ავტორი:

"კიდევ კარგი ბაბუას დავუჯერე... ჩემი მწვრთნელი კი მამაა" - მსოფლიო ჩემპიონი, რომელსაც არაერთი გატაცება აქვს და მსახიობობას აპირებს

"კიდევ კარგი ბაბუას დავუჯერე... ჩემი მწვრთნელი კი მამაა" - მსოფლიო ჩემპიონი, რომელსაც არაერთი გატაცება აქვს და მსახიობობას აპირებს

მიუხედავად პატარა ასაკისა, მან თავისი სიტყვა უკვე თქვა ქართულ სპორტში. 18 წლის ჩემპიონი ნიჩბოსანი გვპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს საქართველოში კანოეს პოპულარიზაციისთვის. ჩემგან მეორე ადგილს აღარავინ ელისო, - მეუბნება და გვარწმუნებს, რომ არც არავის დაუთმობს პირველობას მომავალ ჩემპიონატებში.

სულ ახლახან, უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 18 წლის ალექსანდრე წივწივაძე კანოე სპრინტში მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი - ქართველმა სპორტსმენმა 500-მეტრიან დისტანციაზე ტიტულის შენარჩუნება მოახერხა.

9 წლისა იყო, როცა ტრადიციას არ უღალატა და მესამე ნიჩბოსნად ჩაეწერა ოჯახში. თავიდან თუ უხალისოდ დაჰყაბულდა მწვრთნელი ბაბუას სურვილს, როცა გამარჯვების გემო გაიგო, თანდათან მიხვდა, რომ საჭირო დროს სწორ ადგილას მოხვდა. "თავიდან ძალიან გამიჭირდა, ყველაზე გვიან ჩავჯექი ნავში... სიმართლე გითხრათ, წყლისაც მეშინოდა. ყველაზე ცუდი სპორტსმენი ვიყავი. მერე რაღაც პატარ-პატარა ჩემპიონატები მოვიგე, რამაც საბოლოოდ, სპორტის გაყოლის სურვილი გამიჩინა. დღეს ნიჩბოსნობა ჩემი განუყოფელი ნაწილია და უმისოდ არსებობა ვერც წარმომიდგენია“, - ამბობს ალექსი და საუბარს, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან იწყებს:

  • "სპორტზე ბაბუს სურვილით შემიყვანეს"

"2004 წლის 22 იანვარს დავიბადე რუსთავში. თავდაპირველად, ქალაქის მე-4 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ გადავედი და დავამთავრე კერძო სკოლა - "რეცა“.. მამაც და ბაბუაც ნიჩბოსნები არიან და ტრადიციულად, მეც ამ სპორტს გავყევი, მესამე თაობა ვარ. ნიჩბოსნობაზე 9 წლისა შევედი და სერიოზულად ვარჯიში 11 წლისამ დავიწყე, ეს ბაბუს სურვილი იყო - ალექსანდრე უფროსის. ბავშვობაში ჯანმრთელობის პრობლემებიც მქონდა და ამის გამო უფრო დამაკავეს სპორტით. მშობლებს არ უნდოდათ, მაგრამ ბაბუას სურვილს დაყაბულდნენ, მისმა აზრმა გაიმარჯვა. ნიჩბოსნობა ისედაც მაინტერესებდა, მამას და ბაბუას დავვყვებოდი და ვუყურებდი, სხვები როგორ ვარჯიშობდნენ. ინტერესი მქონდა, თუმცა არა - სურვილი. მერე, როცა გამარჯვების გემოც გავიგე, ეს სპორტი ჩემი განუყოფელი გახდა. ვარჯიშით რუსთავის ცენტრალურ პარკში ვვარჯიშობდი, კილომეტრიან ხელოვნურ ტბაზე.

ცოტა არ იყოს, სპორტმა სწავლაში ხელი შემიშალა - ბავშვობიდან დღეში 5 საათს ვვარჯიშობდი, თავი მქონდა გადადებული, ამიტომაც სპორტს სწავლას დიდად ვერ ვუთავსებდი. მაინც ვცდილობდი რაღაცას და მასწავლებლებიც ხელს მიწყობდნენ.. როგორც ჩანს, პასუხისმგებლიანი ადამიანი გავჩნდი, რამეს რომ ვიტყოდი, ვიდრე არ გავაკეთებდი, ვერ ვისვენებდი.

სკოლა დავამთავრე და ვერ მოვახერხე სწავლის გაგრძელება. წელს სხვა მიზნები მქონდა, არა უშავს, სწავლა არსად გამექცევა. წელს დავიწყებ ამისათვის სერიოზულ მომზადებას. დიდი სურვილი მაქვს, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარო.

