40 წლის განმავლობაში მარია ტორტორა რომის ბაზარში კიტრსა და პომიდორს ყიდდა. მას ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ გოგონა, რომელიც მასთან ერთად დროს ხშირად ატარებდა, ოდესმე იტალიის პრემიერ-მინისტრი გახდებოდა.
ბაზარი რომის სამხრეთ ნაწილში, გარბატელაში მდებარეობდა, პოლიტიკოსისთვის, რომლიც დღესდღეობით მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, არც ისე სახარბიელო ადგილას, თუმცა ამ ყველაფერს ჯორჯია მელონისთვის ხელი არ შეუშლია, ბენიტო მუსოლინის შემდეგ პირველად, იტალიის მემარჯვენე მთავრობის ხელმძღვანელობის შანსი მოეპოვებინა. როგორც კი არჩევნების საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი, პრეზიდენტი სერჯიო მატარელა პარტიების ლიდერებთან ერთად კონსულტაციებს გამართავს, ვინ შეიძლება ჩაიბაროს ხელისუფლება.
მოსახლეობის ნაწილი, რომელიც დღესაც ამ ბაზარში დადის, აცხადებს, რომ მათ აშინებთ ქვეყნის პერსპექტივა იმ შემთხვევაში, თუ მელონი გახდება პრემიერი.
ფაშისტის იარლიყი - არის ის, რასაც მელონი მთელი ძალისხმევით ცდილობს, რომ აირიდოს. ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულენოვან მიმართვებში ის ამტკიცებს, რომ ეს იდეოლოგია წარსულს ჩაბარდა.
მაგრამ ისტორია მხოლოდ პრობლემის ნაწილია ქვეყანაში, რომელსაც ომის შემდეგ გერმანიის დენაციფიკაციის მსგავსი პროცესი არ გაუვლია, რაც ფაშისტურ პარტიებს რეფორმების გატარების საშუალებას აძლევდა. 2012 წელს, მუსოლინის ფაშიზმის ფერფლიდან მელონიმ პარტია "იტალიის ძმები“ დააარსა.
პარტია ინარჩუნებს ომისშემდგომი ულტრამემარჯვენე პარტიების ლოგოს: სამფეროვანი ალი, რომელიც ხშირად აღიქმება, როგორც ცეცხლი, რომელიც მუსოლინის საფლავზე ანთია.
"ჯორჯია მელონის არ სურს ამ სიმბოლოსთან გამომშვიდობება, რადგან ეს არის ერთგვარი იდენტობა, რომელსაც ვერ გაექცევა. ეს მისი ახალგაზრდობაა", - ამბობს რომის საპიენცას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი ჯანლუკა პასარელი.
"მისი პარტია არ არის ფაშისტური, - განმარტავს ის. - ფაშიზმი ნიშნავს ძალაუფლების მოპოვებას და სისტემის განადგურებას. ის ამას არ და ვერც გააკეთებს, მაგრამ პარტიაში არის ფრთები, რომლებიც დაკავშირებულია ნეოფაშისტურ მოძრაობასთან. ეს ორი ყოველთვის იქნება ერთმანეთთან კავშირში“.
ჯორჯია მელონი 1977 წელს, რომში დაიბადა. ის ერთი წლისაც არ იყო, როდესაც მამამ ოჯახი მიატოვა და კანარის კუნძულებზე წავიდა საცხოვრებლად. მამა მემარცხენე იყო, დედა - მემარჯვენე. მის პოლიტიკურ მიმართულებას ხშირად ამ ფაქტორებს უკავშირებენ - ჯორჯიას უნდოდა მისი ცხოვრებიდან გამქრალი მამისთვის "სამაგიერო გადაეხადა და შური ეძია“.
ოჯახი საცხოვრებლად გარბატელაში გადავიდა. 15 წლის ჯორჯია ნეოფაშისტური MSI-ის ახალგაზრულ ფრთას შეუერთდა, მოგვიანებით კი მოძრაობის სტუდენტური განყოფილების პრეზიდენტი გახდა.
