სკანდალი არ წყდება რძის და რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების გარშემო.
უფრო კონკრეტულად, აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური გამოძიება მოამზადა "რადიო თავისუფლებამ". მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეეხება, საქართველოში რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე ბიზნესდავას. კერძოდ, "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, 2018 წლის ზაფხულში საქართველოში ნედლი რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმის "ყვარლის ბაგა“ მფლობელი, ქათმის ხორცის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ კომპანია “ჩირინას” შეუთანხმდა, რის საფუძველზეც “ყვარლის ბაგას” “ჩირინასგან” ქათმის ნაკელი უნდა ეყიდა. “ყვარლის ბაგამ” ერთი წლის განმავლობაში “ჩირინასგან” დაახლოებით 2700 ტონა ქათმის ნედლი, გადაუმუშავებელი ნაკელი შეიძინა.
ამ გარიგებიდან ერთი წლის თავზე, “ყვარლის ბაგა” პარტნიორ კომპანიას უყენებს პრეტენზიას, რომ მათთან ნაყიდმა ქათმის ნაკელმა, რომელსაც ძროხებს აჭმევდნენ, საქონელი დახოცა, რის გამოც 1.65 მილიონი ლარის ზარალი მიადგა. “ჩირინამ” პრეტენზიები არ მიიღო, რადგან მათი განმარტებით, ქათმის ნაკელს ის სასუქად ყიდდა და არა საკვებად. 2020 წელს კი ლაშა პაპაშვილის “ყვარლის ბაგამ” "ჩირინას" სასამართლოში უჩივლა. სასამართლო დავას კომპანიებს შორის, სამი წელი უშედეგოდ განიხილავდა რუსთავის სასამართლო, 2024 წელს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს დავა დაჩქარებულად განიხილა და დეკემბერში პაპაშვილის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.
"რადიო თავისუფლების" მიერ ამ ინფორმაციის გავრცელებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან როგორც მათ მიერ მომზადებულ გამოძიებაში იყო აღნიშნული, "ყვარლის ბაგას" მიერ ნედლი რძე მიეწოდებოდა ისეთ კომპანიებს, როგორიცაა: "სანტე", "სოფლის ნობათი", ასევე ჰიპერმარკეტების ქსელი "აგროჰაბი", რომელთაც საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს.
ამ გამოძიებას, განცხადებით მალევე უპასუხეს "სანტემ" და "აგროჰაბმა". უფრო კონკრეტულად, როგორც "აგროჰაბში" განაცხადეს, ნებისმიერი ნედლეული თუ პროდუქტი, რომელსაც კომპანია იღებს სხვა მომწოდებლისგან გადის რამდენიმესაფეხურიან დამატებით შემოწმებას მათსავე ლაბორატორიაში. მათივე განმარტებით, "სრულიად გამორიცხულია ნედლეულმა გადმოკვეთოს აგროჰაბის წარმოების "საზღვარი“ და შემდეგ პროდუქტის სახით გავიდეს საწარმოდან, რომელიც რაიმე სახით არ აკმაყოფილებს ხარისხის მოთხოვნებს".
რაც შეეხება "სანტეს", კომპანიის განცხადებით, "ნებისმიერი ნედლეული - რძე, რომელსაც "სანტე“ იღებს, შემოწმებულია ხარისხის უმაღლესი ევროპული სტანდარტით. თუ რძე ატარებს რაიმე ტიპის პოტენციურ რისკს ხარისხთან დაკავშირებით, არ მიიღება და არ ვიყენებთ წარმოებაში". მათივე ცნობით, "სანტე" იყო პირველი, რომელმაც 2018 წელს რამდენჯერმე აღმოაჩინა ხარისხობრივი შეუსაბამობა "ყვარლის ბაგის“ მიერ მოწოდებულ რძეში და არ შეისყიდა მისგან რძე.