  • "ყველაზე ცუდი სპორტსმენი მე ვიყავი"

გამოუცდელი სპორტსმენი ვიყავი და თავიდან ძალიან გამიჭირდა, რაღაცეებს ვერ ვეგუებოდი, ყველაზე გვიან ჩავჯექი ნავში... სიმართლე გითხრათ, წყლისაც მეშინოდა... ერთი წელი მომინდა, ერთიანზე გავსულიყავი, ყველაზე ცუდი სპორტსმენი მე ვიყავი. მერე რაღაც პატარ-პატარა ჩემპიონატები იყო, მოვიგე, რამაც საბოლოოდ, ვარჯიშის გაგრძელების სურვილი გამიჩინა. 13 წლისა ვიყავი, როცა ფოთში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. 500 - მეტრიანზე უფროს ასაკისას გავასწარი და მოვუგე მაშინ, როცა ჩემს გამარჯვებას არავინ ელოდა (არც მე ველოდი, სხვათა შორის), რაღაც საოცარი გრძნობა იყო... მერე ნელ-ნელა, ეტაპობრივად, მომიწია საქართველოს ჩემპიონატის მოგებამ, კანოეს ეროვნულმა ფედერაციამ უცხოეთში წამიყვანა და მეც იმედი არ გამიცრუებია - პირველივე შეჯიბრზე, საერთაშორისო ტურნირზე სლოვაკეთში (ბრატისლავაში) სამი პირველი ადგილი დავიკავე. ეს იყო შედარებით დაბალი დონის შეჯიბრი, შემდეგ იყო უკვე ოლიმპიადები, რაც იმ ასაკში, ჩემთვის დაახლოებით მსოფლიო ჩემპიონატის ტოლფასი იყო. იქაც ბევრი წარმატება მოვიპოვე, სულ პირველი ადგილები. 15 წლის ვიყავი, როცა ევროპის ჩემპიონატზე პირველად წამიყვანეს, მეხუთე ადგილზე გავედი. გამოუცდელი ვიყავი, იქ ჩემზე უფროსები, 18 წლისები ასპარეზობდნენ. ამის შემდეგ იყო პანდემია, რის გამოც 1 წელი ჩავარდა, ყველაფერი გაჩერდა... შარშან, ევროპის ჩემპიონატზე გავიმარჯვე, მერე - მსოფლიოზეც. ევროპა პოლონეთში ჩატარდა, მსოფლიო კი - პორტუგალიაში. წელს მსოფლიო ჩემპიონატი უგრეთში, ევროპისა კი სერბეთში იყო. ორივეზე პირველი ადგილი დავიკავე, ჩემგან მეორე ადგილს უკვე აღარავინ მოელის (იცინის), რაც დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს.

  • "ჩემი მიღწევები მამას დამსახურებაა"

"ჩემი მწვრთნელი უშუალოდ მამა - გია წივწივაძეა, რაც ნამდვილი საშინელებაა (იცინის), იმიტომ, რომ მამა ჩემგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს, ვარჯიშზეც და სახლშიც სულ კონტროლის ქვეშ ვყავდი, რაც ძალიან რთული იყო. მამა, ზოგადად, ძალიან მომთხოვნია და ალბათ ამის დამსახურებაა ჩემი მიღწევა - შედეგები. ეს წელი დასრულდა, მომავალ წელს იქნება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები და, დიდი ალბათობით, მონაწილეობას მივიღებ აბსოლიტურ ასაკში, 23 წლიანებში. პარიზის თამაშები იქნება და მანდ გასასვლელი ოლიმპიური ლიცენზიაც უნდა მოვიპოვო, აუცილებლად.

  • "მსახიობობა მინდა"

ბევრი გატაცება მაქვს. ვუკრავ გიტარაზე, ფორტეპიანოზე, ვთამაშობ და ძალიან მომწონს ფრენბურთი, პინგ-პონგი, თავისუფალ დროს ვცურავ და რა ვიცი, კიდევ რას ვაკეთებ... მიყვარს მრავალფეროვნება და სულ რაღაც ახლის ძიებაში ვარ. მამა ხალხურ ანსამბლ "მერუსთველიში" მღერის. სამწუხაროდ, მე ვერ ვმღერი, სმენა კი მაქვს, მაგრამ ვოკალი არ მივარგა. მსახიობობა მინდა... როგორც მეუბნებიან, განსხვავებული ტიპაჟი ვარ და, ვფიქრობ, მომიხდება. ქუჩაში რომ გავდივარ, ბევრს ქართველი საერთოდ არ ვგონივარ, დრედები, ბლანჟე, ჩაცმის ჩემებური სტილი მაქვს... სულ ყურადღების ცენტრში ვარ და, რა დაგიმალოთ, ეს ძალიან მომწონს. ვფიქრობ, მსახიობობის იდეა და სურვილიც აქედან წამოვიდა. მსახიობი თუ გავხდი, დეტექტივის ჟანრის ფილმებში ვხედავ ჩემს თავს.

