"ეს ჩემთვის დიდი დღეა, ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო. ძალიან ბედნიერი ვარ... მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. გახდე საუკეთესო ჩემპიონთა ქვეყანაში, რომელსაც ნოვაკ ჯოკოვიჩი, წყალბურთელთა და კალათბურთელთა ასეთი ნაკრებები ჰყავს, ჩემთვის დიდი პატივია. მიყვარს სერბეთი და ბელგრადი, ეს ჩემი მეორე სახლია. მომავალში სერბეთისთვის კიდევ უფრო ძლიერად ვიბრძოლებ", - განაცხადა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურა დათუნაშვილმა, როდესაც სერბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. 31 წლის დათუნაშვილს ჯილდო სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ბოჟიდარ მალკოვიჩმა გადასცა.
როცა ზურას დავურეკე, ბელგრადიდან სამშობლოში გამოსაფრენად ემზადებოდა, თუმცა ინტერვიუსთვის დრო მაინც დამითმო. - ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ, მინდა, ოჯახთან ერთად შევხვდე ახალ წელს, მერე ეს ემოცია მთელი წელი მიმყვებაო...
- მესამე წელია, სერბეთში ვარ. ამასობაში უსაზღვრო შრომა გავწიე და საკმაოდ დიდ წარმატებებსაც მივაღწიე. სხვათა შორის, სერბეთის ჭიდაობის ისტორიაში 3 წლის განმავლობაში ამდენი მედალი არავის მოუტანია - 2 წელში 5 მედალი ავიღე (ევროპის ჩემპიონატი, 2 მსოფლიოს, ოლიმპიური ბრინჯაო და მსოფლიო თასი). ეს აღიარება ჭიდაობას სცდება... სერბეთში სპორტი პრიორიტეტულია, ზოგადად, ძალიან ძლიერი სპორტსმენები ჰყავთ - კალათბურთელები, წყალბურთელები, ფეხბურთელები, ჯოკოვიჩი საერთოდ ლეგენდაა. მართალია, შედეგები მქონდა, მაგრამ წლის საუკეთესო სპორტსმენად რომ დამასახელებდნენ, ცოტა ეჭვი მეპარებოდა. მე არ ვარ სერბი, ქართველი ვარ, შეიძლება ჩამოსული ადამიანი არც დავესახელებინე კიდეც, მით უფრო იმიტომ, რომ მათ ასეთი სახელოვანი სპორტსმენები ჰყავთ, მაგრამ... დამასახელეს და კიდევ ერთხელ მადლობა სერბეთს და მათ, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო.
- 6 წლის ვიყავი, ფეხბურთზე რომ შემიყვანეს. მალევე ოჯახში გამოვაცხადე - ფეხბურთი არ მინდა, ჭიდაობაზე შემიყვანეთ-მეთქი. არ ვიცი, ალბათ ფეხბურთი არ მომეწონა, თანაც, სუსტი ბავშვი ვიყავი და ცოტა მოძლიერება მინდოდა. ეს იყო და, ერთ კვირაში ჭიდაობაზე შემიყვანეს. ჩემი მწვრთნელი დღემდე უილიამ ხარაზოვია. ბევრი წელია ერთად მოვდივართ და მწვრთნელი არ შემიცვლია (საქართველოში იცვლიან ხოლმე მწვრთნელებს), მისი ერთგული დავრჩი ბოლომდე. ის ჩემთვის პაპასავითაა, 25 წელი ერთად გავატარეთ და ერთმანეთისგან განუყოფელი გავხდით.
