"ეს ყველაფერი მეორდება, წლიდან წლამდე, არჩევნებიდან არჩევნებამდე. იგივე პროცესი იყო 2016 წელს, 2020 წელს, როგორც ჩანს იგივე პროცესები იქნება 24-შიც", - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია არის უიმედო მდგომარეობაში, რომლებიც ცდილობენ, კეზერაშვილის, ან სააკაშვილის ფულებით არჩევნებამდე მისვლას.
"საარჩევნო ვნებები, ცოტა, ვადაზე ადრე შეეყარა ზოგიერთ ადამიანს. ზოგს სანტიმეტრი ააღებინა ხელში, ზოგი ყირაზე გადადის, ზოგიერთი ემალება კოლეგებს და დარბაზში არ შემოდის, რომ არ გაილახოს. დავბერდი ამ შენობაში და ასეთი რამ მე არ მახსენდება. ასე რომ, ეს ტურბულენტობა, რაც ხდება დარბაზში, გაგრძელდება, გაღრმავდება. ჩვენ აქ არაფერ შუაში არ ვართ.
გულწრფელად შემიძლია გითხრათ, ეს მათი საქმეა. მათ გაარკვიონ, თავიანთი აწეწილი დაულაგებელი საქმეები. რა თქმა უნდა, არიან უფულოდ, სახსარი არ მოეპოვებათ და ახლა დგანან კეზერაშვილის ორი გროშის იმედად, რომ ვინმემ რამე გადმოაგდოს, ან "ვივამედის" ფანჯრიდან, პრეზიდენტყოფილმა სააკაშვილმა, რამე უბოძოს მათ. ან კეზერაშვილის შავი ფულებით იქნებ, როგორმე მივიდნენ არჩევნებამდე. ეს არის თავი და ბოლო ამ ყველაფრის. არიან პანიკურ შიშში ჩავარდნილები. უსახსრობა, უპერსპექტივობა და ყველაფერი ეს შემდეგ იწვევს ამ დაძაბულობას და გაუთავებელ ლანძღვა-გინებას, ურთიერთ ბრალდებების კორიანტელს.
ჩაიხედეთ სოციალურ ქსელში და ნახავთ იქ, როგორ ამკობდნენ გუშინდელი თანამებრძოლები ერთმანეთს. ეს ფენომენი გახდა ქართული, დღეს ერთად ვართ, ხვალ ვლანძღავთ ერთმანეთს, ზეგ ისევ ერთად ვართ და ამას ყველაფერს ხალხი უყურებს. რატომ ჰგონიათ ამ ადამიანებს, რომ თვითონ როგორც მიაღწიეს მორალური გახრწნილების დონეს, ასევე, გახრწნილია საზოგადოება და ამას ყველაფერს ფხიზელი თვალით არ უყურებს. ესე ნამდვილად არ არის. ყველა ყველაფერს აფასებს და ყველა თავის გადაწყვეტილებას მიიღებს 2024 წელს არჩევნებში,”- განაცხადა ცაგარეიშვილმა.