  • "ეს საოცარი ემოცია იყო"

მსოფლიო ჩემპიონატზე მამა მახლდა და ერთი თანაგუნდელი. 500-მეტრიანზე მთელი 1 მეასედით გავასწარი მეორე ადგილზე გასულ ესპანელს და როცა შეჯიბრი დასრულდა, 5 წუთით ყველანი გაურკვევლობაში ვიყავით, ვერ მივხვდი, პირველზე გავედი, თუ - მეორეზე. მერე უკვე, როცა გამოაცხადეს და ჩემზე დაიწერა, მსოფლიო ჩემპიონი მოდისო, საოცარი ემოციები იყო, მამა სიხარულისგან ატირდა. ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება. ზოგადად, როცა ამდენს შრომობ, გინდა, დაგიფასდეს კიდეც. არის მოგების ჟინიც. ეს სპორტი ჩემი საქმეა და სამსახური, რომლითაც სიამოვნებას ვიღებ. კიდევ კარგი, ბაბუს დავუჯერე.

  • "დედამ შემომატრიალა სპორტისკენ"

ყველა სპორტსმენს აქვს ისეთი მომენტი, როცა წასვლა-დარჩენაზე ფიქრობს, მით უფრო, კარანტინის პერიოდში. ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო, ვვარჯიშობდი და არ ვიცოდი, რისთვის, არც შეჯიბრება, არც არაფერი... ძალიან დამთრგუნველი იყო, ყოველი დღე რუტინასავით გახდა, ვარჯიში - არაფრისთვის. მაშინ დავფიქრდი სპორტიდან წასვლაზე, მაგრამ დედამ შემომატრიალა უკან. ბევრი ვისაუბრეთ, დედის საუბარი და შეგონებები ჩემზე კარგად მოქმედებს.

  • "მთავარია მყარი ფსიქოლოგია და ბრძოლის ჟინი"

ნიჩბოსნობა საქართველოში დიდად პოპულარული არ არის. იმედი მაქვს, ამიერიდან გახდება. ნიჩბოსანს ყველაზე მეტად სჭირდება მყარი, ძლიერი ფსიქიკა, ამასთან, სწორედაც ქართული სული უხდება ამ სპორტს. თავიდან თუ ვიღაც გასწრებს, ამ დროს ხელი არ უნდა ჩაიქნიო, ბოლომდე უნდა გახვიდე და იფიქრო, რომ გაასწრებ და ბოლოს გაიმარჯვებ. მშვიდი უნდა იყო, არ უნდა აღელდე და თუ ნერვებს აჰყევი, წინ საერთოდ ვეღარ ივლი. მყარი ფსიქიკა, გაწონასწორებულობა და ბრძოლის ჟინი - ესაა მთავარი ნიჩბოსნისთვის, ჩემი აზრით..

  • ალექსი ძალიან სერიოზულია

ოცნებები არ მაქვს, მაქვს მიზანი - მსოფლიო ჩემპიონი უფროსებშიც გავხდე. ალექსი, ჩემი აზრით, არის ძალიან სერიოზული, რაც, სიმართლე გითხრათ, არ მომწონს, მაგრამ რას ვიზამთ... ალექსს აქვს კარგი იუმორის გრძნობა, არის მებრძოლი სულის, არასდროს ნებდება და ყოველთვის პასუხობს გამოწვევებს. მას უყვარს თავგადასავლები, სიახლეები, ახალ-ახალი აღმოჩენები. თუ რაღაცას ვერ აღწევს, უფრო უჩნდება გამარჯვების ჟინი და ეს ეხმარება ბევრ რამეში. ჩემი მონაპოვარი? - 18 წლამდე ასაკში 6 მედალი მოვიპოვე, სამი პირველი ადგილი ევროპის ჩემპიონატზე და ერთი მესამე ადგილი 200-მეტრიანზე (ეს არავინ იცის) და მსოფლიო ჩემპიონატზე 2 პირველი ადგილი. ამ ეტაპზე ესაა ჩემი ყველაზე დიდი მიღწევები. ეს იყო ჩემი ბოლო წელი იუნიორებში, უკვე 23-წლიანებში გადავდივარ და წინ ბევრია მოსაპოვებელი.