სპეციალური განცხადება გაავრცელა შპს "ყვარლის ბაგამაც", რომელშიც აღნიშნულია, რომ 2019 წლიდან „ყვარლის ბაგას“ კვების რაციონში ქათმის ნარჩენები აღარ გამოყენებულა. მეტიც, მათივე განმარტებით, „ყვარლის ბაგას“ რძის ხარისხი აღემატება ბევრი დასავლური ქვეყნის მწარმოებლის რძის ხარისხს. ამასთან, ფერმაში აცხადებენ, რომ ყველა, ზემოთ ჩამოთვლილ კომპანიასთან დღემდე გრძელდება თანამშრომლობა.
შპს "ყვარლის ბაგის" მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"მომხმარებელთა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია. შპს „ყვარლის ბაგა“ 2014 წლიდან ყოველდღიურად აწვდის ნედლ რძეს „სანტეს“ (რძის პროდუქტების გადამამუშავებელი მსოფლიო გიგანტის, „ლაქტალისის“, შვილობილი კომპანია). მოგვიანებით, მყიდველთა სიას დაემატნენ „სოფლის ნობათი“ ,(კვების ინდუსტრიაში მომუშავე ამერიკული უმსხვილესი კომპანიის, „პეპსიკოს“ შვილობილი), „აგროჰაბი“ (ყველასთვის კარგად ნაცნობი ადგილობრივი ბრენდი) და „რძის ლაბორატორია“ (არანაკლებ პოპულარული ადგილობრივი ბრენდი).
ყველა, ზემოთ ჩამოთვლილ კომპანიასთან დღემდე გრძელდება თანამშრომლობა და თითოეული დაადასტურებს (ლაბორატორიულადაც) შპს „ყვარლის ბაგას“ მიერ მოწოდებული ნედლი რძის უმაღლეს ხარისხს.
უფრო მეტიც, ჩვენ ვამაყობთ და მრავალი უცხოელი ექსპერტიც აღნიშნავს, რომ შპს „ყვარლის ბაგას“ რძის ხარისხი აღემატება ბევრი დასავლური ქვეყნის მწარმოებლის რძის ხარისხს. 2015-2020 წლებში შპს „ყვარლის ბაგას“ მართავდა ისრაელიდან მოწვეული ვეტერინარიის პროფესორი, რომლის გადაწყვეტილებით, ისრაელში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით 2018 -2019 ფერმის კვების რაციონს დაემატა გადამუშავებული ქათმის ნარჩენი. აღსანიშნავია, რომ ეს იყო საკვებ-დანამატი (მაღალი ხარისხის პროტეინის წყარო) და არა ძირითადი ინგრედიენტი.
ქათმის ნარჩენების ძროხის საკვებ დანამატად გამოყენების დასაშვებობას ადასტურებს ცხოველთა კვების რესურსების ონლაინ მონაცემთა ბაზაც. ანტიბიოტიკების კვალის აღმოჩენისთანავე, დავიწყეთ მოკვლევა და დამოუკიდებელი ლაბორატორიების (როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო) მიერ მოწოდებული დასკვნის მიღებისთანავე, რომლითაც დადასტურდა შპს „ჩირინას“ პროდუქციაში ანტიბიოტიკის არსებობა, 2019 წელს შპს „ჩირინასთან“ თანამშრომლობა შეწყდა და შპს „ყვარლის ბაგას“ კვების რაციონში ქათმის ნარჩენები აღარ გამოყენებულა.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ წუნდებული რძე არ ჩაშვებულა არც შპს "ყვარლის ბაგას" და არც სხვა რომელიმე შემსყიდველის წარმოებაში, იგი განადგურებულ იქნა და სწორედ რძის დანაკარგით და მეურნეობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს შპს "ყვარლის ბაგა" შპს "ჩირინასგან“. „ყვარლის ბაგა“ ღიაა კომუნიკაციისთვის და მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია," - აღნიშნულია შპს "ყვარლის ბაგას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ჩვენი ბაზრის უდიდესი ნაწილი არის აბსოლუტურად გაუკონტროლებელი, გლეხური მეურნეობები ,ფაქტობრივად, თვითდინებაზეა მიშვებული“, - ამის შესახებ "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ "პალიტრანიუსისა“ და რადიო "პალიტრას“ გადაცემაში "საქმე“ რძის სკანდალთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც ვახტანგ კობალაძემ განაცხადა, დღეს სახელმწიფოსაც არ აქვს რესურსი, რომ ბაზარი გააკონტროლოს. ამასთან, არ არსებობს რეალური მექანიზმი, რომ მეურნეობებს დარეგისტრირება აიძულო.