მარკო მარსილიო MSI-ის ოფისში შეხვედრას ატარებდა, როდესაც ჯორჯიამ კარზე დააკაკუნა. მალევე ისინი პოლიტიკური მოკავშირეები გახდნენ. დღეს მარკო რეგიონ აბრუცოს პრეზიდენტია.
"მას ლომის გამბედაობა ჰქონდა. ერთი შეხედვით სუსტი, მაგრამ ყოველთვის სერიოზული და გამბედავი. ერთხელ თუ ნახავდით, ვერასოდეს დაივიწყებდით, რადგან სტუდენტურ შეკრებებზე ის არავის აძლევდა მიკროფონს“, - იხსენებს მარკო.
წლების განმავლობაში ისინი ერთად აღნიშნავდნენ ოჯახურ დღესასწაულებს, დებატებსა და საზოგადოებრივ შეხვედრებს და მარსილიოს არასდეს გამოპარვია მისი განვითარების ეტაპები - ის სულ უფრო მეტად ძლიერი და თავდაჯერებული ხდებოდა.
2008 წელს, ჯორჯია მელონი 31 წლის ასაკში გახდა იტალიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი. სილვიო ბერლუსკონიმ ის ახალგაზრდული საქმეებისა და სპორტის მიმართულებით დააწინაურა.
2012 წელს კი , საკუთარი პარტია "იტალიის ძმები“ შექმნა, რომელმაც 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 4% მიიღო.
25 სექტემბრის არჩვენებში კი პარტია "იტალიის ძმებმა“, წინასწარი მონაცემებით, ხმების დაახლოებით 26% მოიპოვა.
მიუხედავად იმისა, რომ მელონი ცდილობდა, იტალიის დასავლელი მოკავშირეები დაერწმუნებინა, პროუკრაინული პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერაში, მისი მკაცრი კონსერვატიული სოციალური პოლიტიკა ბევრს აწუხებს.
"დიახ ტრადიციულ ოჯახს, არა LGBTQ მოძრაობას “ - ეს არის ფრაზა მისი ერთ-ერთი ხმაურიანი გამოსვლიდან. მან ასევე, მიგრანტების ნავების შესაჩერებლად ლიბიის საზღვაო ბლოკადა მოითხოვა.
"მელონი საფრთხეს წარმოადგენს არა დემოკრატიისთვის, არამედ სრულიად ევროკავშირისთვის... ის მარინ ლე პენის ან ვიქტორ ორბანის მხარესაა. იტალია შესაძლოა, გახდეს პუტინის ტროას ცხენი, რომელიც ძირს უთხრის სოლიდარობას. ის ევროპის დასუსტებას გააგრძელებს“, - განაცხადა პროფესორმა პასარელმა.
ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ მელონი ბრიუსელს ვერ დაანაწევრებს, თუმცა ის ევროკავშირს უფრო ქაოსურ ადგილად აქცევს მაშინ, როდესაც ერთიანობა ასე მნიშვნელოვანია.
2016 წლის 30 იანვარს, მანიფესტაციის დროს, რომელზეც ერთსქესიანი წყვილებისთვის ბავშვების მიშვილებს ლეგალიზაციის შესაძლებლობას აპროტესტებდნენ, ჯორჯიამ სახალხოდ განაცხადა, რომ ფეხმძიმედ იყო მეგობარი ბიჭისგან - ტელეწამყვან ანდრეა ჯამბრუნოსგან. 2016 წლის 16 სექტემბერს, წყვილს გოგონა - ჯინევერა შეეძინა. წყვილი კვლავ ერთადაა, თუმცა ამბობენ, რომ 7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგაც, დაქორწინებას არ ჩქარობენ.
"მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, ანდრეას, ჩემს ქალიშვილს, დედაჩემსა და ჩემს დას", - განაცხადა ჯორჯიამ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ.
2019 წელს მელონი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მას სდევნიდა მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, - ჯორჯიას ქალიშვილის მამა ვარ და ქალმა შვილი მომტაცაო. მამაკაცი მოგვიანებით დააკავეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს.
იხილეთ ასევე:
ავტორი: ეკა დარჩიაშვილი