ზურაბ ჩხაიძის დღევანდელი განცხადება, არის თავდასხმა ცენტრ “ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფზე - ჩხაიძის მცდელობა, იძულებული გახადოს ცენტრი “ემპათია” მონაწილეობა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაში, რაღა თქმა უნდა, კრახით დასრულდება,- ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას“ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც "ემპათიაში“ განმარტავენ, ჩხაიძის განცხადებები, არის სიყალბე და ტყუილი.
"კლინიკა “ვივამედის“ დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის დღევანდელი განცხადება, არის თავდასხმა ცენტრ “ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფზე, რომლის მთავარი მოტივაციაა, რომ “ემპათიამ“ გაიზიაროს მათი არასამედიცინო კონცეფცია მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტიოლოგიურ ფაქტორებზე, კერძოდ: “გემრიელი საკვების არმიტანა”, “თვითდაზიანების რეჟიმში - დიეტური კვება”, “10 თვიანი ფსიქოგენური სიცხე”, და “კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ხილული პათოლოგიის შესახებ”, “ინტოქსიკაციის გამორიცხვის შესახებ”, ასევე, ბრალდებები, რომ პაციენტი არ ემორჩილება და ა.შ. ბატონი ჩხაიძე და მისი კლინიკის მესვეურები უხეშად არღვევენ პაციენტის უფლებებს, ასევე საერთაშორისო სამედიცინო ეთიკის სტანდარტებს, რითაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ პაციენტ სააკაშვილს და ცდილობენ ცენტრ “ემპათიის“ დისკრედიტაციას.
ჩხაიძის განცხადებები, არის სიყალბე და ტყუილი. პატიმარი პაციენტის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება იუსტიციის სამინისტროს და კლინიკა “ვივამედს“. ჩხაიძის მცდელობა, იძულებული გახადოს ცენტრი “ემპათია” მონაწილეობა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაში, რაღა თქმა უნდა კრახით დასრულდება. შევახსენებთ ჩხაიძეს და მთლიანად კლინიკა “ვივამედს" ექიმის ფიცის ქვაკუთხედია: “არ ავნო”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, კლინიკა "ვივამედის“კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ცენტრ "ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს მოუწოდა "ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს და მას გაუფრთხილდნენ“. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ცენტს "ემპათიას“ რეკომენდაციებს ასრულებს და არ ითვალისწინებს კლინიკა "ვივამედის“ ექიმების მიერ გაცემულ რჩევებს.