი დააკლდა. ბერდელიძემ საბოლოო ჯამში სამივე დისციპლინაში მე-4 ადგილი მოიპოვა. მიმდინარე ჩემპიონატზე ქართველი გოგონაც გამოვიდა. მარიამ მაისურაძემ (49 კგ.) დიდების ასპარეზობაზე თავის სადებიუტო გამოსვლაში ატაცში მე-9, ხოლო აკვრასა და ორჭიდში მე-8 ადილი დაიკავა", - ნათქვამია ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ქართველ ძალოსანთა განრიგი მომდევნო დღეებში ასეთია:

  • 18 აპრილი 20:00 სთ - კახი ასანიძე (73 კგ.)
  • 21 აპრილი 09:00 სთ - ნათია გადელია (81 კგ.)
  • 21 აპრილი 20:00 სთ. - ირაკლი გობეჯიშვილი (96 კგ.)
  • 22 აპრილი 15:00 სთ. - ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.)
  • 22 აპრილი 17:30 სთ. - გიორგი ჩხეიძე (109 კგ.)
  • 22 აპრილი 17:30 სთ. - ზაზა ლომთაძე (109 კგ.)
  • 23 აპრილი 13:30 სთ - ანასტასია გოტფრიდი (+87 კგ.)
  • 23 აპრილი 16:00 სთ. - ბაქარ თურმანიძე ( +109 კგ.)
  • 23 აპრილი 16:00 სთ. - ლაშა ტალახაძე (+109 კგ. )