თბილისში დავიბადე და 5 დეკემბერზე გავიზარდე (დღეს - ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა). 4 დედმამიშვილი ვართ - 2 უფროსი ძმა და ერთი პატარა და მყავს. სხვათა შორის, სამივე ძმა სპორტსმენები ვიყავით. უფროსი ძმა ფეხბურთელი იყო, საკმაოდ კარგად თამაშობდა "დინამოში“, მერე ტრავმები მიიღო და სპორტს თავი დაანება. მეორე ძმა მოჭიდავე იყო, ის საქართველოს ჩემპიონია, 2-ჯერ საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ერთად ვიჭიდავეთ კიდეც (ერთხელ ის გახდა ჩემპიონი, მეორედ - მე). როცა ჭიდაობაზე შევედი, მახსოვს, ჩემი მწვრთნელის სიტყვები: ეს ბავშვი ან ამაშენებს, ან დამაქცევსო. ეს თქვა პირველივე დღეს და ისე ჩამრჩა მეხსიერებაში... არ ვიცი, ვერ გეტყვით, ეს რატომ თქვა. დავრჩი და დავრჩი ჭიდაობაში და ავაშენე, თუ არა, ეს მას უნდა ჰკითხოთ. ვფიქრობ, ახლა ამაყობს ჩემით და დაქცევა გამოვრიცხოთ.
97-ე სკოლა დავამთავრე. სხვათა შორის, სპორტს სწავლაში ხელი არ შეუშლია, სკოლაშიც ვახერხებდი რაღაცას. როცა დავამთავრე, უმაღლესში ვერ ჩავაბარე, ოლიმპიურ ნაკრებში მოვხვდი და უფრო სპორტის მხარეს წავედი, ჭიდაობა ვარჩიე ყველაფერს. რაც სერბეთში ჩამოვედი, ფიზკულტურულ უნივერსიტეტში მოვეწყვე და ახლა ბოლო კურსზე ვარ, წელს დავამთავრებ.
- როცა დარბაზში მივედი, იქ სახელოვანი სპორტსმენები დამხვდნენ, მათ შორის იყო საქართველოს ჩემპიონი ირაკლი ჭოჭუა, ოლიმპიური თამაშების მონაწილე და ევროპის თასის მფლობელი. ის ჩემთვის მაგალითი იყო, ასეთების კვალზე ვიზრდებოდი და ისინი მაძლევდნენ მოტივაციას. წარმატებებთან ერთად მარცხიც იყო, ამის გარეშე გამარჯვება არ მოდის. ბავშვობიდანვე, როცა მწვრთნელს შეჯიბრებებზე გავყავდი, უმეტესად ვიგებდი ხოლმე, რაღაცნაირად თან დამყვებოდა გამარჯვება. მერე მოვხვდი ასაკობრივ ნაკრებებში და ახალგაზრდებში პირველი წარმატება იყო, როცა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოვიპოვე. იმავე წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში გავედი და მეორე ადგილი ავიღე.
მერე დიდების ნაკრებშიც მოვხვდი და იქაც დავიმკვიდრე ადგილი. იმ დროს ამ სპორტში უდიდესი კონკურენცია არსებობდა, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურენტი ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია იყო, მაშინ 20 წლის ვიყავი, ერთმანეთს შევხვდით და მოვუგე. 2012 წელს პირველ ნომრად დავდექი და მაშინ მანდეს, რომ საქართველო წარმედგინა უცხოეთის ტურნირებზე. ამავე წელს გამოვედი ოლიმპიურ თამაშებზე, ლონდონის ოლიმპიადაზე, ძალიან პატარა ვიყავი და მანუჩარმა, რომელიც უკვე ოლიმპიური ჩემპიონი იყო, დამითმო ასპარეზი, ხელი არ შემიშალა და მომცა იმის საშუალება, რომ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან მე ვყოფილიყავი წარმომადგენელი. ამას მოჰყვა 2013 წელს ევროპის ჩემპიონატი თბილისში, სადაც დიდებში მედალი ავიღე (ფინალი ვიჭიდავე და მეორეზე გავედი). ასე ვვითარდებოდი, ვიზრდებოდი და ვიმყარებდი ადგილს ნაკრებში. 2016 წელს ევროპის ჩემპიონი გავხდი პირველად, 2017 წელს - მეორედ (ზედიზედ მოვიგე). 2019 წელს მოხდა ინციდენტი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან გეგა გეგეშიძესთან და მომიწია საქართველოს დატოვება...
- მიზეზი? მიზეზი ალბათ ისაა, რომ დინების საწინააღმდეგოდ მიყვარს ცურვა, არ ვარ მკვდარი თევზი, დინებას რომ მივყვე. რაღაცნაირად, ჩვენი აზრები და ინტერესები არ დაემთხვა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. გუნდის კაპიტანი ვიყავი და გუნდში ისეთ რაღაცეებს აკეთებდნენ, რაც არასწორი იყო, მივუთითე, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. მე არა, ჩვენი ნაკრების წევრს ჩაგრავდნენ და როგორც გუნდის კაპიტანმა, საჭიროდ ჩავთვალე, რომ ხმა ამომეღო და მეთქვა, რომ არ იყვნენ მართლები. საქართველოში ამ სფეროში, ჭიდაობის ნაკრებში არის კონკურენცია, თუ მე ვარ ნაკრების მწვრთნელის მოსწავლე, ჩემზეა პრიორიტეტი და უნდათ, მე წავიდე ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატზე და ა.შ. მე თუ იქ მედალს მოვიპოვებ, მერე ფულადი პრემია ერიცხებათ მწვრთნელებს, ანუ ფინანსების ამბავი იყო და ერთ ბიჭს ჩაგრავდნენ, კრებაზე გამოვედი და ვთქვი, რომ ასე არ შეიძლებოდა. ამის მერე ამითვალწუნეს და უკვე აღარ უნდოდათ, ლიდერი ვყოფილიყავი გუნდში, რაღაცნაირად, ბინძური მეთოდებით მწევდნენ უკან. დადგმული იყო, ვითომ რომ დაიჭირეს გეგეშიძე, ყველაფერი ვიცი და ძალიან დასანანია. ეს ადამიანი უსამართლოდ არის თავიდანვე პრეზიდენტად არჩეული, ბინძური რაღაცეები აკეთეს, პოლიტიკური და ამიტომ დანიშნეს ფედერაციის პრეზიდენტად. ასეთ კაცს რომ დანიშნავ იქ, სადაც მისი ადგილი არაა, მერე იქაც ირევა სიტუაცია და ასე მოხდა კიდეც.
- ბევრი მეუბნება, კარგი მოხდა, რომ წახვედიო, რაც ძალიან მაღიზიანებს. რა მოხდა კარგი, სხვა ქვეყნის სახელით რომ ვასპარეზობ? ჩემი ქვეყნის დატოვებამ მომიწია და ნოლიდან დავიწყე ყველაფერი, როცა საქართველოში ევროპის ორგზის ჩემპიონი ვიყავი, ჩემთვის სრულიად უცხო ქვეყანაში ჩამოვედი, აქაც კონკურენციაა და როგორ მიგიღებენ, არავინ იცის. რაღაც ზერელედ იტყვიან ხოლმე, კარგია, რომ წახვედიო. სულაც არა, უბრალოდ, ჩემი ეს პრობლემები რაღაცნაირად გარდავქმენი და მოტივაციაც გამიჩნდა, არ მომკვდარა. მერჩივნა, სამშობლოში მეკეთებინა კარგად ჩემი საქმე, მაგრამ არ მომცეს ამის საშუალება, ისეთი სიტუაცია შემიქმნეს, მაშინ საერთოდ უნდა ჩამოვშორებოდი საყვარელ საქმეს და რაღაც სხვა მეკეთებინა. ეს რომ არ მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე წამოვსულიყავი და ზუსტად ამ მომენტში გამოჩნდა სერბეთი...
- თითქმის 90%-ით გადაწყვეტილი მქონდა, რომ კარიერისთვის თავი დამენებებინა და სერბეთმა ნდობა გამომიცხადა. ამ დროს ისეთ სიტუაციაში ვიყავი, მანდ ვეღარ ვვარჯიშობდი და ისე აკეთებდნენ, სხვაგანაც ვერ წავსულიყავი, ხელს მიშლიდნენ. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანას მივწერე, ინტერესი თუ გაქვთ, ჩამოვალ-მეთქი, მაგრამ ფედერაციიდან ხელს მიშლიდნენ, ვინმეს ჩემს მიმართ ინტერესი რომ არ გამოეჩინა. მე რომ სადმე წავსულიყავი, ფედერაციისგან მჭირდებოდა თანხმობა, რაღაც ფურცელი, სადაც ხელს აწერენ, რომ გიშვებენ. თანხმობას არ მაძლევდნენ და ისეთი სირთულეები გავიარე... ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე, თუმცა მაინც მჯეროდა, რაღაც გამოჩნდებოდა. ერთ დღესაც, მომწერეს, იცით, ვინ ვარო? სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი აღმოჩნდა. ჩამოვედი სერბეთში, გავაცანი სიტუაცია. მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტიც ეროვნებით სერბია, სერბებს უფრო მეტი კონტაქტები აქვთ და საქართველოდან ხელს უკვე ვეღარ მიშლიდნენ. გამოვიდა ისე, რომ რაღაც გზებით მოვახერხეთ, თანხმობაზე ხელი მოეწერათ. წელიწადნახევარი არ მქონდა საშუალება შეჯიბრებებზე გამოვსულიყავი, რაც, მოგეხსენაბათ, სპორტსმენისთვის ძალიან ცუდია - რთულია ისევ დაბრუნდე, იჭიდაო და ისევ მაღალი მედლებისთვის იბრძოლო.
სამწუხაროდ, დღეს ბევრი ქართველი სპორტსმენი გამოდის სხვადასხვა ქვეყნის სახელით, ბევრიც მწერს, იქნებ წაგვიყვანოო, მაგრამ ეს ძალიან რთულია. სერბეთის ნაკრების მწვრთნელი სტოიან დობრევია, ხოლო ფედერაციის პრეზიდენტი ვოისლავ ტრაიკოვიჩი, ვისი დამსახურებაცაა, აქ რომ ჩამოვედი. დღეს საქართველოში ჩემი მოწინააღმდეგეები თურმე ჩემს სტატუსებზე "დამლაიქებლებს“ ამოწმებენ, ემანდ, ისეთი არ აღმოჩნდეს, ვისაც მერე უსაყვედურებენ.
- სერბეთში ჯოკოვიჩი და სხვა დიდი სპორტსმენებიც გავიცანი და უკვე ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ნოვაკ ჯოკოვიჩი, როგორც პიროვნებაც ძალიან საინტერესოა. ოლიმპიურ თამაშებზე ვიყავით ერთად, გვაქვს მიმოწერა... ამასწინათ, "ინსტაგრამზე" ჩემი ფოტო გააზიარა - როცა მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, მხარდაჭერა გამომიცხადა. მერე სხვებთან ერთად, ჩემი მედალიც აღვნიშნეთ ოლიმპიურ სოფელში და, ამასობაში, მასთან კარგი მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ზოგადად, არ გამჭირვებია სერბებთან ურთიერთობა, ისინი ჩვენსავით ემოციური ხალხია.
წლის საუკეთესო სპორტსმენობა მართლა დიდი პასუხისმგებლობაა. შეიძლება ბინა გადმომცენ, არ ვიცი... მეუღლე არ მყავს, ამ ეტაპზე არც შეყვარებული, მარტოსული ადამიანი ვარ (იცინის)... მართალია, მანდ სპორტულ კარიერას ვერ გავაგრძელებ, მაგრამ საქართველოში ყოველთვის დავბრუნდები, ჩამოვალ და ფედერაციაში თუ ისევ ისინი იქნებიან, აუცილებლად შევცვლი სიტუაციას. სერბებთანაც ყოველთვის მექნება კავშირი. ვნახოთ, მე ცოტა მოხეტიალე ადამიანი ვარ და...