ქრისტინე დე ბაგრატიონ-მუხრანელს მამა გარდაეცვალა. ქართული სამეფო ოჯახის წევრი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
"გარდაიცვალა ჩემი მამა თემურ ძიძიგური, 64 წლის ასაკში. ვერც კი ვიჯერებ, სიტყვების წარმოთქმაც მიჭირს. მამა იყო ცნობილი ყელ-ყურ ცხვირის ექიმი და ქირურგი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, უმაღლესი კულტურის და განათლების მქონე ადამიანი, რომელიც ყველას საოცრად უყვარდა. იგი ასევე იყო მთამსვლელი, ძალიან უყვარდა მთაში სიარული, სადაც ნანახს მის მიერ შექმნილი ნახატებით და ფოტოსურათებით აღბეჭდა, შემდეგ კი გამოფენებზე ყველას უზიარებდა.
საქართველოში თითქმის ყველა მთა ფეხით მოვლილი ჰქონდა და მეტყოდა ხოლმე "არ არსებობს ბუნებაზე დიდი ხელოვანიო“. დიდ პატივს სცემდა ხელოვნებას, უკრავდა სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, მღეროდა და ასევე ქმნიდა მუსიკალურ კომპოზიციებს. მამა გერქვას შენი შვილი ეს ყველაზე საამაყოა, შენ ჩვენ ყველას დაგვიტოვე ის ღირსეული სახელი, რომელიც მთელი ცხოვრება გაგვყვება საამაყოდ, დიდ მადლობას გიხდი ამისთვის. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი".
სიმამრის გარდაცვალების შესახებ წერს ქრისტინეს მეუღლეც ხუან ბაგრატიონ მუხრანელი:
"ძვირფასო თემურ, სამუდამოდ მადლობელი ვიქნები, რომ შენი ქალიშვილი ქრისტინე მყავს ცოლად და შენი ვაჟი ზურაბი ჩემს ძმად. შენ რჩები ჩვენს გულებში. ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მთელ ოჯახს და ძვირფას ადამიანებს. მშვიდობით განისვენეთ უფალთან".