"ჩვენი ბაზრის უდიდესი ნაწილი არის აბსოლუტურად გაუკონტროლებელი. გლეხური მეურნეობები ფაქტობრივად, არ კონტროლდება. ვალდებულება კი არსებობს, რომ გარკვეული საწარმოო სიმძლავრეების მიღწევის შემდეგ დარეგისტრირდეს ეს მეურნეობა როგორც სურსათის ბიზნეს ოპერატორი, რომ შემდეგ სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლის ქვეშ მოექცეს. მაგრამ, როგორც დავაკვირდით ამ პროცესს, წინ არ მიდის და სასოფლო მეურნეობების ძალიან დიდი ნაწილი ამჯობინებს, რომ გააგრძელოს საქმიანობა ისე, როგორც ადრე, ყოველგვარი რეგისტრაციისა და კონტროლის გარეშე. რეალური მექანიზმი არ არსებობს, რომ აიძულო ეს მეურნეობები დარეგისტრირდნენ.
ეს კომპლექსური საკითხია, სოციალურ საკითხებთანაც არის დაკავშირებული. არც რესურსი გააჩნია სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ხვალ ყველა რომ დარეგისტრირდეს, ვერ გააკონტროლებს მაინც. საერთოდ მიდგომები უნდა შეიცვალოს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართ, ასევე კონტროლის მიმართულებით. ამას ვეუბნებით ჩვენ სახელმწიფოს, წლების განმავლობაში, რომ ფაქტობრივად, თვითდინებაზეა მიშვებული და ასე არ შეიძლება გაგრძელება. მესმის, რომ რთული საკითხია, მაგრამ ოდესღაც უნდა დავიწყოთ საიდანღაც, რომ იყოს განჭვრეტადი, რა უნდა სახელმწიფოს, საითკენ მიდის, უნდა ამ შავი ხვრელების ამოვსება, თუ არა. თუ უნდა, როგორ? რა ვადებში? და ა.შ."- განაცხადა ვახტანგ კობალაძემ.
თითქოს ეს არ იყო საკმარისი 3 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოავლინა. სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, 28 მარტს, შპს "ვიმ-ბილ-დან საქართველოში" (ს/კ 204546553 ("სოფლის ნობათი") სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. მათივე ცნობით, ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად. წაიკითხეთ ვრცლად
აფლატოქსინები სიცოცხლისთვის სახიფათო მიკოტოქსინები, რომლებიც განეკუთვნებიან პოლიკეტიდების კლასს.
ტოქსინების წარმომქმნელია ასპერგილების გვარის სოკოების რამდენიმე სახეობა (ძირითადად A. flavus და A. parasiticus). იზრდება დიდი რაოდენობის ზეთის შემცველი მცენარეების მარცვლეულებზე, თესლსა და ნაყოფზე (მაგალითად, არაქისის თესლზე) და ზოგიერთ სხვა სუბსტრატზე.
უფრო მეტად სოკოებით ავადდება პროდუქტები, რომლებსაც ინახავენ ცხელ და ტენიან კლიმატში. აფლატოქსინები დროთა განმავლობაში და არასწორი შენახვის პირობებში წარმოიქმნება ჩაისა და სხვა ბალახების გამხმარ ფოთლებში. ტოქსინი აგრეთვე წარმოიქმნება იმ ცხოველების რძეში, რომლებიც იკვებებიან ინფიცირებული საკვებით.
წაიკითხეთ ასევე: