ცენტრ "ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ძალიან მძიმე დიაგნოზები აქვს, რომელთაგან უმრავლესობა მოწამვლასთან არის კავშირში.
როგორც ჯიშკარიანი განმარტავს, სააკაშვილის დიაგნოზები გათავისუფლების საფუძველს იძლევა.
"ცნობისმოყვარე სკეპტიკოსები მეკითხებიან, რა დიაგნოზები აქვს მიხეილ სააკაშვილს? -ძალიან მძიმე. წარმოადგენს გათავისუფლების საფუძველს. უმრავლესობა მათგანი კავშირშია მოწამვლასთან. სისხლში, თმაში აღმოჩენილია ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ტალიუმი, ტყვია, ბისმუთი, ბარიუმი. ფრჩხილებში კადმიუმი, მანგანუმი, მცირე დოზებით, სიმპტომებთან კორელაციაში მიუთითებს ინტოქსიკაციაზე. დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს უცნობ, რთულ ქიმიურ ან რადიაქტიურ ნაერთთან. სასწრაფოდ საჭიროა დეტოქსიკაცია, როგორც შესაბამისი კვლევა, ისე მკურნალობა აქ ვერ ხორციელდება და ვერც განხორციელდება. შესაძლოა, მძიმე გამოსავალი. მკურნალობის შემთხვევაში რა აღდგება და რა არა, არავინ იცის.
ეს ყველაფერი განხორციელდა საქართველოს ციხეთა სისტემაში. ჩემი აზრით, დიდი ალბათობით, მე-18 დაწესებულებაში და ალბათ, მერეც გრძელდებოდა, გარკვეული სქემით ქრონიკული ინტოქსიკაციით. ასეთ სიტუაციაში, ადამიანის ჩატოვება ციხეში მკვლელობაა. ერთი წელია ვუყურებთ პიროვნების ფიზიკურ და ფსიქიკურ განადგურებას. უმრავლესობა ეს მძიმე მეტალები ნეირო ტოკსიურია და ანადგურებს ფსიქიკას, ნერვულ სისტემას და ა.შ. როგორც ჩანს, არც არავის უნდა ამ საქმის გამოძიება.
ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში ყურადღება მიიპყრო ნეიროლეფსიურმა სიმპტომატიკამ, მე-18-ში ცენტრი "ემპათიას“ დიაგნოზები იყო: დაუზუსტებელი გულყრა და დელირი (გამგები გაიგებს) ჩვენი განცხადებების საფუძველზე დაინიშნა ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც 1 წლის მერეც ვერ ჩაატარა გამოძიებამ. 2022 წლის 5 მაისს მორიგ დასკვნაში კვლავ მოვითხოვეთ ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზა. თმის ანალიზის შემდეგ, ჩვენ ვითხოვეთ ამერიკელი ტოკსიკოლოგის ჩართვა, მან დაადგინა ინტოქსიკაცია მძიმე მეტალებით და არასწორი მკურნალობა. გახსოვთ, ალბათ, ჩვენი განცხადება ფსიქოფარმაკოლოგიურ წამებაზე. ზოგი უმეცარი მეკითხება, დასკვნა რატომ არის დიდი? იმიტომ რომ, 1-წლიან პერიოდს მოიცავს და სასამართლოსთვის დაიწერა და არა "ფეისბუქის“ მომხმარებლებისთვის. კიდევ თუ გაქვთ კითხვები?
რაც შეეხება, "სტრესს, არ თუ ვერ ჭამს, თავს იზიანებს, პატიმრობას ვერ იტანს“ - ეს ნარატივი, დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ალბათ, მოწამვლის სცენარის ნაწილია, რომ ყურადღება სხვაგან წავიდეს.
ამ დროს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ PTSD და მძიმე ტრანზიტორული ეპიზოდები თავის ტვინის ორგანული დაზიანების და ინტოქსიკაციის ფონზე აღმოცენდა წამების შედეგად, დანარჩენი ყველა თუ არა უმრავლესობა სიმპტომები პირდაპირ კავშირშია ინტოკსიკაციასთან. რა ვიცი, აჰა, მოკლე დასკვნა,“ - წერს მარიამ ჯიშკარიანი "ფეისბუქის“ გვერდზე.