ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები ჯამში 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან, ფლობენ არაერთ ქონებას მესტიასა და თბილისში, მათ შორის ორ სასტუმროს, ტელეკომპანია “პოსტვ”-ის 52% წილში კი 520 000 ლარი გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო“ ავრცელებს და განმარტავს, რომ ორგანიზაცია აგრძელებს მოკვლევას პარტია “ქართული ოცნებიდან” საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის ეკონომიკური ინტერესების შესახებ.
ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7,775,565 ლარი მიიღეს.
"2022 წლის 4 ოქტომბერს იგი მმართველი პარტიიდან გავიდა და შეუერთდა დეპუტატთა იმ ჯგუფს, რომელიც მოძრაობა “ხალხის ძალას” აფუძნებს. ამავე დღეს მან ტელეკომპანია “პოსტვ”-ის 52% წილი 520 000 ლარად იყიდა.
ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები ჯამში 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან, ფლობენ არაერთ ქონებას მესტიასა და თბილისში, მათ შორის ორ სასტუმროს. ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7,775,565 ლარი მიიღეს. ვიქტორ ჯაფარიძე, მისი მეუღლე ნათია ხვისტანი და ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორები მსხვილი შემწირველებიც არიან. მათ ჯამში 533,000 ლარი გაიღეს - „ქართულ ოცნებას“ - 468,000 ლარი, პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს კი 65,000 ლარი შესწირეს.
ორგანიზაციამ პირველად ვიქტორ ჯაფარიძის ეკონომიკურ ინტერესებზე კვლევა 2020 წელს გამოაქვეყნა. 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევით კი გაირკვა, რომ ვიქტორ ჯაფარიძის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 528,150 ლარის ოდენობის სუბსიდიაც მიიღო. მიმართვების მიუხედავად, ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობაზე სათანადო რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან არ მომხდარა“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს“ განცხადებაში.
დაჯამებულ ინფორმაციას ვიქტორ ჯაფარიძის და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიების და ასევე მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.